სულხან
ცინცაძე
სულხან ცინცაძე
(1925 – 1991)
სულხან თევდორეს ძე ცინცაძე— ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი. ქართული საკომპოზიტორო სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაც იმთავითვე აღიარებული იქნა, როგორც ქართული ეროვნული მუსიკალური კულტურის მონაპოვარი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984), საბჭოთა კავშირის და საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველის და სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დაბადების თარიღი – 23 აგვისტო, 1925
დაბადების ადგილი – ქალაქი გორი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 15 სექტემბერი, 1991
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1950 – დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (ჩელოს კლასი – პედაგოგი: ს. კოზოლუპოვი)
1953 – დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (კომპოზიცია – ს. ბოგატიროვი )
1942 – 1944 – საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის არტისტი;
1944 – 1946 – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმებიანი კვარტეტის სოლისტი;
1963 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი;
1973 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
1965–1984 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;
ჯილდოები და აღიარება
მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის, პრაღის საერთაშორისო ფესტივალისა და ვარშავის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
1966 ნიუ–ინგლენდის მუსიკალური აკადემია, საპატიო წევრი
1949 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
1968 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
1979 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე
1956 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
საქართველოს სსრ XI მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
1950 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (სტალინური პრემია)
1958 – შრომის წითელი დროშის ორდენი
1961 – საქართველოს სახალხო არტისტი
1974 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
1981 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1984 – ხუთწლედის მატიანის პრემია
1987 – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
არა ერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. მათ შორის:
1969 – რ. შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსი
1970, 1979 – პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი
1975 – ბ. ბარტოკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი
სულხან ცინცაძე
(1925 – 1991)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1945 – „ოქროს საწმისი“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. გელოვანი, პ. გრუზინსკი)
1945 – „განდეგილი“ – ოპერა ერთ მოქმედებად – (ლიბრეტო – ს. ცინცაძე)
1958 – „დემონი“ – ბალეტი 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. ჭაბუკიანი)
1963 – „პოემა“ – ბალეტი ერთ მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. ჭიჭინაძე)
1974 – „ანტიკური ესკიზები“ – ბალეტი ერთ მოქმედებად და 6 სურათად – „ნარცისი“, „პანი და სირინგა“, „პოლიფემი და გალაეა“, „ჰეფესტო“, „ზევსი და ევროპა“, „დიონისეს ნადიმი“ – (ლიბრეტო – გ. ალექსიძე)
1977 – „დალი და მონადირე“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ალექსიძე)
1982 – „რივარსი“ – ბალეტი 2 მოქმედებად – – (ლიბრეტო – ა. ჭიჭინაძე, ა. ნიკოლაევი)
1979 – „რივარესი“ ფილმი-ბალეტი – რეჟისორი – ბიძინა ჩხეიძე)
1960 – „აბლაბუდა“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – პ. გრუზინსკი)
1968 – „სიმღერა ტყეში“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ჭუბაბრია)
1976 – „შვეიკ, შვეიკ, შვეიკ“ – მუსიკალური კომედია 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ბ. რაცერი)
საორკესტრო მუსიკა
1952 – სიმფონია N 1
1962 – სიმფონია N 2
1969 – სიმფონია N 3
1978 – სიმფონია N 4 „რემინისცენციები“
1985 – სიმფონია N 5
1960 – სუიტა ბალეტიდან „დემონი“ – სიმფონიური ორკესტრისათვის
1976 – სუიტა ბალეტიდან „ანტიკური ესკიზები“ – სიმფონიური ორკესტრისათვის
1979 – სუიტა ბალეტიდან „რივარესი“ – სიმფონიური ორკესტრისათვის
1978 – „ფანტაზია“ – სიმებიანი კვარტეტისა და კამერული ორკესტრისათვის
1947 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1960 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1964 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 3
1972 – კონცერტინო ვიოლონჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის N 4
1952 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1968 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2 „კონტრასტები“
1954 – ფანტაზია ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1954 – კონცერტინო ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1947 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიურიო ორკესტრისათვის N 1
1968 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1956 – „ქართული რაფსოდია“ – ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1986 – 24 პრელუდია – სოლო ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1947 – 1991 – 12 სიმებიანი კვარტეტი
1949 – სუიტა N 1 – სიმებიანი კვარტეტისათვის
1950 – სუიტა N 2 – სიმებიანი კვარტეტისათვის
1955 – სუიტა N 3 – სიმებიანი კვარტეტისათვის
1945 – 1991 – მინიატურები სიმებიანი კვარტეტისთვის
- მინიატურები ქართულ ხალხურ თემებზე (21 მინიატურა)
- მინიატურები ებრაულ ხალხურ თემებზე (5 მინიატურა)
- მინიატურები მსოფლიოს ხალხთა თემებზე (6 მინიატურა)
- მინიატურები ქართულ თემებზე (8 მინიატურა)
1971 – 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის
1980 – 24 პრელუდია ვიოლონჩელოსთვის
1948 – 2 პიესა სოლო ალტისთვის
1949 – „ხორუმი“ – ალტისა და ფორტეპიანოსათვის
1949 – „მელოდია“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
1950 – 5 პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1966 – „პოემა“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
1976 – სონატა სოლო ვიოლონჩელოსთვის
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1949 – კანტატა ტენორის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ი. სნეგოვა, ტ. ნიკოლაევსკაია)
1957 – „გამოსათხოვარი სიმღერა“ – კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1976 – „დიდების გზა“ – კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1969 – „უკვდავება“ – ორატორია სოპრანოს, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1974 – 5 რომანსი – ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1984 – „მესაფლავე“ – ბანისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – გ. ტაბიძე)
კინოსა და თეატრის მუსიკა
მუსიკა თეატრისთვის
40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
„დონ სეზარ დე ბაზანი“, „ესპანელი მღვდელი“, „ტაიფუნი“, „ვენეციელი ვაჭარი“, „თოლია“…
ფილმოგრაფია
1954 – „ჭრიჭინა“ – რეჟისორი – ლევან ხოტივარი, სიკო დოლიძე
1956 – „ბაში-აჩუკი“ – რეჟისორი – ლეო ესაკია
1956 – „აბეზარა“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1956 – „ჩრდილი გზაზე“ – რეჟისორი – დავით რონდელი
1957 – „ოთარაანთ ქვრივი“ – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი
1957 – „ქალის ტვირთი“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1960 – „განთიადი“ – რეჟისორი – ყარამან (გუგული) მგელაძე
1961 – „განძი“ – რეჟისორი – რეზო ჩხეიძე
1962 – „ზღვის ბილიკი“ – რეჟისორი – რეზო ჩხეიძე
1962 – „თოჯინები იცინიან“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1962 – „თხუნელა“ – რეჟისორი – შალვა მარტაშვილი
1964 – „ჯარისკაცის მამა“ – რეჟისორი – რეზო ჩხეიძე
1969 – „ღიმილის ბიჭები“ – რეჟისორი – რეზო ჩხეიძე
1973 – „ლევან ხიდაშელი“ – რეჟისორი – ვახტანგ ტაბლიაშვილი
1975 – „ჩიტის რძე“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1983 – „ჯადოსნური ღამე“ – რეჟისორი – თემურ ფალავანდიშვილი
1987 – „რივარესი“ – ფილმი-ბალეტი – რეჟისორი – ბიძინა ჩხეიძე
ანიმაცია
1953 – „წავი ჩუკა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
1954 – „ნიკო და ნიკორა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
სულხან ცინცაძე
(1925 – 1991)
„სულხან ცინცაძის შემოქმედებითი მიღწევების წყალობით ქართულმა მუსიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა“ – წერდა კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი.
სულხან ცინცაძე ერთ-ერთი ის კომპოზიტორია, რომლის დამსახურებითაც ქართული პროფესიული მუსიკა მსოფლიო მუსიკალური პროცესების კონტექსტში მოიაზრება.
კომპოზიტორი კლასიკური მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს შეეხო, თუმცა მისი მოღვაწეობის ცენტრალურ სფეროდ საკვარტეტო მუსიკა იქცა. სწორედ საკვარტეტო ქმნილებებით თქვა მან ახალი სიტყვა როგორც ქართულ, ისე ზოგადად მუსიკალურ ხელოვნებაში.
სულხან ცინცაძემ სრულიად ახალგაზრდამ, 22 წლისამ შექმნა სამი საკვარტეტო მინიატიურა (1947). ამ პიესებმა თავიდანვე აღფრთოვანება გამოიწვიეს მათში გაცხადებული სიახლით: ხალხური საწყისის საკვარტეტო სპეციფიკაში გარდასახვით, უშრეტი ფანტაზიით, ტემბრული კოლორიტის, ჰარმონიული საქცევების ფერდოვნებით. მას შემდეგ, კომპოზიტორი საკვარტეტო მინიატიურებს წერდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, მათ საფუძველს წარმოადგენდა ქართული ხალხური სასიმღერო და საცეკვაო მელოდიები. მინიატიურების უმრავლესობა ხუთ საკვარტეტო სიუიტაში გაერთიანდა. „მუსიკალურ მარგალიტებად“ წოდებული ეს ნაწარმოებები დღესაც ანცვიფრებენ მსმენელს.
სულხან ცინცაძე 12 სიმებიანი კვარტეტის ავტორია. მისი შემოქმედების ერთ-ერთი პირველი მკვლევრის, მუსიკოლოგ გულბათ ტორაძის სიტყვებით: „ვეებერთელა დისტანციაა, როგორც ქრონოლოგიური, ისე მხატვრული, ცინცაძის პირველ და ბოლო კვარტეტებს შორის, მაგრამ მათ აერთიანებს შემოქმედებითი განვითარების „გამჭოლი“ ხაზი, რომელზედაც მძივებივითაა ასხმული მისი თორმეტი კვარტეტი – ცინცაძის საკომპოზიტორო ოსტატობისა და მხატვრული ინდივიდუალობის ყველაზე კონცენტრირებული გამოხატულება“.
სულხან ცინცაძის შემოქმედებითი ცხოვრება ევოლუციური გზით წარიმართა. შემოქმედების ადრეულ პერიოდშია შეიქმნა მისი პირველი სამი კვარტეტი, საკვარტეტო მინიატიურები, 2 სიუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის (1949, 1950).
გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კომპოზიტორის მოღვაწეობაში უკვე იგრძნობა სიახლისაკენ სწრაფვა, ამის თვალსაჩინო გამოვლენაა კვარტეტი N4 (1955). მძლავრი მხატვრული გარდატეხა კი 60-იან წლებს მიეკუთვნება. იმ ხანას, რომელიც ქართულ კულტურაში ახალი აზროვნების დასაწყისად იქცა. ს. ცინცაძის მიერ ამ პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში აღიბეჭდა ზოგადად ქართულ პროფესიულ მუსიკაში მიმდინარე ძვრები. აქედან მოყოლებული მისთვის დამახასიათებელი ხდება კონცეპტუალური აზროვნება, შესამჩნევია მე-20 საუკუნის დიდ კომპოზიტორთა, უწინარესად ბელა ბარტოკისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის შემოქმედებითი მიღწევების გათვალისწინება. ისევე, როგორც ამ პერიოდში მოღვაწე რიგი კომპოზიტორებისათვის, ცინცაძისთვისაც ბარტოკის ზეგავლენა ფოლკლორული მასალისადმი თავისუფალ დამოკიდებულებაში გამოიხატა.
სულხან ცინცაძის შემოქმედებითი აზროვნების გარდატეხის მკაფიო მაუწყებელი გახდა კვარტეტი N5 (1963). ამ ქმნილებაში აისახა კომპოზიტორის ახალი მსოფლმხედველობითი მრწამსიც და შემოქმედებითი ხერხებიც. ეს ნაწარმოები აგრეთვე შემამზადებელ საფეხურად იქცა საეტაპო ქმნილებისთვის – მე-6 კვარტეტისათვის (1966). მუსიკისმცოდნეობაში აღინიშნა, რომ სწორედ ეს ნაწარმოები მძლავრად ირეკლავს იმ გარდატეხას, რაც 60-იან წლებში ქართული ხელოვნების დარგებში – მუსიკაში, ლიტერატურაში, კინემატოგრაფში, სახვით ხელოვნებაში ხდებოდა.
კომპოზიტორის შემოქმედებით ცხოვრებაში ნაყოფიერი იყო ბოლო პერიოდიც, რომელიც 80-იან წლებს მიეკუთვნება. ამ პერიოდში შეიქმნა მისი საეტაპო მნიშვნელობის ქმნილებები სიმებიანი კვარტეტისთვის – კვარტეტები N10, N11, N12 (1984, 1986, 1991), მისი შემოქმედების ერთ-ერთი ცენტრალური ქმნილება – „24 პრელუდია ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის“ (1986), ვოკალური ბალადა „მესაფლავე“ (გალაკტიონ ტაბიძის ლექსის მიხედვით) და სიმფონია N5.
ქართული პროფესიული მუსიკის შენაძენს წარმოადგენს სულხან ცინცაძის ინსტრუმენტული კონცერტები: 3 სავიოლონჩელო (1947, 1964, 1972), 2 საფ-ნო (1949, 1968), ორი სავიოლინო (1968, 1977), 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის (1971), ჩელოსათვის (1980). სულხან ცინცაძე აგრეთვე ავტორია 5 სიმფონიის (1952-1985).
მნიშვნელოვანია სულხან ცინცაძის მოღვაწეობა მუსიკალური თეატრის სფეროში, აღსანიშნავია მისი ბალეტები: „დემონი“ (1961), „ანტიკური ესკიზები“ (1973), „დალი და მონადირე“ (1977), „რივარესი“ (1982) და სხვ. ცინცაძე ავტორია 2 ოპერის: „ოქროს საწმისი“ (1952), „განდეგილი“ (1972). განსაკუთრბული წარმატება ხვდათ წილად მის ოპერეტებს: „აბლაბუდა“ (1960), „სიმღერა ტყეში“(1968), „შვეიკი“ (1976).
კომპოზიტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მუსიკამ მხატვრული ფილმებისათვის: „ჭრიჭინა“ (1954), „ბაში-აჩუკი“ (1956), “აბეზარა“ (1956), „თოჯინები იცინიან“ (1964)… კინოფილმებიდან გადმოსულმა მისმა მელოდიებმა დამოუკიდებელი ცხოვრება მოიპოვეს საკონცერტო ესტრადაზე, ყოფაში, მისი მელოდია გამოყენებულია სიმფონიურ მუსიკაშიც (ზურაბ ნადარეიშვილის სიმფონიურ ნაწარმოებში).
დღეს სულხან ცინცაძის ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთ „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს საერთაშორისო სარბიელზე.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე