ნათელა
სვანიძე

ნათელა სვანიძე

(1926 – 2017)

 

ნათელა სვანიძე, ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. 60–იანელთა თაობის ერთ–ერთი გამორჩეული შემომქმედი. კომპოზიტორი, რომელიც არ მიიღო საბჭოთა სისტემამ და ამის მიუხედავად, შესძლო მსოფლიო მუსიკალური ტენდენციების გათავისება, ფეხდაფეხ აყოლა. დღეს მისი შემოქმედება ცნობილია უკვე მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1981), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

 

დაბადების თარიღი –  22 აგვისტო, 1941

დაბადების ადგილი – ქ. ახალციხე, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 02 ივნისი 2011

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1951 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი, ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით;

1956 –  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებელი;

1969 წლიდან –  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი;

1989 წლიდან –  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი;

1991 წლიდან –  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი;

დაწერილი აქვს 4 სიმფონიური პოემა: “სიმფონიური ცეკვები”, “სამგორი”, “ყვარყვარე”, “ბურლესკა, 2 სიმფონია, ორატორიები “ფიროსმანი” და “ქართული ლამენტაციები”, ოპერა “გაულ გავხე”, მონოდრამა…

 

ჯილდოები და აღიარება

1959 – თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი

1951 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

1981 – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

 

ნათელა სვანიძე

(1926 – 2017)

 

რჩეული ნაწარმოებები

საორკესტრო მუსიკა

1949 – „სიმფონიური ცეკვები“

1951 – „სამგორი” – სიმფონიური პოემა

1963 – „ყვარყვარე“ – სიმფონიური პოემა

1965 – „ბურლესკა – ფორტეპიანოს, სასულე და დასარტყამი საკრავებისვის“

1967 – სიმფონია ფორტეპიანოს, სიმებიანებისა და დასარტყამი საკრავებისათვის

1968 – სიმფონია-ბალეტი სიმფონიური ორკესტრისათვის

1983 – სიმფონია

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1954 – „ქართლის ბაღი“ – კანტატა – შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – გ. ლეონიძე)

1970 – „ფიროსმანი“ – კამერული ორატორია – მკითხველის, კონტრალტოს, მამაკაცთა სექსტეტისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის – (ტექსტი – პ. ანტოკოლსკი, ტ. ტაბიძე)

1974  – რეკვიემი

1975 – „არდავიწყების პოემა“ („ქართული ლამენტაციები“) – ორატორია – მკითხველის,  ქალთა სექსტეტის,  გუნდის, ორგანის, ვიოლინოს,  ფლეიტის, 12 ვიოლონჩელოსა და მაგნიტური ფირისთვის – (ტექსტი – ჯ. ჩარკვიანი)

 

1952 – „ზოია“ – ბალადა ბანისა და ფორტეპიანოსათვის

1954 – „განთიადი“ – ქალთა გუნდისთვის – a Cappella

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1956 – იმპროვიზაცია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1954 – „ზღაპარი“ –  ვარიაცია ფორტეპიანოსათვის

1972 – „წრე“ – ორი ფორტეპიანოსათვის

ნათელა სვანიძე

(1926 – 2017)

 

რაც დრო გადის,   ნათელა სვანიძის შემოქმედების მიმართ ინტერესი უფრო  და უფრო იზრდება. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ის  ერთ-ერთი  კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებითი მოღვაწეობაც საბჭოთა მენტალიტეტის საპირისპიროდ მიემართებოდა და იმ დროისათვის არაპოპულარული შემოქმედი, დღეს „ნონკონფორმისტად“ იწოდება. მისი მუსიკალური მემკვიდრეობის  მიმართ ინტერესი უწინარესად განპირობებულია ნაწარმოებთა აქტუალურობით, კომპოზიტორის ინდივიდუალურობისა და საინტერესო მიგნებების გაცნობიერების სურვილით.

მუსიკოლოგიაში აღინიშნება ნათელა სვანიძის შემოქმედებითი ცხოვრების ორი ეტაპის შესახებ. პირველი – ადრეული ეტაპი,  როდესაც მისი შემოქმედებითი მრწამსი  რომანტიკული მუსიკის სტილისტიკას ემყარება და მეორე – ახალი ეტაპი, რომლის დასაწყისიც კომპოზიტორის ევროპაში  მოგზაურობას უკავშირდება. როგორც მისი შემოქმედების მკვლევარი, მუსიკოლოგი მარიკა ნადარეიშვილი აღნიშნავს: „1963 წლიდან კარდინალურად შეცვლილი მისი სტილი XX საუკუნის ევროპული საკომპოზიციო ტექნიკის ახალ ტიპებს  და შესაბამისად, ამ დროისათვის საბჭოური ორიენტაციისგან დაშორებულ თემატიკას, მუსიკალურ ენას ეფუძნება“. აქედან მოყოლებული იზრდება და ფართოვდება კომპოზიტორის მუსიკალური თვალსაწიერი და ყალიბდება ახალი მსოფლხედვა, სამყაროს განსხვავებული აღქმა. მისი  მუსიკალური ინტერესების ფართო სპექტრში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო ავანგარდი კომპოზიტორების: შონბერგის, ვებერნის,  ბულეზის, ლიგეტის, ლუტოსლავსკის, ბერიოს ნოვატორული მიგნებები.

პირველი მასშტაბური ნაწარმოები, რომელიც წარმოაჩენს ავტორის ავანგარდულ მისწრაფებას  არის  სიმფონია N1  ფორტეპიანოს, სიმებიანი და დასარტყამი საკრავებისათვის (1965). აქ ავტორი ეყრდნობა ვენის ახალი სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის, არნოლდ შონბერგის მონაპოვარს – სერიულ სისტემას, რომლის ეროვნულ საწყისთან შერწყმის საფუძველზეც მოვლენებს მძაფრად წარმოსახავს. ეს არის პირველი ქართული სიმფონია, დამყარებული სერიულ პრინციპზე.

ნათელა სვანიძე კონცეპტუალური აზროვნების შემოქმედია. მისი ნაწარმოებების იდეური შინაარსი და შესაბამისი ფორმა, ხშირ შემთხვევაში ორიგინალურად გააზრებული, მეტყველებს იმაზე, რომ ავტორისეულ რადიკალიზმს მისი საერთო მსოფლხედვა განაპირობებს. ამ მხრივ კომპოზიტორის დამოკიდებულებას სამყაროსადმი  მკაფიოდ გამოხატავს  კამერული ორატორია „ფიროსმანი“ ბარიტონის, კონტრალტოს,  ვოკალური სექსტეტის, მკითხველის,  და კამერული ორკესტრისათვის (1970).

ნათელა სვანიძე, მიმართავს რა დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის,  მისი მიუსაფრობის თემას, გარე სინამდვილისადმი დაგროვილი შინაგანი პროტესტის გამოხატვის საშუალება ეძლევა.  ამითაც აიხსნება მისი უკიდურესი რადიკალიზმი,   სწრაფვა ექსცენტრიული ჟღერადობისაკენ. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ცნებების თანაარსებობად აღიქმება მისი პოლისტილისტური ხერხებისადმი ლტოლვა,  კლასიკური და ავანგარდული ელემენტების მრავალფეროვან კონტექსტში  ქართული საგალობლის მოტივის წინა პლანზე წამოწევა. საერთოდ, ეროვნული პლასტებისა  და სერიული სისტემის შერწყმა  კომპოზიტორის  ერთ-ერთ მახასიათებელ პრინციპად რჩება ბოლომდე.

დროთა განმავლობაში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება  ნათელა სვანიძის  გამომსახველ ხერხთა არსენალი, რომელიც XX საუკუნის მსოფლიო მუსიკალური ტენდენციების მონაპოვრებისგან შედგება: ავტორი კვლავ ერთგულია სერიული  სისტემის, ამავე დროს მიმართავს ალეატორიკის, სონორისტიკის,  პოლისტილისტიკის, ელექტრონული მუსიკის პრინციპებს.

აღსანიშნავია მის ნაწარმოებებში ვოკალური რეჩიტაციის ხერხის – Sprechstimme-ს აქტიური გამოყენება, XX საუკუნის ავანგარდისტი კომპოზიტორების მიერ დამკვიდრებული პრინციპის  ქართულ საფუძველთან სინთეზირება.

მნიშვნელოვანია ბოლო წლებში კომპოზიტორის  მსოფლაღქმაში მიმდინარე მეტამორფოზა. მისი ნაწარმოებების ქრონოლოგია მიგვანიშნებს ავტორის სწრაფვაზე თვითჩაღრმავებისაკენ, ყოფიერების არსის შეცნობისაკენ. ნათელა სვანიძის  ფილოსოფიური ნააზრევის გამოხატულებას წარმოადგენს პიესა „წრე“  ორი ფორტეპიანოსათვის (1972). ნაწარმოები, რომელიც დროის წრებრუნვას, ჟამთასვლას, აგრეთვე ცხოვრებისული ორომტრიალის წარმოსახვას ახდენს, საინტერესოა   ფორმის თვალსაზრისითაც. სერიულ პრინციპზე დაფუძნებული  ვარიაციების დინამიკური  განვითარება მიიღწევა  აკუსტიკური, მეტრო-რიტმული კონტრასტებით.

კომპოზიტორის მსოფლმხედველობაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს სიკვდილ-სიცოცხლის თემის ტრაგიკული განცდა და საბოლოოდ ამ მარადიული საკითხის ფილოსოფიური განზოგადება. ეს იდეა გასდევს ორატორიული ტიპის  ნაწარმოებს – „ქართული ლამენტაციები“ – მკითხველის, შერეული გუნდის, ქალთა ვოკალური სექსტეტის, ვიოლინოს, ალტ-ფლეიტის, ორგანის, 12 ვიოლონჩელოსა და ელექტროფირისათვის, ჯანსუღ ჩარკვიანის ტექსტზე (1974). ეს ქმნილებაც  ინტერესს იწვევს  მუსიკალური ენის, ტექნოლოგიური არსენალის, დრამატურგიის თვალსაზრისით,  სადაც უძველესი  ეროვნული საგუნდო პოლიფონიური ხერხების, ფოლკლორული ინტონაციების გვერდით მოქმედებს  სერიული  პრინციპი და ელექტრონული მუსიკის ელემენტები.

ნათელა სვანიძის შემოქმედების კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს  მონოდრამა „გულიდან სისხლის წვეთები“ ქალის ხმის, 2 ფორტეპიანოს, დასარტყამი საკრავების (პედლიანი დაფი და პატარა თეფში) და 3 მაგნიტოფირისათვის (2000).  ნაწარმოები ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვლილ ერთადერთ ქალიშვილს,  უნიკალური ხმით დაჯილდოებულ საოპერო მომღერალს მაია თომაძეს. მძაფრი განცდებით  დამუხტული ნაწარმოები  ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე ტემბრული ეფექტებით, ემოციური ტალღების ნაკადზე დამყარებული დრამატურგიით. სამყაროსადმი ავტორის მისტიკური დამოკიდებულება ხაზგასმულია ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის პოეზიისადმი მიმართვით. „გულიდან სისხლის წვეთები“, გარკვეული თვალსაზრისით,  შეიძლება ერთგვარი გამოძახილია არნოლდ შონბერგის მონოდრამისა „მოლოდინი“, მაგრამ იგი წარმოადგენს ქართულ ნიადაგზე დაყრდნობილ სრულიად ორიგინალურ ნიმუშს.

კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის სიტყვებით „ნათელა სვანიძეს მუდამ იზიდავდა თავისუფლებისაკენ, თანამედროვეობისკენ, ეროვნული იდენტობის გამოხატვისკენ სწრაფვა. მისი მუსიკა დღეს გვაოცებს სიმამაცითა და გულწრფელობით“.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე