ფელიქს
ღლონტი

ფელიქს ღლონტი

(1927 – 2012)

 

ფელიქს (ფილიპ) ღლონტი — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

დაბადების თარიღი –  8 ნოემბერი, 1927

დაბადების ადგილი – ბათუმი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 29 აგვისტო, 2012

გარდაცვალების ადგილი – მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1950  – 1953  – ნ. რიმსკი–კორსაკოვის სახელობის ლენინგრადის კონსერვატორია (კომპოზიცია – პედაგოგი ქ. კუშნარევთან);

1955  – ბრუნდება საქართველოში და ამთავრებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, კომპოზიციის განხრით იონა ტუსკიას ხელმძღვანელობით;

1955 – ეწევა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას;

1978 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია;

 

ჯილდოები და აღიარება

დაჯილდოებული სხვადასხვა პრემიებით. მათ შორის: საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, აშშ–ის ფირმა Power Station–ის პრემია, საკავშირო პრემია, ბალეტისათვის „განთიადი“ (1967), პროკოფიევის სახელობის კომპოზიტორთა III საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1999).

1991 – 2012  – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი, გამგეობის მუდმივი წევრი

1979  – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1988  – საქართველოს სახალხო არტისტი

1992  – საქართველოს სახელმწიფო პრემია

1999  – ღირსების ორდენი
ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ფელიქს ღლონტი

(1927 – 2012)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

1970 – „იბერიელები“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ლეონიძე)

1976 – „კლეოპატრა“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. თაბუკაშვილი)

 

1967 – „განთიადი“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. ჭაბუკიანი)

 

საორკესტრო მუსიკა

1961 – სიმფონია N 1 – „მსოფლიოს ჰორიზონტები“

1967 – სიმფონია N 2

1969 – სიმფონია N 3

1971 – სიმფონია N 4

1974 – სიმფონია N 5

1979 – სიმფონია N 6 – „Vita Nova” – მეცო-სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1981 – სიმფონია N 7 – „Fiat Lux“ – გუნდისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი – დანტე)

1982 – სიმფონია N 8 – „სიმფონიური ჯგუფები, მათი ინვარიანტები და წარმოდგენები“ – დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1983 – სიმფონია N 9 – ელექტროროიალისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1984 – სიმფონია N 10 – „Pax Humana“ – სოლისტების, გუნდის, მკითხველისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი – ლ. ბახტრიონელი)

1987 – სიმფონია N 11 – „Mundus Apertus. The Open World“

1989 – სიმფონია N 12 – სიმფონია-ლიტურგია – სოპრანის, ბარიტონის, გუნდისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

 

1957 – „ბედი ქართლისა“ – სიმფონიური პოემა

1974 – „რომანტიკული სიმფონია“

 

1954 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1

2002 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 3

1976 – კონცერტი არფისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1977 – კონცერტი-სიმფონია – „სიმფონიური მედიტაციები ფ. პეტრარკას თემაზე“ – ვიოლონჩელოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1981 – სიმფონია-Concertante ფორტეპიანოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1985 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის – Concerto-Grosso „ცხოვრების მეტამორფოზები“

1998 – სიმფონია-Concertante – „მოგზაურობის წლები“ – ფორტეპიანოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1998 – სიმფონია-Concertante – „მოგზაურობის წლები“ – ფორტეპიანოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1999 – სიმფონია-Concertante – „მარიენბადული ელეგია“ – ვიოლონჩელოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1999 – სიმფონია-Concertante – ვიოლონჩელოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

 

ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1977 – „იბერიული ჰიმნები“ – საგუნდო ციკლი შერეული გუნდისთვის a Cappella –ვიოლონჩელოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის –  (ტექსტი – V – XI საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზიიდან)

1977 – „გმირული ორატორია“  („გალაკტიონი“) – სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი – გ. ტაბიძე)

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1953 – სიმებიანი კვარტეტი N 1

1985 – სიმებიანი კვარტეტი N 2

1987 – მუსიკა სიმებიანებისთვის

1967 – 10 ქორეოგრაფიული გრავიურა ფორტეპიანოსათვის

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

40-ზე მეტი სპექტაკლის ავტორი.

 

ფილმოგრაფია

1961  – „ბურთი და მოედანი“ – რეჟისორი  – ყარამან (გუგული) მგელაძე

1962  – „ალავერდობა“ – რეჟისორი  – გიორგი შენგელაია

1962  – „თეთრი ქალიშვილი“ – რეჟისორი  – ლეილა გორდელაძე

1965  – „ჯილდო“ – რეჟისორი  – გიორგი შენგელაია

1962  – „მე ვხედავ მზეს“ – რეჟისორი  – ლანა ღოღობერიძე

1977  – „სიცოცხლე ერმილეს“ – რეჟისორი  – ნიკოლოზ სანიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფელიქს ღლონტი

(1927 – 2012)

 

ფელიქს ღლონტის შემოქმედება ქართული პროფესიული მუსიკის ფრიად საინტერესო ფურცელია. ამ არაორდინარული ხელოვანის ძიებებს, ერთი ძირითადი მიზანი წარმართავდა – ზოგადსაკაცობრიო კულტურაში  ინტეგრირებისკენ სწრაფვა.  თავად კომოზიტორი შემდეგნაირად გამოხატავდა თავის მრწამსს: „დღეს მთელი კაცობრიობა მიილტვის ინტეგრაციისკენ და ამას არაფერი საერთო არა აქვს კოსმოპოლიტიზმთან. არ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩვენს პლანეტაზე ანვითარებდეს მხოლოდ ლოკალურს, მისი ტრადიციისთვის ჩვეულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თვისებებს”.

კომპოზიტორის დამოკიდებულება ზოგადად მუსიკისადმი უძველესი კულტურებიდან, შუა საუკუნეების ხელოვანთა მოძღვრებებიდან იღებს სათავეს, სადაც მუსიკას განიხილავდნენ სამყაროს კოსმიური, მისტიკური  განზომილების კონტექსტში. ფელიქს ღლონტი მუსიკას თანამედროვე საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების პრიზმაში იაზრებს. ნაწარმოების კონცეფციის გადმოსაცემად ბგერითი ხმოვანების, ნაწარმოების ფორმის, სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად თეორიული ფიზიკის ცნებებსა და ალგებრულ კანონებსაც კი მიმართავს.

მსოფლიო კულტურასთან ინტეგრირების ერთ-ერთ გზად კომპოზიტორს მხატვრული ლიტერატურა ესახება. მისი ნაწარმოებები ინსპირირებულია სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერალთა და ფილოსოფოსთა – პლატონის, დანტეს, პეტრარკას, შექსპირის,  ბრუნოს და სხვათა თხზულებებით.

ფ. ღლონტი კომპოზიტორი – მონუმენტალისტია. მას აზროვნების მასშტაბურობა ახასიათებს, მისი ნაწარმოებების უმრავლესობა მონუმენტურ ტილოებს წარმოადგენს.

ფელიქს ღლონტი ავტორია 12 სიმფონიის, 5 სიმფონია-კონცერტის, სიმფონიური პოემის „ბედი ქართლისა“, 2 ოპერის, ბალეტის „განთიადი“, ორატორიის „გმირული ორატორია-გალაკტიონი“, საგუნდო ციკლის – „იბერიული ჰიმნები“ a Capella შერეული გუნდისათვის,  მუსიკის დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

თავდაპირველად კომპოზიტორმა საზოგადოების ყურადღება გასული საუკუნის 60-იან წლებში მიიპყრო, როდესაც შესრულდა მისი სიმფონია N1 „მსოფლიოს ჰორიზონტები“ (პრემიერა შედგა 1965 წელს, თბილისში, 1966 წელს შესრულდა ბრიუსელში). თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმატებით დაიდგა ბალეტი „განთიადი“, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით (1967).  მაგრამ ფ. ღლონტის მხატვრულ-ესთეტიკური მრწამსი მთელი სისრულით გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოვლინდა.

XX საუკუნის 70-იან წლებშია შექმნილი კომპოზიტორის ორი ოპერა – „იბერიელები“, იგივე „კავკასიური პარსიფალი“ (ლიბრეტო გიორგი ლეონიძის ტექსტის მიხედვით, 1970) და „კლეოპატრა“ (ლიბრეტო რევაზ თაბუკაშვილის, უილიამ შექსპირის მიხედვით,1976). ორივე ოპერა თავისი ჟანრული ბუნებით, დრამატურგიული გააზრებით, მუსიკალური ენით სრულიად განსხვავებულ ნიმუშებს წარმოადგენს ქართულ საოპერო ხელოვნებაში. როგორც მომღერალი ნოდარ ანდღულაძე ამბობს: „ფელიქს ღლონტის შემოქმედებაში, და განსაკუთრებით, ოპერა-მისტერიაში „იბერიელები“ ამოტანილია ქართული ეროვნული მუსიკალური  მსოფლხედვის ისეთი სიღრმეები, რომლებიც მხოლოდ ამ ავტორის  შემოქმედებაში ჰპოვებენ, იძენენ მკაფიო კონტურებსა და აქტუალობას“. აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო საბჭომ განიხილა ოპერა „იბერიელები“ და  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დადგმის შესახებ, რაც, სამწუხაროდ,  არ განხორციელებულა.

70-იანი წლების ბოლოს (1979) მიეკუთვნება ღლონტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები – სიმფონია N6 “Vita Nova” („ახალი ცხოვრება“),   დანტე ალეგიერის სიტყვებზე.  როგორც ღლონტის შემოქმედების მკვლევარი, მუსიკოლოგი ნატო ჟღენტი წერს: „Vita Nova”-დან დასაბამს იღებს ის ტენდენციები, რომლებიც მისი მხატვრული სტილის ესთეტიკურ საყრდენს შეადგენენ. ეს თავისებური ბგერით-სივრცობრივი ესთეტიკა თავისი რეალიზაციისთვის სიმფონიის უნივერსალურ მოდელს მოითხოვს“. ამ დროს ვლინდება კომპოზიტორის პოზიცია დროისა და სივრცის გამოსახვასთან მიმართებაში, სწრაფვა მრავალფეროვანი ჟღერადობის ერთიანობის მისაღწევად. ამ პერიოდში აგრეთვე იქმნება ფ. ღლონტის შემოქმედების მნიშვნელოვანი მონაპოვარი, სიმფონია-კონცერტის ნიმუში – „მედიტაციები ფრანჩესკო პეტრარკას თემაზე“ ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის (პრემიერა შედგა პრაღაში, 1977 წელს).

80-იან წლებში დაწერილ ნაწარმოებებში ასახულია კომპოზიტორის ძიებები მიმართული თეორიული ფიზიკისა და მუსიკის სფეროთა ურთიერთშეღწევისაკენ, რაც გადაწყვეტილია ეგზისტენციალური ფილოსოფიის ჭრილში.  სამყაროს „კოსმიურ-პოეტური განწყობის“ კონცეფცია, საფუძვლად უდევს მის სიმფონია N10  “Paxs Humana” („ადამიანთა სამყარო“) დიდი სიმფონიური ორკესტრის, სოლისტების, გუნდისა და მკითხველისათვის ლადო ბახტრიონელის ლექსებზე და სიმფონია N11  “Mundus Apertus. The open wordl” – “ღია სამყარო“(1987) .

90-იან წლებში კომპოზიტორის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს სიფონია-კონცერტის ჟანრი. ერთმანეთს ენაცვლება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებები: სიმფონია-კონცერტანტე „მოგზაურობის წლები“ ფორტეპიანოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1998), სიმფონია-კონცერტანტე – „მარიენბადული ელეგია“ ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1999), სიმფონია-კონცერტანტე ვიოლინოსა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის. ამ ნაწარმოებებში ფართო პლანზე გამოდის კვანტური ფიზიკისა და მუსიკალური ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხებიც.

90-იანი წლების თხზულებებში ასევე წარმოჩნდება ღლონტისეული მოდერნისტული ესთეტიკა. სიმფონია-კონცერტის – „მარიენბადული ელეგიის“ შესახებ გერმანელი დირიჟორი ჰანს პრიმბერჰარდტი კომპოზიტორს წერდა: „თქვენი „მარიენბადული ელეგია“, რომელსაც მე ვდირიჟორობ, მოდერნისტული მუსიკის ბრწყინვალე ნიმუშია“.

ამ პერიოდში შექმნილი სიმფონია-კონცერტები წარმოადგენენ კომპოზიტორის მრავალწლიანი, მრავალმხრივი მიგნებების ერთგვარ შეჯამებას, რაც გულისხმობს მონუმენტური და კამერული სივრცეების, ზოგადსაკაცობრიო და სუბიექტური, პოეტური, სტიქიური და რაციონალური საწყისების თანაარსებობას.

ფელიქს ღლონტი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მომსწრე იყო არაერთი წარმატების საქართველოშიც, მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ მისი მუსიკალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ელის შემსრულებელს, მკვლევარს, მსმენელს…

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე