სულხან
ნასიძე

სულხან ნასიძე

(1927 – 1996)

 

სულხან ნასიძე, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. XX საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი პერიოდის, 60–იანელთა თაობის, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო და ბრწყინვალე წარმომადგენელი. სულხან ნასიძის ქმნილებები დღეს მსოფლიო მნიშვნელობის მონაპოვრად აღიქმება, რადგან მისი მუსიკის ფილოსოფიურ–ესთეტიკური მრწამსი და თვითმყოფადი სტილი კიდევ ერთი ახალი სიტყვაა გასული საუკუნის მუსიკალურ აზროვნებაში.

„ღირსების ორდენის“ კავალერი (1958), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს სახალხო არტისტი (1979), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1986)…

 

დაბადების თარიღი – 17 მარტი, 1927

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 21 სექტემბერი 1996

დაკრძალულია, თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1950 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (ა. სვანიძის კლასი);

1955 – საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ი. ტუსკიას კლასი);

1951 – 1956 –  V მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ფორტეპიანო);

1974 – 1990 – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი;

1963 – 1994 – ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის ვ სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში – 1963 წლიდან – მასწავლებელი, 1968 – უფროსი მასწავლებელი, 1972 – დოცენტი, 1979 – პროფესორი;

1969 – 1974 – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიტორო ფაკულტეტის დეკანი;

1979 – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის გამგე;

მისი მოსწავლეები იყვნენ, კომპოზიტორები: გიორგი შავერზაშვილი, გიორგი ცინცაძე;

1992 – 1996 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე;

 

ლიტერატურა

2007 – „სულხან ნასიძე“ – ქართველ მუსიკოლოგთა წერილების კრებული კომპოზიტორ სულხან ნასიძის შემოქმედებაზე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2007 წ.

2022 – „… ქვიშანი დარჩებიანო“ – გივი ორჯონიკიძის სამეცნიერო შრომა „ფიქრები სულხან ნასიძის სიმფონიურ ტრიადაზე“ და სულხან ნასიძის პუბლიცისტური წერილები – წიგნის რედაქტორები და შემდგენლები – თამარ ნასიძე–მაყაშვილი, თამარ ქერეჭაშვილი – თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2022 წ.

 

ჯილდოები და აღიარება

1986 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია

კონცერტი ვიოლინოს, ვიოლონჩელოსთვის და სიმფონიური ორკესტრისათვის

1979 – საქართველოს სახალხო არტისტი

1978 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1966 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1958 – „ღირსების ორდენის“ კავალერი

1956 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი

1992 – 1996 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე;

 

 

სულხან ნასიძე

(1927 – 1996)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

1971 – „ორფევსი და ევრიდიკე“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ზ. კიკალეიშვილი)

1988 – „მეფე ლირი“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ალექსიძე)

 

საორკესტრო მუსიკა

1957 – სიმფონია N1

1959 – „რაფსოდია ძველი თბილისის თემებზე“ –  სიმფონიური ორკესტრისათვის

1966 – “Ostinato” – პიესა სიმფონიური ორკესტრისათვის

1969 – „კამერული სიმფონია“ N 3

1975 – სიმფონია N4 „კოლხური“

1977 – სიმფონია N5 „ფიროსმანი“

1978 – სიმფონია N6 „Passione“

1979 – სიმფონია N7 „დალაი“

1982 – „სიმფონია-ფრესკა“

1986 – „ექვსი ცეკვა“ –  სიმფონიური სუიტა

1989 – სიმფონია „მიზღვა ბახს“

1991 – „ლიტურგიკული სიმფონია“

1992 – სიმფონია „INFINITY“

 

1955 – 1961 –– კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N1, N2

1984 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის ,N3 „შემოდგომის მუსიკა“    1968 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1979 – კონცერტი 2 ვიოლინოსა და სიმფონიური    ორკესტრისათვის

1982 – კონცერტი ვიოლინოს, ვიოლონჩელოსთვის და კამერული ორკესტრისათვის

1984 – კონცერტი ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის

1985 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1985 – კონცერტი 2 ვიოლინოსა და სიმფონიური  ორკესტრისათვის

1987 – კონცერტი ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

                                                                               

ვოკალური მუსიკა

1969 – „ხალხური პოეზიიდან“  – ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ხალხური)

1980 – „ვედრება“ – საგუნდო პოემა შერეული გუნდისთვის – (ტექსტი – დ. გურამიშვილი)

1990 – „სპარსული პოეზიიდან“ – საგუნდო კონცერტი a Cappella –  (ტექსტი – რუდაქი)

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1968 – სიმებიანი კვარტეტი N1

1970 – სიმებიანი კვარტეტი N2

1980 – სიმებიანი კვარტეტი N3 „ეპიტაფია“

1984 – სიმებიანი კვარტეტი N4

1992 – სიმებიანი კვარტეტი N5 Con sordino

1987 – საფორტეპიანო კვინტეტი

1993 – საფორტეპიანო კვარტეტი „მეტამორფოზები“

1994 – საფორტეპიანო ტრიო „ანტიფონი“

1968 –  სასულე კვარტეტი – ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის in B, ფაგოტისთვის

1990 – სასულე კვინტეტი – ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის in B, ვალტორნის in F, ფაგოტისთვის

 

1957 –  ბალადა – ფორტეპიანოსათვის

1957 –  ტოკატა – ფორტეპიანოსათვის

1962 – პოლიფონიური სონატა – პრელუდია და ფუგა; პასაკალია; ტოკატა

1971 – 4 იმპროვიზაცია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1973 – 2 იმპროვიზაცია ფორტეპიანოსათვის

1991 – „ძველი დღიურიდან“  –  ფორტეპიანოსა და ვიოლონჩელოსთვის

1991 –  „Lento di Molto“ –  4 პიესა ფორტეპიანოსათვის

1979 – სამი ცეკვა – ორი ფორტეპიანოსთვის

1986 – საფორტეპიანო სონატა

 

1964 – ნონეტი (დაწყებითი კლასებისთვის)

1968 – 12 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის

1971 –  20 პოლიფონიური პიესა –  მუსიკალური სკოლის მოსწავლეთათვის

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა სპექტაკლებისთვის:

„პირველი მერცხალი“, „ზღვის შვილები“, „აურზაური არაფრის გამო“, „კიკვიძე“, „ორნი საქანელაზე“

 

ფილმოგრაფია

1962 – „აპრილი“ – რეჟისორი – ოთარ იოსელიანი

1965 – „მიმინო“ – რეჟისორი – თემურ ფალავანდიშვილი

1974 – „საჰაერო ხიდი“ – რეჟისორი – დავით რონდელი

1975 – „საქმე გადაეცა სასამართლოს“ – რეჟისორი – ვალერიან კვაჭაძე

1965 – „შევარდენი“ – რეჟისორი – თემურ ფალავანდიშვილი

1965 – „მთვარის მოტაცება“ – რეჟისორი – თამაზ მელიავა

 

ანიმაცია

1959 – „ხელმარჯვე ოსტატის კონცერტი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

1959 – „საყვირის შემდეგ– რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

1962 – „ხელმარჯვე ოსტატი სპორტსმენი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

1965 – „მამაცი ვაჟა“ – რეჟისორი – ბორის სტარიკოვსკი

1966 – „სამი მეზობელი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

1967 – „გოგონა და შადრეევანი“ – რეჟისორი – კარლო სულაკაური

1968 – „ცრუმორწმუნე ადამიანის თავგადასავალი“ – რეჟისორი – ბორის სტარიკოვსკი

1971 – „ხელმარჯვე ოსტატი კოსმოსში“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

1972 – „ნაცარქექია“– რეჟისორი – ბორის სტარიკოვსკი

1973 – „ნაცარქექიაა ახალი თავგადასავალი“ – რეჟისორი – ბორის სტარიკოვსკი

1973 – „კატა და ლომი“ – რეჟისორი – ბორის სტარიკოვსკი

1977 – „იყო ერთი თაგუნა“ – რეჟისორი – ბორის სტარიკოვსკი

1980 – „ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

1981 – „ჭრელო პეპელა“ – რეჟისორი – შადიმან ჭავჭავაძე

 

 

სულხან ნასიძე

(1927 – 1996)

 

„სულხან ნასიძე ცხოვრობდა და გარდაიცვალა XX საუკუნეში, მაგრამ წერდა XXI საუკუნის მუსიკას. ვფიქრობ, დრო ადასტურებს ამ სიტყვების სისწორეს” – წერდა  მუსიკოლოგი გულბათ ტორაძე.

სულხან ნასიძის შემოქმედებითი ფორმირება გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მოხდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც „რკინის ფარდის“ ახდას გარდატეხა მოჰყვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების კულტურულ ცხოვრებაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეთა მსოფლმხედველობაში. საქართველოშიც ხელოვანთა ახალი ტალღა წამოვიდა, ახალი იდეებით, ახალი ხედვით, მოდელებით, ფორმებით… ქართულ პროფესიულ მუსიკაში ამ მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ სულხან ნასიძე წარმოჩნდა.

დღეს სულხან ნასიძე აღიარებულია, როგორც ინტელექტუალურ-ფილოსოფიური სიმფონიზმის ფუძემდებელი.  ინტელექტუალურ-ფილოსოფიური აზროვნება გასდევს ნასიძის მთელ მრავალფეროვან, მრავალრიცხოვან შემოქმედებას. ეს გამოიხატება მისი ნაწარმოებების თემატიკით, იდეურ-მხატვრული სამყაროს  კონცეპტუალური გადმოცემით. ინტელექტუალური საწყისი წარმართავს კომპოზიტორის მიერ ნაწარმოების დრამატურგიის, ფორმის გააზრებას, მუსიკალური ქსოვილის აგებას, ყოველივე იმას, რასაც მუსიკოლოგი გივი ორჯონიკიძე „ნასიძისეულ სისტემას” უწოდებს. ამ „სისტემის“ ერთ-ერთ სათავედ უძველესი  ეროვნული მუსიკის სიღრმეები იქცა, რასაც თანამედროვე ტექნიკური არსენალით აღჭურვილი კომპოზიტორი გამომსახველობითი ხერხების მისაგნებად მიმართავდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ქართულ მუსიკოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა კომპოზიტორის ფოლკლორისადმი დამოკიდებულება (რ. წურწუმია, დ. გოგუა,  ლ. მარუაშვილი).  არანაკლებ ინტერესს იწვევს ნასიძე-დრამატურგი (ნ. ჟღენტი, მ. ქავთარაძე),  ფილიგრანული ოსტატობით,   მოულოდნელობის ეფექტებით, ყოველივე ამის რკინისებური ლოგიკის ყალიბში მოქცევით.

ნასიძის ადრეული პერიოდის ნაწარმოებებიდან სანიშანსვეტოდ, მაორიენტირებელად ორი სხვადასხვა ჟანრის ქმნილება მიიჩნევა: სიმფონი N3 „კამერული“ (1969)  და ვოკალური ციკლი „ქართული ხალხური პოეზიიდან“ (1969). ამ ნაწარმოებებში უკვე მკაფიოდ შეიმჩნევა სამყაროს ფილოსოფიური აღქმისადმი სწრაფვა, გამომსახველობითი ხერხებისადმი თანამედროვე მიდგომა და მუსიკალური კომპონენტების ეროვნული წიაღიდან ამოზიდვის ჟინი. ვოკალურმა ციკლმა „ქართული ხალხური პოეზიიდან“ ს. ნასიძის კიდევ ერთ საკომპოზიტორო   ხერხს დაუდო დასაბამი. ეს არის სიტყვისათვის დრამატურგიული დატვირთვის მინიჭების პრინციპი. აღსანიშნავია, რომ ამ ორ დასახელებულ ნაწარმოებში მსხვილი პლანით წარმოჩნდა მთის ფოლკლორისადმი კომპოზიტორის ინდივიდუალური მიმართება, რაც მანამდეც იყო ჩასახული ცალკეულ ქმნილებებში, ხოლო შემდგომში კი მისი შემოქმედების ერთ-ერთ გამჭოლ ხაზად იქცა.

N3 კამერული სიმფონიის შესახებ მუსიკოლოგი რუსუდან ქუთათელაძე აღნიშნავს: „ჯერ მარტო ამ სიმფონიით სულხან ნასიძემ ქართულ მუსიკას შესძინა ნაწარმოები, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის რათა მისი ავტორი ეროვნული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის ღირსშესანიშნავ წარმომადგენელთა რიგში ჩამდგარიყო“. მაგრამ კომპოზიტორის შემოქმედებითი გზა ძიებებით, აღმაფრენით გრძელდებოდა და დროდადრო ახალ-ახალი აღმოჩენების წინაშე აყენებდა მსმენელს.

ნასიძის ფიქრმა და განსჯამ  ყოფიერებაზე, მარადიულ ღირებულებებზე, წარმავალისა და წარუვალის ურთიერთმიმართებაზე ერთმანეთისგან განსხვავებული,  შთამბეჭდავი ტილოები წარმოქმნა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც   ეროვნული მონაპოვარი საყოველთაო მნიშვნელობას იძენს, რაც  უწინარესად ეხება  „ სიმფონიურ ტრიადას“:  სიმფონიებს N5 „ფიროსმანი“, N 6 „Passione“, N 7 „დალაი“.

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი ხვდა წილად სიმფონია N5 „ფიროსმანს“ (1977). ამ ნაწარმოებში  მსმენელმა დიდი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის მარტოსული,  ეული ყოფის,  ძველი თბილისური ბოჰემის, ნოსტალგიის მიღმა ხელოვანის ბედ-იღბლით გამოწვეული ტკივილი შეიგრძნო. სიმფონია ზემოქმედებას ახდენს თავისი დრამატურგიული ქარგით, ფერწერულობით, ფერადოვნებით, კოლაჟის ხერხისა თუ კინემატოგრაფიული კადრების ეფექტის ჩართვით.  „ნასიძე მხატვარია…. მის ნაწარმოებებში გვიზიდავს მხატვრულად და პროფესიულად გამართული საინტერესო ფურცლები“- წერდა მუსიკოლოგი გივი ორჯონიკიძე. გასაკვირი არ არის, რომ  ქორეოგრაფ გიორგი ალექსიძეს სწორედ  სიმფონია „ფიროსმანმა“ შთააგონა ამ ნაწარმოების  მიხედვით საბალეტო წარმოდგენა დაედგა.

მარადიულ ღირებულებებზე ფიქრმა წარმოქმნა სიმფონია N6 „Passione“ (1978), სადაც გარე სინამდვილესთან  დაპირისპირებამ  ფსიქოლოგიური  დრამის სახე მიიღო. ორიგინალურია ამ ნაწარმოების  კონსტრუქციული აგების პროცესი.  კომპოზიტორი სიტყვის ვერბალური გააზრების პრინციპს იყენებს, რისთვისაც  საქართველოს მთის წიაღიდან მოვლენილ დიდ პოეტსა და მოაზროვნეს  ვაჟა-ფშაველას მიმართავს. ვაჟა-ფშაველას სამყარო ქართულ პროფესიულ მუსიკაში უკვე იყო დამკვიდრებული, როგორც მთის, მისი ადათ-წესების სიმბოლური განსახიერების სათავე, მაგრამ სულხან ნასიძე ამ მწერლისადმი სრულიად განსხვავებულ  –    განზოგადებულ-ფილოსოფიურ მიმართებას ავლენს.  შესაძლოა, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველას უკიდეგანო მხატვრულ-ფილოსოფიურ სამყაროში სიღრმისეულმა წვდომამ წარმოქმნა შემდგომი სიმფონიაN7 „დალაი“ (1979). აქ კონკრეტულად არ ფიგურირებს არც ვაჟას სიტყვა და არც  მისი სახელი, მაგრამ გრძელდება მისეული  ყოფიერებისადმი ფილოსოფიური მიდგომა. ამჯერად ნაწარმოების აზრობრივ და ემოციურ ცენტრს  მთაში დატირების რიტუალი წარმოადგენს, ამ  ფონზე ადამიანის ბედისწერასთან შერკინება წინა სიმფონიებისაგან  სრულიად  განსხვავებული დრამატურგიული განვითარებითაა გადმოცემული.

ზემოთდასახელებულ ნაწარმოებებში მკაფიოდ გამოხატული ნასიძისეული ინტელექტაულურ-ფილოსოფიური სიმფონიზმი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებში გრძელდება. ეს ეხება 80-იან წლებში დაწერილ საგუნდო პოემას „ვედრება“ (1980), კონცერტს ვიოლინოს, ვიოლონჩელისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (1983), სიმებიან კვარტეტებს N3 „ეპიტაფია“ (1980)  და N4 “In memoriam” (1985), საფორტეპიანო  კვინტეტს (1986) და ა.შ.  კვლავ ყოფიერების ამოუცნობი შრეების გამოვლენისკენ სწრაფვას ავტორი ჟანრთა ურთიერთშეღწევისკენ, ინტეგრირებისაკენ მიჰყავს. შემთხვევითი არ არის, რომ საგუნდო პოემის „ვედრება“ სიმფონიურ ტილოდ გააზრებას არა მხოლოდ დრამატურგიული მდინარება, არამედ ტემბრალური ხმოვანების იმიტირებაც ქმნის, რისთვისაც კომპოზიტორი უახლეს საკომპოზიტორო ხერხებს მიმართავს. ანდა კონცერტი ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსთვის, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისები  მთავარ პარტიათა თუ  საორკესტრო ხმოვანების  შიდა დაპირისპირების  ნაირგვარი ხერხებითაა გამოხატული, ხოლო  კონფლიქტური  სიტუაციის გადაწყვეტა რომანტიკული საწყისისის პრევალირებით ხდება.

ფილოსოფიურ-ინტელექტუალური აზროვნების ახალი წახნაგები კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებში იხსნება.  ნასიძის კვარტეტები N 3 „ეპიტაფია“ და N4 „In memoriam“ –  სიმფონიებში დასმული საკითხების განსხვავებული კუთხით გაშლას წარმოადგენენ. კვარტეტების სათაურებიც უკვე მინიშნებას იძლევა მათი   მემორიალური ჟანრისადმი მიკუთვნების შესახებ.  „ეპიტაფია“ გლოვა-დატირების ინტონაციის გამჭოლი განვითარებით, „დალაის“ ემოციური ველის გაგრძელებაა, მონტაჟური პრინციპის გატარებით კი სიმფონია „ფიროსმანს“ ენათესავება,  მაგრამ სიმფონიებისგან განსხვავებით აქ ასპარეზი პიროვნულ-ინტიმურ სამყაროს ეთმობა. კვარტეტი N4 “In memoriam” – მუსიკოლოგ გივი ორჯონიკიძის გარდაცვალების შემდეგ დაიწერა. ნაწარმოები მას მიეძღვნა – პიროვნებას, კომპოზიტორის თანამოაზრეს, სულხან ნასიძის ნაწარმოებების ერთ-ერთ პირველ შემფასებელს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის ცხოვრებაში.  ამდენად ნაწარმოები ძლიერი წუხილის მომცველია, რასაც ავტორი ხაზგასმული ზომიერებით გადმოსცემს. კვარტეტში კომპოზიტორი განზოგადებას ახდენს პიროვნების განვლილი გზის და ამასთანვე მისი დაკარგვით გამოწვეული განცდებს.  ორივე კვარტეტი (N3 და N4)  სიკვდილ-სიცოცხლის თემის სუბიექტურ პლანში გადაწყვეტას წარმოადგენს.

გასული საუკუნის 90-იანი წლები უმძიმეს პერიოდად შევიდა საქართველოს ისტორიაში. შეუძლებელი იყო ქვეყანაში დატრიალებული  მოვლენების  მიმართ გულგრილად დარჩენა. სულხან  ნასიძის შემოქმედებაშიც  ახალი ეტაპი დგება. გარესინამდვილის ტრაგიკული აღქმა ახალ ფაზაში შედის, მაგრამ ამასთანავე, იზრდება კათარზისის ხვედრითი წონა, რომანტიკული საწყისისადმი ფაქიზი დამოკიდებულების ხაზგასმა.  სამყაროს ამგვარი მსოფლაღქმა თავდაპირველად ვლინდება 80-იანი წლების ბოლოს  დაწერილ კონცერტში  ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის (1984) და კულმინაციას აღწევს უკანასკნელ სიმფონიაში „Infinitas” (“უსასრულობა”,1992 ).

სულხან ნასიძის ნაწარმოებთა უმრავლესობა, რომელთა აჟღერებაც გასული საუკუნის 60-90-იანი წლებში საქართველოს მუსიკალური ცხოვრების  უმნიშვნელოვანეს მოვლენებს  წარმოადგენდა,  დღეს კლასიკად არის ქცეული,  იმ ნაწარმოებებად  მოიაზრება,  ქართულ პროფესიულ  მუსიკას საერთაშორისო ასპარეზზე რომ  დაუმკვიდრებს ადგილი.

მრავლისმთქმელად მივიჩნევთ კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის სიტყვებს: „რომ არ ყოფილიყო სულხან ნასიძე ქართულ მუსიკაში და არა მარტო ქართულში, რაოდენ დიდი სიცარიელე დარჩებოდა” …

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე

 

 

 

Compositions