ჯარჯი
ბალანჩივაძე
ჯარჯი ბალანჩივაძე
(1941 – 2011)
ჯარჯი ბალანჩივაძე, ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი. კამერული ორკესტრის „ორფევსი“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
დაბადების თარიღი – 22 აგვისტო, 1941
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 02 ივნისი, 2011
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
ჯარჯი ბალანჩივაძე დაიბადა ქართული მუსიკალური ხელოვნების კლასიკოსის, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში და მუსიკის სამყაროს ბავშვობიდან ეზიარა.
1960 – დაამთავრა თბილისის ნიჭიერ ბავშვთა ათწლედი (დღეს: ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია).
1964 – დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო განხრით, გამოჩენილი პიანისტის, მარია იუდინას კლასში;
1972 – 1976 – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია.
კამერული საორკესტრო ანსამბლის “ორფევსი” დამაარსებელი და ხელმძღვანელი;
ავტორია მთელი რიგი სიმფონიური, კამერულ–ინსტრუმენტული და სხვა ნაწარმოებისა;
სხვადასხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების ტრანსკრიფციები კამერული საორკესტრო ანსამბლისთვის “ორფევსი”;
გამართული აქვს მრავალი სოლო კონცერტი. იგი პირველი შემსრულებელი იყო, ანდრია ბალანჩივაძის საფორტეპიანო ნაწარმოებების, მათ შორის N3, N4, N5 საფორტეპიანო კონცერტების. ჯარჯი ბალანჩივაძის რეპერტუარში იყო: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები, შოპენის ქმნილებები, პ. ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი N1 (b moll)…
მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში.
ჯარჯი ბალანჩივაძე მუსიკასთან ერთად, გატაცებული იყო ფერწერით. პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.
ოჯახი
ბაბუა – მელიტონ ბალანჩივაძე (1863 – 1937), კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933);
ბებია – მარია ფონ ალმენდინგენი (ვასილიევა)
ბიძა – ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) (1904–1983), ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ამერიკული საბალეტო სკოლისა და ნეოკლასიკური ბალეტის ფუძემდებელი – 300–მდე საბალეტო დადგმის ავტორი;
მამა – ანდრია ბალანჩივაძე (1906 – 1992), კომპოზიტორი, საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1957, 1968);
დედა – ნატუსია (პანა) ჯიბლაძე – მხატვარი
ძმა – ამირან ბალანჩივაძე (1934 – 1995)
და – ცისკარა ბალანჩივაძე – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი
მეუღლე – ქეთევან მაჭავარიანი – მუსიკოსი
ვაჟი – ანტონ ბალანჩივაძე – მხატვარი;
ჯილდოები და აღიარება
1960 – ამიერკავკასიის მუსიკოს–შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი;
1960 – საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი;
1991 – ფერენც ლისტის სახელობის მედლის მფლობელი (უნგრეთი);
1996 – რადეფორმვალდეს საპატიო მოქალაქე (გერმანია);
1972 – 1976 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი
1972 – 1976 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
ჯარჯი ბალანჩივაძე
(1941 – 2011)
ჯარჯი ბალანჩივაძე, ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი. კამერული ორკესტრის „ორფევსი“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
რჩეული ნაწარმოებები
საორკესტრო მუსიკა
1996 – სიმფონია N1
1999 – სიმფონია N2
2001 – „რომანსი“ – ხის ჩასაბერებისა და სიმებიანი ორკესტრისათვის
1981 – “ნაციონალური სიმღერა” მცირე სიმფონიური ორკესტრისათვის
1989 – „ჩვენ, როცა მკვდრები ვიქნებით“ სუიტა კამერული ორკესტრისათვის
(ჰენრიკ იბსენის მიხედვით)
2002 – „დილის სიუტა“ მცირე სიმფონიური ორკესტრისათვის ( 5 ნაწილად)
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1982 – 1987 – კვინტეტი ფლეიტის, კლარნეტის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და კონტრაბასისთვის
1972 – 2011 – „ბუნების სურათები“ – ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ვიოლონჩელოსთვის
1972 – 2011 – „ინდური ცეკვა“ – ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1972 – 2011 – „დღე და ღამე“ – საფორტეპიანო სუიტა
1972 – 2011 – „პეიზაჟი“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
ტრანსკრიფციები კამერული ორკესტრისათვის
ი. ს. ბახი – „გოლდბერგია ვარიაციები“(1985)
ქ. ვ. გლუკი – ოპერა „ორფეოსი“ (1980)
ლ. ვან ბეთჰოვენი – ოპერა „ფიდელიო“ (1975)
ვ. ა. მოცარტი – ოპერები: „დონ ჟუანი“ (1975), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1996)
ვ. ა. მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი №20 (d-moll), KV.466 (1989)
ვ. ა. მოცარტი „რეკვიემი“ (1989)
რ. შუმანი – საფორტეპიანო ციკლი „კარნავალი“ (2001);
ე. გრიგი – სუიტა „პერ გიუნტი“(1989)
ა. შონბერგი – „მთვარის პიერო“ (1978)
1976 – 1977 – შუმანის, შუბერტის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის რომანსების საორკესტრო ტრანსკრიფციები;
კინოსა და თეატრის მუსიკა
1981 – „მეთორმეტე ღამე“ – რეჟისორი – დიმიტრი ალექსიძე
1976 – 1977 – „ტარტიუფი“ – რეჟისორი – ნანა ხატისკაცი
1988 – 1991 – სპექტაკლები ჰ. იბსენის ნაწარმოებების მიხედვით: „პერ გიუნტი“, „როცა ჩვენ მკვდრები ვიქნებით“, „აჩრდილი“ – ვილფგან ფრიკეს დაკვეთით. გერმანია.
ფილმოგრაფია
2010 – „შანტრაპა“ – რეჟისორი ოთარ იოსელიანი
ჯარჯი ბალანჩივაძე
(1941 – 2011)
ჯარჯი ბალანჩივაძე გამორჩეული ხელოვანი იყო, მრავალმხრივი მუსიკოსი – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი, ამავე დროს მხატვარი …
ბალანჩივაძეების ოჯახი ის უნიკალური საგვარეულოა, რომლის რამდენიმე თაობის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კულტურას. ამ ოჯახის სათავეში იდგა მელიტონ ბალანჩივაძე – ახალი ქართული საკომპოზიტორო ხელოვნების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, პირველი ქართული სარომანსო და საოპერო ნაწარმოებების ავტორი, ხალხური მუსიკის ამაგდარი, საზოგადო მოღვაწე. მისი შვილები კი – გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი – ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი, ანდრია ბალანჩივაძე, კლასიკოსი კომპოზიტორი, რიგი პროფესიული ჟანრების წამომწყები, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი…
წლების მანძილზე ქართველი საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ მიკროსამყაროს ქმნიდა ანდრია ბალანჩივაძის არაორდინარული, ყველასგან განსხვავებული ხიბლით აღსავსე ოჯახი: მეუღლე – თვითნასწავლი მხატვარი – პანა ბალანჩივაძე, შვილები: ცისკარი, ბალეტის მსახიობი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ამირან ბალანჩივაძე – პროფესიით ფიზიკოსი, ასევე მოყვარული მხატვარი, მომღერალი… და ჯარჯი ბალანჩივაძე – მრავალმხრივი ხელოვანი… ამ „მიკროსამყაროს“ გამომზეურება პერიოდულად ხდებოდა კიდეც საზოგადოების წინაშე – ერთობლივ ოჯახურ გამოფენებსა თუ მუსიკალურ წარმოდგენებზე.
ჯარჯი ბალანჩივაძის მოღვაწეობის მთავარი სფერო პიანიზმი იყო, რომელიც იმთავითვე ავლენდა ნაწარმოებების მისეულ ხედვას. მის საკონცერტო პროგრამაში ცენტრალური ადგილი ეკავათ რომანტიკოს კომპოზიტორეიბს. და ამსთანავე, ხშირ შემთხვევაში მამის, ანდრია ბალანჩივაძის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელიც გახლდათ.
ჯარჯი ბალანჩივაძის ერთ-ერთ შემოქმედებით სწრაფვას სინთეტური ხელოვნება წარმოადგენდა. ამ მიზნით, თავის დროზე, მან ჩამოაყალიბა კამერული ანსამბლი „ორფევსი“, რომელიც კამერულ სინთეზურ-მუსიკალურ თეატრად გარდაიქმნა… ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, რომ თავისი ორკესტრისთვის იგი ქმნიდა ტრანსკრიფციებს მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობის სხვადასხვა ნიმუშბზე. ამ მხრივ აღსანიშნავია რ. შუმანის საფორტეპიანო ციკლის „კარნავალი“ საორკესტრო ტრანსკრიპცია. „ორფევსის“ ერთ-ერთი მიზანი იყო, საქართველოში აქამდე შეუსრულებელი ნაწარმოებების აჟღერება… ასე წარმოადგინეს მათ ბეთჰოვენის „ფიდელიო“, შონბერგის „მთვარის პიერო“, მესიანის საფორტეპიანო კვარტეტი „სამყაროს დასასრული“…
ჯარჯი ბალანჩივაძის პედაგოგს, ცნობილ პიანისტ მარია იუდინას მიაჩნდა, რომ მასში საკომპოზიტორო მიდრეკილება სჭარბობდა. თუმცა მრავალმხრივმა ინტერესებმა არ მისცა საშუალება წინა პლანზე წამოეწია ეს მისწრაფება.
ჯარჯი ბალანჩივაძე პერიოდულად ქმნიდა ნაწარმოებებს. გასული საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გამოცხადებულ კონკურსებზე მისმა თხზულებებმა – „ტრიადა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, სიმფონიური სურათი „ძეგლი“, უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ის ავტორია 2 სიმფონიის, სხვადასხვა დროს შესრულებულა მისი კამერული ნაწარმოებები: ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსათვის, ჩელოსათვის, ფლეიტისათვის, საფორტეპიანო ტრიო.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯარჯი ბალანჩივაძე თავის ანსამბლ „ორფეოსთან“ ერთად თანამშრომლობდა გერმანულ ახალგაზრდულ თეატრთან. მათი დაკვეთით დაიწერა მუსიკა იბსენის ნაწარმოებებისათვის: „პიერ გიუნტი“, „მოჩვენებანი“, „როცა ჩვენ, მკვდრები ვიღვიძებთ“.
მის ქმნილებებში საგრძნობია მუსიკოსის ინტერესთა მრავალფეროვნება – ფერწერით გატაცება, ფილოსოფიური აზროვნება, სიღრმე, აშკარაა მე-20 საუკუნის საკომპოზიტორო პროცესებით დაინტერესება. ჯარჯი ბალანჩივაძის საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ აღნიშნულა, რომ იგი „ფრანგული ფილიგრანობით“ ხასიათდება. შეიძლება ითქვას, რომ იგივე თვისება ატყვია მის საკომპოზიტორო თხზულებებსაც.
ჯარჯი ბალანჩივაძე თავის ორკესტრთან ერთად და სოლო კონცერტებით ხშირად იმყოფებოდა საგასტროლოდ და მართავდა თავისი ნახატების გამოფენებსაც საბჭოთა კავშირსა და ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში.
გერმანული გაზეთი „Koiner Stadt Anzeiger“ („კელნერ შტადტ ანცაიგერ) წერდა: „ჯარჯი ბალანჩივაძე დიდი ნიჭით დაჯილდოებული მაღალი რანგის მუსიკოსია, ღრმა და საინტერესო შემოქმედი – სიურპრიზებით აღსავსე“.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე