ალექსი
მაჭავარიანი

ალექსი მაჭავარიანი

(1913 – 1995)

 

ალექსი მაჭავარიანი – გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე მწერალი და პოეტი – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სსრკ–ს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს და სსრკ კომპოზიტორთა კავშირის წევრი…

ალექსი მაჭავარიანი ქართული პროფესიული მუსიკის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თავისი მრავალფეროვანი მუსიკალური მემკვიდრეობით მან გაამდიდრა ეროვნული მუსიკის საგანძური. ა. მაჭავარიანს, როგორც ძლიერი შემოქმედებითი ინდივიდუალობის, დიდი ერუდიციის მუსიკოსს, იცნობენ და აფასებენ არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც.

 

დაბადების თარიღი –  23 სექტემბერი, 1913

დაბადების ადგილი – გორი, საქართველო;

გარდაცვალების თარიღი – 31 დეკემბერი, 1995

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1936 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია;.

1934 –1939 – ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე;

1939 წლიდან –  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის პედაგოგი;

1963 –  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი – კომპოზიციის მიმართულებით;

 

ოჯახი

მეუღლე – ქეთევან პაჭკორია–მაჭავარიანი

შვილი – ვახტანგ მაჭავარიანი – კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი

 

ჯილდოები და აღიარება

1951 – სსრკ სახელმწიფო პრემია

სავიოლინო კონცერტისთვის

1971 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ვოკალურ–სიმფონიური ციკლისთვის „5 მონოლოგი“

1974 – ბრაინდენზეს ხელოვნების გალერეის დიდი ოქროს მედალი

ბალეტისთვის „ოტელო“

კირილეს და მეთოდეს ორდენის კავალერი (ბულგარეთი)

ბალეტისთვის „ვეფხისტყაოსანი“

1950 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1958 – სსრკ სახალხო არტისტი

 

1963 – საპატიო ნიშნის ორდენი

1966 – ლენინის ორდენი

1973 – შრომის წითელი დროშის ორდენი

1995 – ღირსების ორდენის კავალერი

 

საბჭოთა კავშირის VI–VII მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1962–1972)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1962–1968)

საქართველოს კულტურის სამინისტროს გამგეობის წევრი

სსრკ კულტურის სამინისტროს საბალეტო ხელოვნების სამხატვრო საბჭოს წევრი

სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი

სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი

პ. ჩაიკოვსკის კონკურსის სახელობის შემსრულებელთა I, II, III  კონკურსების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ჟიურის წევრი და მუსიკალური განყოფილების თავმჯდომარე;

ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამგეობის წევრი

ფილარმონიის სამხატვრო საბჭოს წევრი

შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი

კინოსტუდია „ქართული ფილმი“ სამხატვრო საბჭოს წევრი

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ორი მოწვევის

 

 

ალექსი მაჭავარიანი

(1913 – 1995)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

1945 – „დედა და შვილი“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. მაჭავარიანი)

1979 – „ჰამლეტი“ –  ოპერა 2 მოქმედებად და 7 სურათად – (ლიბრეტო – გ. მელივა, ა. მაჭავარიანი)

1991 – „მედეა“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. მაჭავარიანი)

 

1957 – „ოტელო“ –  ბალეტი 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. ჭაბუკიანი)

1973 – „ვეფხისტყაოსანი“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ი. გრიგოროვიჩი)

1989 – „ჭირვეულის მორჯულება“ –  ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – დ. ბრიანცევი, ა. მაჭავარიანი)

1992 – „ფიროსმანი“ –  ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. მაჭავარიანი)

1979 – „ბაღლინჯო“ – მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – თ. აბაშიძე, გ. ჩარკვიანი)

 

საორკესტრო მუსიკა

1947 – სიმფონია N1

1972 – სიმფონია N 2

1983 – სიმფონია N 3

1983 – სიმფონია N 4 – „ახალგაზრდული“

1986 – სიმფონია N 5 – „უშბა“

1987 – სიმფონია N 6 – „პრომეთე –  ამირანი“

1989 – სიმფონია N 7 – „გელათი“ – გუნდის, ორკესტრისა და სოლო მეცო სოპრანოსთვის

 

1936 – „ელეგია“ – სიმფონიური სურათი

1939 – „მუმლი მუხასა“ – სიმფონიური პოემა

1950 – „საზეიმო უვერტიურა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1967 –  „ქართული საზეიმო უვერტიურა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1988 – სიმფონიური სიუიტა ოპერა „ჰამლეტის“ მიხედვით

 

1944 – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის

1949 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1987 – კონცერტი ჩელოსათვის და სიმებიანი ორკესტრისათვის

 

1936 – სკერცო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის

1939 – „ლეკური“ – ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1977 – სიმებიანი კვარტეტი N 1

1978 – სიმებიანი კვარტეტ N 2

1978 – სიმებიანი კვარტეტი N 3

1984 – სიმებიანი კვარტეტი N 4

1993 – სიმებიანი კვარტეტი N 5

1993 – სიმებიანი კვარტეტი N 6

 

1947 –  „ხორუმი“ –  ფორტეპიანოსათვის

1955 – 4 პიესა – ფორტეპიანოსათვის

1958 – „ბაზალეთის ტბა“ –  ფორტეპიანოსათვის

1960 – 7 პიესა ფორტეპიანოსათვის – ბალეტის „ოტელო“ თემებზე

1962 – 33 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის

1963 – 6 პიესა ფორტეპიანოსათვის – ბალეტის „ოტელო“ თემებზე

1968 – 7 ქართული საგალობელი

1971 – „იმპროვიზაცია“ – ფორტეპიანოსათვის

1972 – პრელუდია და ფუგა – ფორტეპიანოსათვის

1975 – 12 პიესა – ფორტეპიანოსთვის

1976 – 2 პიესა – ორი ფორტეპიანოსათვის – ბალეტიდან „ოტელო“

1977 –  „ქართული ფრესკები“ – პიესების ციკლი ფორტეპიანოსათვის – ეძღვნება ლექსო თორაძეს

1978 – 4 ფრაგმენტი ბალეტიდან „ოტელო“ –  ორი ფორტეპიანოსათვის

 

1978 – „ქართული ცეკვა“ – ფორტეპიანოსათვის

1979 – „ფიროსმანის სადიდებლად“ – ფორტეპიანოსათვის

1979 – „პარიზული ჩანახატები“ – პიესების ციკლი ფორტეპიანოსათვის

1985 – საფორტეპიანო სონატა N 1

1985 – საფორტეპიანო სონატა N 2

1985 – 6 საფორტეპიანო პიესა

1985 – „პარიზული ჩანახატები“ – პიესების ციკლი ფორტეპიანოსათვის

1990 – „დედა ენა“ – 16 პიესა ფორტეპიანოსათვის

 

1962 – 4 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1962 – ვარიაციები დეზდემონას თემაზე ბალეტიდან „ოტელო“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1963 – „ვალსი“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1975 – 6 პიესა ბალეტიდან „ოტელო” –  ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის

1979 – „ღამე“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის ბალეტიდან „ოტელო“

1982 – „ვალსი“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1985 – 6 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1987 – 2 პიესა სოლო ვიოლინოსათვის – „ლაზური“, „მესხური“

1987 – 6 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1989 – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1991 – თემა ვარიაციებით ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1992 – 8 პიესა ვიოლინოსა და ფ-ნოსათვის

1992 – 3 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის – „თურქულ კაფეში“, „ფრანგი ბალერინას ცეკვა“, „ქართული ცეკვა“

1992 – ლაზური ფრესკა და აღმოსავლური ფრესკა – სოლო ვიოლინოსთვის

1975 – 4 პიესა – ჩელოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით – ბალეტიდან „ოტელო”

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1948 – „გმირის სიკვდილზე“ – სიმფონიური პოემა გუნდისა და ორკესტრისათვის

1955 – „ჩემი სამშობლოს დღე“ – ორატორია სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის

1964 – ხუთი მონოლოგი ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1984 – „დედა ენა“ –  კამერული ორკესტრისა და ბავშვთა გუნდისათვის

1995 – სიმღერები ბავშვთა გუნდისა და კამერული ორკესტრისათვის

 

ვოკალური მუსიკა

1946 – „არსენა“ – ბალადა-პოემა – სოლისტების, გუნდისა და a cappella

1974 – „დოლური”

1977 – „გორის პოემა“

1977 – „შენ აქ ხარ“

1994 – ლაზური ფრესკა ხმისა და ფ-ნოსათვის

1952 –  „ოროველა“ – საგუნდო სიმღერა

1953 – „არსენა“ – საგუნდო სიმღერა

1958 – საგუნდო სიმღერები

1958 –  „დოლური“ – საგუნდო სიმღერა

1965 – ხუთი მონოლოგი ვაჟა ფშაველას ლექსებზე – ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის

1968 – 4 ბალადა ბანისა და ფორტეპიანოსათვის

1973 – 22 სიმღერა

1974 – 15 საგუნდო სიმღერა

1975 – სამი საგუნდო სიმღერა

1977 – 14 ვოკალური კომპოზიცია

1978 – გორული პოემა ქალთა გუნდისათვის

1979 – 16 საგუნდო სიმღერა

1980 – 11 სიმღერა ბანისა და ფორტეპიანოსათვის

1980 – 11 სიმღერა და ბალადა ნ. ბარათაშვილის ლექსებზე

1980 – 6 სიმღერა გ. ტაბიძისა და ა. მაჭავარიანის ლექსებზე

1985– 16 საგუნდო სიმღერა

1986 – რომანსი  „საყურე“ – სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის

1987 – „ჩვენ მშვიდობა“ –  შერეული გუნდისთვის

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

ფილმოგრაფია

1940 – „ქალიშვილი გაღმიდან“ – რეჟისორი – ლეო ესაკია

1941 – „ქაჯანა“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი

1942 – „ხიდი“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი, შოთა მანაგაძე

1945 – „ოქროს ბილიკი“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი

1947 – „აკაკის აკვანი“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი

1956 – „ორი ოკეანის საიდუმლოება“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი

1958 – „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე …“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი

1959 – „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ – რეჟისორი – კონსტანტინე პიპინაშვილი

1963 – „გენერალი და ზიზილები“ – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი

 

ფილმი-ბალეტი

1960 – „ოტელო“ – რეჟისორი – ვახტანგ ჭაბუკიანი

 

დოკუმენტალისტიკა

2005 – „დედა ღვთისმშობელი“ – რეჟისორი – მერაბ გაგუა

ალექსი მაჭავარიანი

(1913 – 1995)

 

ალექსი მაჭავარიანის ქმნილებებით ქართულ პროფესიულ მუსიკაში ახალი ფურცელი გადაიშალა, აღსავსე შთაგონებით, პოეტურობით, არტისტიზმით. ქართული მუსიკის ერთ-ერთი პირველი აღიარება საერთაშორისო სარბიელზე სწორედ კომპოზიტორის შემოქმედებით ნიმუშებს უკავშირდება. მისი ნაწარმოებები, დღესაც იზიდავს და ხიბლავს  სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების შემსრულებლებს, მსმენელებს, მკვლევარებს.

ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება  ჟანრულად მრავალფეროვანია. კომპოზიტორი მუსიკალური ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრს შეეხო და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ არის სრულად გამომზეურებული.

მაჭავარიანის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, სადაც  მკვეთრად გამოვლინდა  კომპოზიტორის ინდივიდუალური  თვისებები,  არის  საფორტეპიანო  პიესა –  „ ხორუმი“ (1939 წ.). ეს ქმნილება, რომელიც თავისი წარმომავლობით დასავლეთ საქართველოს კუთხის – აჭარის ხალხური საცეკვაო ნიმუშიდან იღებს სათავეს, იქცევა  გარკვეულ საფუძველად   მაჭავარიანის შემდგომი მნიშვნელოვანი თხზულებებისათვის,  რამდენადაც ეროვნული საცეკვაო, რიტმო-ინტონაციური პლასტი მაჭავარიანის საკომპოზიტორო ხელწერის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი ხდება.

მაჭავარიანის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, სადაც  მკვეთრად გამოვლინდა  კომპოზიტორის ინდივიდუალური  თვისებები,  არის  საფორტეპიანო  პიესა –  „ ხორუმი“ (1939 წ.), რომელიც თავისი წარმომავლობით დასავლეთ საქართველოს კუთხის – აჭარის ხალხური საცეკვაო ნიმუშიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ „ხორუმი“ გახდა მაჭავარიანის შემდგომი მნიშვნელოვანი თხზულებების ერთგვარი საფუძველი, სადაც ეროვნული საცეკვაო, რიტმო-ინტონაციური პლასტი, უკვე კომპოზიტორის ხელწერის ერთ-ერთი წამყვან კომპონენტად მოიაზრება.

 

მაჭავარიანის შემოქმედებით ცხოვრებაში, ქრონოლოგიურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  გასული საუკუნის 40-იანი წლები.  ეს არის პერიოდი, რომელსაც  უკავშირდება კომპოზიტორის პირველი დიდი წარმატება, და სწორედ ამ დროს  ისახება მისი ძირითადი შემოქმედებითი პრინციპები.  შექმნილ ნაწარმოებთა დიდი ნაწილი  მძიმე და ტრაგიკული მოვლენით,  სამამულო ომის მოტივით არის ინსპირირებული:  გმირულ-პატრიოტული ოპერა „დედა და შვილი“, ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით (1944 წ.), სიმფონიური პოემა „გმირის სიკვდილზე“ (1948 წ.) და ა.შ.

40-იან წლებში შექმნილ ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია საფორტეპიანო კონცერტი  (1944 წ.).  ეს ქმნილება, რომელიც აღსავსეა მაჭავარიანისათვის დამახასიათებელი ამაღლებული პოეტურობითა და  ამავე დროს ტემპერამენტით, აგრეთვე  საგულისხმოა ქართული საფორტეპიანო კონცერტის ჟანრის განვითარების თვალსაზრისითაც. იგი ყურადღებას იქცევს  ეროვნული თვისობრიობით,  ფოლკლორთან დამოკიდებულებით, როგორც ინტონაციების გამოყენება-გარდასახვით, ისე ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი დრამატურგიული ელემენტების კონცერტის ჟანრში გადმოტანით. ამ ნაწარმოებშიც ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი რიტმულ-მოტორიკული პლასტი, რომელიც ზემოხსენებული საფორტეპიანო პიესიდან „ხორუმი“ იღებს სათავეს. ეროვნული საცეკვაო სტიქიიდან ამოზრდილი საწყისი, კონცერტში უკვე მრავალგვარი სახით გარდაისახება და ნაწარმოების ფორმაწარმომქმნად ფუნქციას იძენს. აღსანიშნავია, რომ საცეკვაო თემატიზმის, რიტმული სურათის, მოტორიკის, მეტრული ცვალებადობის ტრანსფორმირება, შემდგომში გაგრძელდება და განვითარდება, როგორც თვით მაჭავარიანის ნაწარმოებებში, ისე სხვა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში.

40-იანი წლების ბოლოს შეიქმნა ნაწარმოებები, რომელთა წარდგინება   ეროვნული მუსიკალური ხელოვნების  ზეიმად იქცა.  მათ  რიგს მიეკუთვნება  რომანსები  „ცისა ფერს’“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე) , „სხივო, მზეთა მზის სახეო“  (დავით გურამიშვილის ლექსზე  ), “არ დაიდარდო, დედაო“ (გიორგი ლეონიძის ლექსზე). ამ რომანსებში მთელი სისრულით გადაიშალა  კომპოზიტორისეული ნატიფი შუქ-ჩრდილებით გამოსახული, რომანტიკული, პოეტური სამყარო. სწორედ რომანსების სახეობრივ-ინტონაციური პლასტი გახდება ალექსი მაჭავარიანის შემდგომი დიდი ფორმის ქმნილებების მღერადი, ლირიკული, „რომანსული“ საწყისის საფუძველი.

ზემოხსენებულ პერიოდს მიეკუთვნება მაჭავარიანის  ერთ-ერთი ბრწყინვალე ქმნილება – სავიოლინო კონცერტი (1949 წ.),  რომლის  შექმნიდან და პირველი შესრულებიდან თითქმის 40 წლის შემდეგ დიდი მევიოლინე იეჰუდი მენუხინი ამბობდა: „მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი მშვენიერია, იგი მოიცავს ემოციას, პოეტურობას, სილამაზეს, დამახასიათებელს ქართველი ხალხის ბუნებისათვის, რამაც ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე… ეს მუსიკა ძლიერ ინტელექტუალურ ზემოქმედებას ახდენს“…  სავიოლინო კონცერტი, გარდა   მისი მხატვრულ-ემოციური მიმზიდველობისა, სხვადასხვა ასპექტით არის ღირებული და საგულისხმო. ეს არის   ქართული სავიოლინო კონცერტის პირველი ნიმუში, სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული ეროვნული ბუნება. ეს ნაწარმოები იმ  მხრივაც პირველია ამ ჟანრის  ეროვნულ ქმნილებათა შორის, სადაც   მხატვრული ჩანაფიქრის გადმოსაცემად, ავტორი ვიოლინოს ტექნიკურ და ვირტუოზულ ფართო  შესაძლებლობებს მიმართავს. ნაწარმოები საყურადღებოა ჟანრული გააზრების თვალსაზრისითაც,   სადაც კონცერტულობის  პრინციპი განაპირობებს  დრამატურგიულ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ა. მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი არა ერთი დიდი მუსიკოსის შესრულებითაა ცნობილი. მათ შორის დ. ოისტრახი, ლ. ისაკაძე.

50-იანი წლების ბოლოს საქართველოს  კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოვლენად იქცა მაჭავარიანის ბალეტის „ოტელოს“ (ლიბრეტოს ავტორი ვახტანგ ჭაბუკიანი) პრემიერა (1957 წ.). ბალეტის იშვიათი წარმატება, განაპირობა მაჭავარიანის მუსიკასთან ერთად,   გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის, მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი აღიარებული რეფორმატორის, ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმამ და მის მიერ ოტელოს პარტიის შესრულებამ. ნაწარმოების საერთაშორისო წარმატება კი უპირატესად, 1960 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ გადაღებულ ფილმ-ბალეტს „ოტელოს“ უკავშირდება. ვ. ჭაბუკიანის ოტელო, ვირტუოზულად შესრულებული საცეკვაო ნომრებითა და არტისტული გარდასახვით,  მიჩნეულია საბალეტო საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე შესრულებად.  ნაწარმოების  ავტორთა მხრიდან  თამამ ნაბიჯს წარმოადგენდა  პირველ რიგში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშისადმი მიმართვა, შექსპირის ტრაგედიის საბალეტო სპექტაკლის ფორმით წარმოსახვა. ამასთანავე, მისი მუსიკალურ-დრამატურგიული გააზრება  აქამდე არსებული „მუსიკალური შექსპირიანას“ გამოცდილების გათვალისწინებასაც მოითხოვდა.  კომპოზიტორმა ინტონაციური მასალის კონტრასტულობით, გამჭოლი სიმფონიური განვითარებით, გმირთა მკაფიო პორტრეტების გადმოცემით საბალეტო ნაწარმოების შთამბეჭდავი მუსიკალური ვერსია შექმნა.

მაჭავარიანის  საკომპოზიტორო ხელწერაზე მკვეთრი ზეგავლენა იქონია ქართულ პროფესიულ მუსიკაში გასული საუკუნის 50-60-იანი წლებიდან დაწყებულმა ევოლუციურმა პროცესმა.    სტილური მეტამორფოზის მაჩვენებელია მუსიკალური ენის, რიტმო-ინტონაციური წყობის გამძაფრება, თანამედროვე მუსიკისათვის ნიშანდობლივი  ტექნოლოგიური და საშემსრულებლო  ხერხების გათავისება. ეს თვისებები მკაფიოდ იჩენს თავს 60-იან წლებში შექმნილ ოპერაში  „ჰამლეტი“ (1967 წ.), ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებში – ხუთი მონოლოგი ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის ვაჟა-ფშაველას ტექსტზე (1964 წ.).

70-იანი წლებიდან მაჭავარიანის მხატვრულ სამყაროში სულ უფრო იზრდება სწრაფვა კონცეპტუალური აზროვნებისაკენ. ამის ნათელი გამოხატულებაა  სიმფონია N 2 (1972 წ.). საინტერესო მიგნებებით არის აღსავსე  ამ პერიოდში შექმნილი  მსხვილი თუ მცირე  ფორმის ნაწარმოებები, ეროვნულ საფორტეპიანო  მუსიკაში ახალ სიტყვას წარმოადგენს საფორტეპიანო პიესების ციკლები: „ქართული ფრესკები“ (1977) და „ფიროსმანის შესანდობარი“ (1977 წ.).

ზემოხსენებულ პერიოდში, კომპოზიტორის სწრაფვამ ჭვრეტითი, განზოგადებული, ერთგვარად ფილოსოფიური სახეებისკენ განსაკუთრებულად იჩინა თავი კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში.  ა. მაჭავარიანი  მოკლე დროის მანძილზე, ზედიზედ სამ კვარტეტს ქმნის (1978-79 წწ..) და სამივე მათგანი ხასიათდება ჩანაფიქრის განზოგადებული გადმოცემით, დრამატურგიის სიმფონიური განვითარებით,  ინტონაციური და მეტრო-რიტმული სიმძაფრით, სახეობრივი კონტრასტით…

მაჭავარიანის  შემოქმედებითი სტილის ევოლუციის ერთგვარ   დაგვირგვინებად შეიძლება მივიჩნიოთ ბალეტი „ვეფხისტყაოსანი“ (1973 წ.). ნაწარმოები ყურადღებას იპყრობს  ერთი მხრივ რუსთაველის მხატვრულ – ფილოსოფიურ სამყაროს ორიგინალური მუსიკალურ-სცენური გადაწყვეტით, მეორე მხრივ – კომპოზიტორის დიდი ხნის ძიებების ერთგვარი შეჯამებით. ამ ქმნილებაში თანაარსებობენ მე- 20 საუკუნის მუსიკალური ხელოვნების მიგნებები, მათ შორის დოდეკაფონიურ-სერიული ელემენტები, ტრადიციული კლასიკური კილო-ტონალობის პრინციპი, უძველესი ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების მოტივები. „ვეფხისტყაოსანში“ მაჭავარიანის მხატვრული აზროვნების კიდევ ერთი პლასტი გამოდის წინა პლანზე, ეს არის პოლისტილისტიკის პრინციპი.  ეს სისტემა კომპოზიტორის  შემდგომ  ნაწარმოებებში წამყვან ადგილს იკავებს, რაც მათი პოსტმოდერნისტული ეპოქის ჭრილში აღქმის   საფუძველს იძლევა.

პოსტმოდერნისტული  მსოფლმხედველობის   გამოძახილი სულ უფრო მეტად იგრძნობა მაჭავარიანის 80-90-იან წლებში შექმნილ თხზულებებში.  ამის  ერთ-ერთ გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ოპერა „მედეა“ (1991 წ.). ეს ნაწარმოები სხვადასხვა დროის, სტილის, მიმდინარეობის მუსიკის  ელემენტთა  თანაარსებობის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

ზოგადსაკაცობრიო საკითხებისადმი მიდგომა  თანმიმდევრულ და მკვეთრს ხასიათს იძენს მაჭავარიანის გვიანდელ  ნაწარმოებებში, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოჩინდა მის ბოლო ოთხ სიმფონიაში    (N 3 – N 6). ოთხივე ნაწარმოებში, სამყაროს კოსმიური და ამავე დროს ზედროული  აღქმა, განსაკუთრებულად იპყრობს მსმენელის ყურადეღებას. მოვლენათა დრამატული წარმოსახვის სურვილი კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს ანიჭებს მაჭავარიანის მუსიკალურ ენას, რასაც კომპოზიტორი  გამომსახველ ხერხთა მრავალფეროვნებით, პოლისტილისტიკური ელემენტების კალეიდოსკოპური  მონაცვლეობით ახდენს. რაც  მთავარია,   მაჭავარიანის გვიანდელ  ქმნილებებს   აერთიანებს ეროვნული სივრცის მუდმივი შეგრძნება და დროის თანმდევ მოვლენებთან კავშირი, რაც განაპირობებს მათ მუდმივ აქტუალურობას.

ალექსი მაჭავარიანის გვიანდელი პერიოდის  ნაწარმოებთა დიდი ნაწილი  პირველად კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ აჟღერდა, კიდევ არაერთი  თხზულება  ელის შესრულებას.

ალექსი მაჭავარიანის ქმნილებები,  მუდამ წარმოჩინდება როგორც ეროვნული კულტურის ფასეულობა,  საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე