რევაზ
გაბიჩვაძე

რევაზ გაბიჩვაძე

(1913 – 1999)

 

რევაზ გაბიჩვაძე – ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967). რევაზ  გაბიჩვაძის ახალი  ქართული პროფესიული მუსიკის  მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც საზოგადოების წინაშე წარსდგა,   როგორც მსხვილი მუსიკალური ფორმების, კამერული ნაწარმოებების, ასევე მასობრივი და პოპულარული სიმღერების ავტორი.

 

დაბადების თარიღი – 29 მაისი (11 ივნისი), 1913

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 9 ივნისი, 1999

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1935 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია, კომპოზიციის განხრით (იონა ტუსკიას კლასი)

1935 – 1938 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის ასპირანტი

1938 –1980 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი

1963 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის პროფესორი

1941 წელს დაარსა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი

1941–1945 – საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის პირველი ხელმძღვანელი

1948 – 1952 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი

1982 – 1987 – საკავშირო კომპოზიტორთა სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი

 

ჯილდოები და აღიარება

1956 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1967 – საქართველოს სახალხო არტისტი

1980 – როსტოკის ოლქის (გერმანია) პრემიის ლაურეატი

რევაზ გაბიჩვაძე

(1913 – 1999)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

1957 – „ნანა“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ე. დიდიმამიშვილი)

1957 – „ჭრიჭინა“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. ბარათაშვილი, გ. შტეინი)

1966 – „ჩვენ, მშვიდობის დედები“ („ნიობეას აჯანყება“) – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ბ. სტარშევი)

1971 – „ჰამლეტი“ – ბალეტი 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. ჭაბუკიანი, ა. ხანდამიროვა)

1975 – „მედეა“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ალექსიძე)

1986 – „კაცი რომელიც იცინის“ – ბალეტი 2 მოქმედებად

 

საორკესტრო მუსიკა

1964 – სიმფონია N1

1966 – კამერული სიმფონია 9 საკრავისთვის

1968 – კამერული სიმფონია (სიმფონია ნონეტისათვის)

1970 – კამერული სიმფონია (9 ვარიაცია ნონეტისათვის)

1971 – სიმფონია N 2 – „ვოკალური“ – მეცო-სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1971 – სიმფონია N 3 – „როსტოკის“ – დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1975 – კამერული სიმფონია (ეძღვნება დ. შოსტაკოვიჩს)

1985 – სიმფონია სოპრანოსა და კამერული ორკესტრისათვის

1963 – სიმფონია  სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისთვის

 

1943 – „გამზრდელი“ – სიმფონიური პოემა

1967 – „Spiccato“ – სიმებიანი ორკესტრისათვის

1968 – „სწრაფი მოძრაობა“ – პიესა დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1967 – „2 ფაქტურა“ – კამერული ორკესტრისათვის

 

1974– „ჰამლეტი“ – დრამატული სუიტა ბალეტის „ჰამლეტის“ თემებზე

1975 – „უვერტიურა“ – დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

1978 – „მედეა“ – ქორეოგრაფიული პოემა დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის

 

1946 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1946 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1

1950 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2

1986 – კონცერტი ვიოლინოს, ვიოლონჩელოსთვის და სიმფონიური ორკესტრისათვის

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1945 – სიმებიანი კვარტეტი N1

1955 – სიმებიანი კვარტეტი N2

1963 – სიმებიანი კვარტეტი N3

 

1968 – „დივერტისმენტი“ – ხის ჩასაბერი საკრავების კვარტეტისათვის

1971 – 9 ვარიაცია ნონეტისათვის

1978 – სასულე კვინტეტი

1984 – „არლეკინის ცხოვრება“ – პატარა სიმფონია სასულე კვინტეტისათვის

 

1964 – სონატა ფორტეპიანოსათვის N1

1976 – სონატა N2  – „გელათი“ – ფორტეპიანოსა და ზანზალაკებისთვის

 

1975 – სონატინა ფორტეპიანოსათვის N1

1976 – სონატინა ფორტეპიანოსათვის N2

1977 – სონატინა ფორტეპიანოსათვის N3

1978 – სონატინა ფორტეპიანოსათვის N4

 

1931 – პრელუდი ფორტეპიანოსათვის

1958 – 6 პიესა ფორტეპიანოსათვის

1963 – 15 ინვენცია ფორტეპიანოსათვის

1969 – „ინტერვალების თამაში“ – სუიტა ფორტეპიანოსათვის

1975 – 7 მიკროსონატინა ფორტეპიანოსათვის

1975 – „განთიადი ოხრიდის ტბაზე“ – საფორტეპიანო პიესები მოზარდებისთვის

1976 – 3 ცეკვა ფორტეპიანოსათვის

1976 – 3 პრელუდია ფორტეპიანოსათვის

1978 – „დრამატული სცენები“  – ბალეტიდან „ჰამლეტი“ – ორი ფორტეპიანოსათვის

 

1939 – „არია“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1976 – 3 ცეკვა ბალეტიდან „ჰამლეტი“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1978 – დუეტი 2 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

 

1977 – სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

1977 – 2 პიესა საყვირისა და ფორტეპიანოსათვის

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1938 – „ვეფხისტყაოსანი“  – ორატორია ტენორის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – შ. რუსთაველი)

1975 – „გამარჯვება“ – სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ს. მიხალკოვი)

1976 – 2 სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ჯალილი)

1978 – „ჭეშმარიტება და სიყვარული“ – ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ა. პუშკინი)

1983 – ჩეხური და სლოვაკური ხალხური სიმღერები“ – სიმღერები ბავშვებისათვის ფორტეპიანოს თანხლებით – (ტექსტი – ს. მიხალკოვი)

მრავალი რომანსის ავტორი. მათ შორის:

„ელეგია“, „რისთვის მიყვარხარ“, „ზღვაო აღელდი“, „შევიშრობ ცრემლსა“, „ჩონგური“, „ივერიის მთებზე“, „ქართული ნანა“, „მაისის ვარდი“,

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

50-ზე მეტი დრამატული სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:

„სამშობლო“, „ჭიქა წყალი“, „ჭრიჭინა“, „გიორგი სააკაძე“, „ხევისბერი გოჩა“, „კოლხეთის ცისკარი“, „ძაღლი თივაზე“, „ქუთაისლები“, „განდეგილი“…

 

ფილმოგრაფია

1940 – „ქალიშვილი ხიდობნიდან“ – რეჟისორი – დიომიდე ანთაძე

1941 – „ცანის ხეობის საუნჯე“ – რეჟისორი – ზაქარია ბერიშვილი

1952 – „მწვერვალთა დამპყრობნი“ – რეჟისორი – დავით რონდელი

1979 – „მედეა“ – ფილმი-ბალეტი – რეჟისორი – გიორგი ალექსიძე, ელგუჯა ჟღენტი

1940 – „ჯიმარაი ჰოხ“ – რეჟისორი – ვლადიმერ ვალიშვილი

 

ანიმაცია

1938 – „რწყილი და ჭიანჭველა“ – რეჟისორი – კონსტანტინე ჭანკვეტაძე

1939 – „ნორჩი მსროლელი“ – რეჟისორი – კონსტანტინე ჭანკვეტაძე

1947 – „მამლაყინწა“ – რეჟისორი – ო. ჭიაურელი, ვლადიმერ მუჯირი, პ. მორაბი

1972 – „ახალი მთვარე“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე

 

 

 

რევაზ გაბიჩვაძე

(1913 – 1999)

 

რევაზ  გაბიჩვაძის შემოქმედება ახალი  ქართული პროფესიული მუსიკის  მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი  მრავლისმომცველია, ჟანრულად მრავალფეროვანი, რაც მთავარია,  წარმოადგენს ქართულ პროფესიულ მუსიკაში  მიმდინარე ძიებებისა და მეტამორფოზების პროცესების ანარეკლს.

რევაზ გაბიჩვაძე შემოქმედებითი გზის დასწყისიდანვე  საზოგადოების წინაშე წარსდგა,   როგროც მსხვილი მუსიკალური ფორმების, კამერული ნაწარმოებების, ასევე მასობრივი და პოპულარული სიმღერების ავტორი. პირველი მნიშვნელოვანი ქმნილებები გასული საუკუნის 30-იან წლებს მიეკუთვნება: სიმფონიეტა (1935 წ.), ორატორია „ვეფხისტყაოსანი“ გუნდის, სოლისტისა და ორკესტრისათვის (1937 წ.), პიესები ვიოლინოსათვის: „პოემა“ (1934 წ.), „არია“ (1936 წ.), საფორტეპიანო პრელუდია“ (1939). ამავე პერიოდში კომპოზიტორი  ინტენსიურად თანამშრომლობს თბილისის რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან.  ერთ-ერთი სპექტაკლისათვის დაწერილი მუსიკის საფუძველზე  შეიქმნა  სიუიტა “ნაპერწკლიდან“ სოპრანოსა და ორკესტრისათვის.

გასული საუკუნის 40-იან წლებში რევაზ გაბიჩვაძე ქმნის სიმფონიურ პოემას „გამზრდელი“ აკაკი წერეთლის პოემის მიხედვით (1944 წ.). ამ პერიოდში, რევაზ გაბიჩვაძის შემოქმედებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობა ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრს ენიჭება. კერძოდ იქმნება მისი ცნობილი კონცერტები  ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1947 წ.)   და ვიოლონჩელისა და  სიმფონიური ორკესტრისათვის (1951 წ.).  დასახელებული საკრავების სპეციფიკის და ტექნიკური შესაძლებლობების ცოდნა   კომპოზიტორს  საინტერესო მიგნებების პირობას უქმნის.   მისთვის ორკესტრის შესაძლებლობების შესწავლა იმდენად პრიორიტეტული სფერო ხდება, რომ თავად აარსებს და ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრს რასაც მოჰყვება სასიმღერო ჟანრისადმი ინტენსიური მიმართვა და კომპოზიტორის პოპულარობა საზოგადოებაში.

რევაზ გაბიჩვაძის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან  აღსანიშნავია გასული საუკუნის 50-იან წლები. ამ პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს მისი  ურთიერთიობა მუსიკალურ თეატრთან. აქ ხდება მისი სხვადასხვა გამოცდილების შეჯერება, რაც უკავშირდება  დრამატულ თეატრსა  და კინოხელოვნებას, აგრეთვე მუსიკის სხვადასხვა, ვოკალურ-სიმფონიურ თუ სასიმღერო  ჟანრებს. ამ დროს იქმნება   ოპერეტა  „ჭრიჭინა“  (1952 წ.) , მარიკა ბარათაშვილის „მარინეს“ მიხედვით. ეს ნაწარმოები წარმატებით დაიდგა სვერდლოვსკის  თეატრში.   ამას მოჰყვა  ოპერა „ნანა“ ( ა. არბუზოვის პიესის მიხედვით, ლიბრეტოს ავტორი ელენე დიდიმამიშვილი,1957 წ), ოპერის  პრემიერა შედგა   თბილისის საოპერო სტუდიაში, ავტორის დირიჟორობით.

გასული საუკუნის 50-იანი წლები  განსაკუთრებით მაინც იმით არის საგულისხმო, რომ   აქედან იწყება კომპოზიტორის მსოფლმხედველობრივი ევოლუციის პროცესი.  გაბიჩვაძისათვის დამახასიათებელი  ხდება  ფილოსოფიური ჩაღრმავებისკენ ლტოლვა, თანამედროვე მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე სიახლეების შესწავლა და შემოქმედებითად გამოყენება. სწორედ აღნიშნული სინთეზის ერთ-ერთი  მაგალითია მისი სიმებიანი კვარტეტი N 2 (1955 წ.).

კომპოზიტორის ინდივიდუალურ სტილზე საუბარი 60-იან წლებს უკავშირდება, სადაც   უკვე  იკვეთება, გართულებული ჰარმონიული ენა, პოლიფაქტურულობა, პოლიფონიური აზროვნება…  მეტამორფოზას განიცდის გაბიჩვაძის შემოქმედებითი მეთოდები  და ხერხები,  თუ  მანამდე  შექმნილი ნაწარმოებები სასიმღერო საწყისზე იყო დაფუძნებული, ახლა წინა პლანზე გამოდის რეჩიტატიულ-დეკლამაციური ჟღერადობა, თემატიური მასალის განვითარების ნაცვლად, კომპოზიტორი  მიმართავს  ინტონაციური საწყისების დაპირისპირებას, უპირატესობას ანიჭებს  სათქმელის თეზისურად გამოხატვას,  უფრო და უფრო სცილდება ტონალური სისტემის ფარგლებს და ატონალური ჟღერადობისკენ მიილტვის.

ზერმოთქმულის დადასტურებას წარმოადგენს  1963 წელს შექმნილი ნაწარმოებები: სიმებიანი კვარტეტი   N3   და  სიმფონია – სიმებიანი ორკესტრის, ფ-ნოსა და ლიტავრებისათვის.  ეს უკანასკნელი ფორმის, ორკესტრობის ახლებური შეგრძნებით  ხასიათდება. სიმფონია  წარმატებით შესრულდა უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, არგენტინაში და ა.შ.

რევაზ გაბიჩვაძის  შემოქმედებითი ძიებების ერთგვარ დაგვირგვინებად უნდა ჩაითვალოს 60-იან წლებში შექმნილი 2 კამერული სიმფონია, N 1 (1963) და  N2 (1968). ორივე სიმფონია დაიწერა გერმანიის ქალაქ როსტოკის დაკვეთით და პირველად იქ შესრულდა.    N1 სიმფონია  აგრეთვე აჟღერდა შვედეთში, ესპანეთში, N 2 სიმფონია – გერმანიის ქალაქებში, შვედეთში, ბულგარეთში.  ორივე ნაწარმოები დაწერილია ცხრა საკრავისათვის. ამ   ნაწარმოებებში    წინა პლანზე გამოდის მეტრო-რიტმული საწყისი, მოტორიკა.   კამერულ სიმფონია   N2 -ში   ავტორი სათქმელის გამოსახატავად გურული ხალხური მუსიკის დიალექტს მიმართავს. მისთვის გურული სიმღერა წარმოადგენს იმპროვიზაციული პრინციპის, ასევე  იუმორისტული  და გროტესკული იმპულსების წყაროს.  საზოგადოდ, რევაზ გაბიჩვაძისათვის პრიორიტეტული ხდება ქართული პროფესიული მუსიკის მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც  ეროვნული ფოლკლორული ელემენტებისა და თანამედროვე მუსიკალური აზროვნების სინთეზს ისახავს მიზნად.   აქედან გამომდინარე, კომპოზიტორის ცნობიერებაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს  მარადიული თემები.  ყოფნა-არყოფნის, სამყაროს არსებობის  საკითხებს ეხმიანება  გაბიჩვაძის   სიმფონია  N 2  – „ვოკალური“, დიდი სიმფონიური ორკესტრისა და მეცო-სოპრანოსათვის (1971 წ.). ავტორმა  თავისი ჩანაფიქრის  ხაზგასასმელად  XIX საუკუნის დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის,  ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „ ფიქრნი მტკვრის პირას“ მიმართა. N2  სიმფონიის შესახებ კომპოზიტორი ალექსანდრე შავერზაშვილი წერდა: „სიმფონია აღიქმება, როგორც ფრესკა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ისტორიული მოვლენების ცოცხალი  მოწმე“.

მსგავსი ფილოსოფიური მოტივებით არის ინსპირირებული  ასევე   სიმფონია  N 3,  დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1972 წ.). ნაწარმოების იდეური არსი   ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიიდან იღებს სათავეს, მას   ეპიგრაფად უძღვის  სიტყვები  ლექსიდან „მერანი“.   ნაწარმოები დიდ ქართველ კომპოზიტორს,  ზაქარია ფალიაშვილს მიეძღვნა. სიმფონიის ძირითად იდეას ძველ და ახალ სამყაროს შორის არსებული დაპირისპირება წარმოადგენს,  რასაც კომპოზიტორი   მაგნიტოფირზე ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლისა და  თანამედროვე მუსიკისათვის დამახასიათებელი ხმოვანების  კონტრასტული ჩვენებით ახდენს. სიმფონიის  შექმნა და აჟღერება  კვლავ  ქალაქ როსტოკს უკავშირდება   (ნაწარმოები პირველად როსტოკში შესრულდა, ქალაქის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მიერ,  გ. პულსის დირიჟორობით).

რევაზ გაბიჩვაძეს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილმა საბალეტო ნაწარმოებებმა:  „ჰამლეტმა“ (შექსპირის ტრაგედიის მიხედვით ლიბრეტოს ავტორები – ა. ხანდამიროვი და ვ. ჭაბუკიანი,1971 წ.)  და“‘მედეამ“ (ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, ლიბრეტოს ავტორი გ. ალექსიძე, 1975 წ.). აღნიშნული ნაწარმოებები დრამატული განვითარების სიმძაფრით, მუსიკალური ქსოვილის  მრავალპლანიანობით, ფერადოვანი ტემბრული ხმოვანებით ხასიათდება.  ბალეტ „ჰამლეტის“ შესახებ  მუსიკოლოგი  მირა ფიჩხაძე წერდა: „ნაწარმოებმა ყურადღება მიიქცია ჩანაფიქრის გაბედულებით, შექსპირული სახეების საინტერესო წვდომით“.

კომპოზიტორის ბოლოდროინდელი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია საბავშვო სიუიტა „არლეკინის ცხოვრება“ (სპილენძის ჩასაბერი საკრავებისთვის, 1984 წ.), ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ვიოლონჩელისათვის ორკესტრის თანხლებით (1986 წ.).

რევაზ გაბიჩვაძის მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი მუსიკალური მემკვიდრეობა თანმიმდევრულ კვლევასა და შესწავლას იმსახურებს.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე