ნოდარ
მამისაშვილი

ნოდარ მამისაშვილი

(1930 – 2022)

 

ნოდარ მამისაშვილი – კომპოზიტორი, პედაგოგი, გამომგონებელი, თეორეტიკოს–მკვლევარი, ქართველ 60–ანელთა თაობის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ამავე დროს ეროვნული აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპონდენტი. მისი ღვაწლი გამორჩეულია არა მხოლოდ საკომპოზიტორო შემოქმედების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ აღზარდა უახლესი ქართული საკომპოზიტორო სკოლის არა ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კომპოზიტორთა კავშირის წევრი…

დაბადების თარიღი – 15 დეკემბერი, 1930

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 10 იანვარი, 2022

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1956 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ანდრია ბალანჩივაძის კლასი);

1955 – 1963 – N 3 მუსიკალურ სასწავლებლის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგი;

1963 – 1972 – N 1  მუსიკალურ სასწავლებლის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგი;

1962 – 1977  – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის კათედრის პედაგოგი, დოცენტი;

1973 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი;

1977 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;

1967 – 1972 – საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალური გაყოფილების უფროსი;

1976 – საქართველოს რადიო და ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი;

1995 – პოლო–სტუდია “თეთრი კვადრატის” პრეზიდენტი;

1996 – ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთავარი კოორდინატორი;

1989 – სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიისა და ისტორიის პედაგოგი;

ავტორია მუსიკალური ნაწარმოებებისა: “ბაქია ბაჭია” (საბავშვო ოპერა), “შვიდი სიმფონია”, 4 საფორტეპიანო კონცერტი, საგუნდო ორატორიები და ციკლები, პიესები ორკესტრისთვის, ორღანისთვის, ფორტეპიანოსთვის და სხვ. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის, არა ერთი სამეცნიერო ნაშრომის…

ნოდარ მამისაშვილმა, მსოფლიოში პირველმა შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმინდა სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკლო სივრცეში.

 

ჯილდოები და აღიარება

1959 – სსრკ–ს კომპოზიტორთა კავშირის წევრი

1967 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1973 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი

ნოდარ მამისაშვილი

(1930 – 2022)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

1967 – „ბაქია ბაჭია“ – საბავშვო ოპერა 2 მოქმედებად

1963 – „სამი გასაღები“ – ბალეტი 2 მოქმედებად

 

საორკესტრო მუსიკა

1985 – სიმფონია N 1 – „ოცნება“

1986 – სიმფონია N 2 – „ადამიანო, მოგვეც მშვიდობა“

1989 – სიმფონია N 3 – „უკუნითი უკუნითის ჩვენებები“

1990 – სიმფონია N 4 – „სპექტრები“

1990 – სიმფონია N 5 – „ტრიპტიქი“

1993 – სიმფონია N 6 – „კაენის შვილები“

 

1977 – სიმფონია დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის, შერეული გუნდის, ბავშვთა გუნდისა და მაგნიტოფონისთვის

1956 – „ზღაპრები“ – სიმფონიური ფანტაზია

1959 – „ყინულის ობელისკი“ – სიმფონიური სურათი

1961 – „გურიაში“ („აკვარელები“) – სიმფონიური სუიტა

1963 – „სამი გასაღები“ – სიმფონიური სუიტა ბალეტის „სამი გასაღები“ მიხედვით

1966 – სიმფონიური ჩანახატები

1971 – 2 პიესა სიმფონიური ორკესტრისათვის

1972 – „საზეიმო უვერტიურა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1976 – „მომღერალი ხეობა“ – სიმფონიური სურათი

 

1961 – მცირე სუიტა კამერული ორკესტრისათვის

1971 – 3 პიესა კამერული ორკესტრისათვის

1977 – სიმფონია N 2 კამერული ორკესტრისათვის

 

1955 – ფანტაზია ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1964 – „პიონერული“ – კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის

1973 – კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის N 2

1961 – კონცერტი ჰობოისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1962 – კონცერტი საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1967 – კონცერტინო ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1979 – კონცერტი ფორტეპიანოს, ხის ჩასაბერი საკრავებისა და კამერული ორკესტრისათვის

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1964 – 6 მინიატურა სიმებიანი კვარტეტისთვის

1972 – კონცერტინო საფორტეპიანო კვინტეტისთვის

 

1958 – 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის

1961 – ბალადა – ფორტეპიანოსათვის

1962 – 2 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1963   3 პიესა კლავესინისთვის

1964 – პრელუდია, ქორალი და ფუგა ფორტეპიანოსათვის

1965 – 3 პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

1966 – 3 პიესა არფისთვის

1967 – ქორალი ორგანისათვის

1979 – „ლირიკული დღიურის ფურცლები“ – საფორტეპიანო ციკლი

1979 – „Scherzo barbaro“ – ფორტეპიანოსათვის

1980 – „სევდიანი ტრიპტიქი“ – საფორტეპიანო ციკლი

 

ვოკალური მუსიკა

1959 – 9 განწყობილება – გუნდისთვის a Cappella

1968 – 3  სიმღერა – ბავშვთა გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ა. კალანდაძე, ხალხური)

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა რადიოსპექტაკლებისთვის:

1956 – „ბაჭია“

1957 – „ნოდარის თავგადასავალი“

 

40-მდე დრამატული სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:

„სკაპენის ოინები“, „ცოცხალი პორტრეტი“, „ნანა ტყეში“, „ჭინჭრაქა“, „განდეგილი“

 

ფილმოგრაფია

1960 – „ჩქარი მატარებელი“ – რეჟისორი – ნანა მჭედლიძე

1964 – „აღმაფრენა“ – რეჟისორი – ნანა მჭედლიძე

1964 – „გზაში“ – რეჟისორი – ნანა მჭედლიძე

1967 – „დიდი მწვანე ველი“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

1968 – „ფერისცვალება“ – რეჟისორი – ლანა ღოღობერიძე

1969 – „დიდედები და შვილიშვილები“ – რეჟისორი – ნანა მჭედლიძე

1971 – „ზოია რუხაძე“ – რეჟისორი – დავით რონდელი

1971 – „მეთხუთმეტე ზაფხული“ – რეჟისორი – სოსო ჩხაიძე

1976 – „მწვერვალი“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

1977 – „როცა დედები შინ არ არიან“ – რეჟისორი – პავლე ჩარკვიანი

1978 – „იმედის მწვანე კუნძული“ – რეჟისორი – ომარ გვასალია

1981 – „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

1981 – „შვიდი პატარა მოთხრობა სიყვარულზე“ – რეჟისორი – გიორგი მატარაძე

1987 – „ეი, მაესტრო!“ – რეჟისორი – ნოდარ მანაგაძე

2003 – „ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

2005 – „უსუი“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

 

ანიმაცია

1958 – „ონავარი“ – რეჟისორი – კარლო სულაკაური

1976 – „ქვასანაყი“ – რეჟისორი – იოსებ სამსონაძე, ბონდო შოშიტაიშვილი

1977 – „ბუზღუნა“ – რეჟისორი – ოთარ ანდრონიკაშვილი

1978 – „ეკა და თიკანი“ – რეჟისორი – ოთარ ანდრონიკაშვილი

1979 – „ეშმაკუნას ოინები“ – რეჟისორი – იოსებ სამსონაძე

1980 – „ხმელი წიფელი“ – რეჟისორი – იოსებ სამსონაძე

1982 – „ბეჰემოტი და სიზმარი“ – რეჟისორი – იოსებ სამსონაძე

1982 – „შველი და მეისრე“ – რეჟისორი – გიორგი კასრაძე

1983 – „ჩიტი გამოფრინდება“ – რეჟისორი – იოსებ სამსონაძე

1980 – „ყურშა გაყოყოჩდა“ – რეჟისორი – გაბრიელ ლავრელაშვილი

1987 – „კერკეტი კაკალი“ – რეჟისორი – იოსებ სამსონაძე

1991 – „მოწმე“ – რეჟისორი – ბონდო შოშიტაიშვილი

 

დოკუმენტალისტიკა

1981 – „გზა“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

2007 – „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

2011 – „ღვინის აკვანი“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი

 

სამეცნიერო გამოკვლევები

„სამფაზიანი კომპოზიციის მუსიკალური სისტემის შესახებ“ – გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი 1978 წელი

ნოდარ მამისაშვილი

(1930 – 2022)

 

ნოდარ მამისაშვილის სახელის ხსენება მრავალგვარ ასოციაციას იწვევს: კომპოზიტორი, გამომგონებელი (49 გამოგონების ავტორი), მეცნიერი, რომლის ინტერესებისა და კვლევის არეალი სხვადასხვა დარგს მოიცავს: ასტროლოგია, კოსმოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფიზიკა, ქიმია, გეოლოგია, მეტალურგია, არქიტექტურა… ეს ნუსხა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

დღეს დამკვიდრებულია აზრი, რომ ნოდარ მამისაშვილს, როგორც კომპოზიტორსა და მოღვაწეს, არ მიეცა თავისი შემოქმედებითი და მეცნიერული იდეების სრულად რეალიზაციის ასპარეზი და შესაბამისად, ის არც ფართო საზოგადოებისთვის  არის ცნობილი.

ნოდარ მამისაშვილი ქართველ კომპოზიტორთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მე-20 საუკუნის ავანგარდული მუსიკის მიღწევები გაითავისა და მათი ეროვნულ საწყისებთან შერწყმით საკუთარი სიტყვა თქვა. მისი საკომპოზიტორო მოღვაწეობა სხვადასხვა მიმართულებით, მუდმივი ძიებების პროცესს წარმოადგენდა.

მისი სახელი კლასიკური მუსიკის მოყვარულმა ქართულმა საზოგადოებამ    ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებში გაიგო, როდესაც აჟღერდა  კომპოზიტორის  ორი, სტილისტურად სრულიად განსხვავებული ქმნილება: სკერცო ფლეიტისათვის და ტრიო ვოკალის, ვიოლინოსა და „შემზადებული“ ფორტეპიანოსათვის. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ავანგარდული მუსიკით ინსპირირებულ ნაწარმოებს, კომპოზიტორის ძიებების ერთ-ერთ პირველ  ნაყოფს მუსიკალური ენის, ტემბრული ჟღერადობის, ფორმის თვალსაზრისით. სწორედ აქედან იწყება კომპოზიტორის გატაცება მე-20 საუკუნის მუსიკაში მიმდინარე  ინოვაციებით, რომლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება იმ პერიოდის საბჭოთა ქვეყანაში მცხოვრები მუსიკოსისათვის  დიდ სირთულეს წარმოადგენდა.  60-იანი წლებიდან კი, როდესაც იწყება ქართულ კულტურაში  ახალი ეტაპი, ქართველი ხელოვანები თავისუფლდებიან  თავსმოხვეული შეზღუდვებისგან და ინფორმაციის მიღების  პირობებიც  ექმნებათ. ნოდარ მამისაშვილსაც თავის ინტერესთა ამოქმედების  სარბიელი ეძლევა.   მისი  გატაცების ობიექტებად  იქცევა არნოლდ შონბერგის 12-ბგერიანი დოდეკაფონიური, ატონალური სისტემა,  ოლივიე მესიანის „შეზღუდული ტრანსპოზიციის“ კილოები, პიერ ბულეზის „ინტეგრალური სერიალიზმი“. ამ შთაბეჭდილებებით, სახელდობრ, შონბერგის დოდეკაფონიის ზეგავლენით, მამისაშვილი  საკუთარ სისტემას ქმნის, რომლის ამოსავლად ეროვნულ კილო-ინტონაციას მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მამისაშვილი თხზავს ისეთ ნაწარმოებებსაც, სადაც ხდება ტონალური და ატონალური მუსიკის სინთეზი. ამ პრინციპითაა დაწერილი 3 პიესა კამერული ორკესტრისათვის, პიესები ალტისა და ჩელოსათვის.

ამ პერიოდის ქმნილებათაგან ყურადღება მიიპყრო სიმფონიურმა ჩანახატებმა  – „ცისფერი მოცეკვავე ქალები“, „შთაბეჭდილებები“. ეს ნაწარმოებები წამიერი შეგრძნებების გამოხატვით, რაფინირებული ჰარმონიითა და ფაქტურით იმპრესიონისტული მუსიკის ასოციაციას იწვევს. კომპოზიტორი წერს: „იმპრესიონისტული სტილი ახალი ბგერითი ჰორიზონტების დანახვის საშუალებას იძლეოდა და მე ამ შესაძლებლობას დიდი ენთუზიაზმით დავეწაფე“.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან  მამისაშვილის შემოქმედებაში წინა პლანზე გამოდის კიდევ ერთი საკომპოზიტორო პრინციპი – „კონსტრუქციული ბგერითი თამაში“. ამ პროცესის ერთ-ერთი გამოვლენაა საფორტეპიანო კონცერტინო  კვინტეტისთვის. ეს ნაწარმოები შესრულდა 1973 წლის 21 ნოემბერს, თბილისის კონსერვატორიის მცირე  დარბაზში  ჩატარებულ  ავანგარდული მუსიკის პირველ საღამოზე. ნაწარმოებმა ძლიერი ზემოქმედება  მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე,  თუმცა მას არ დაჰკლებია რადიკალური, უარყოფითი რეაქციებიც.  როგორც მუსიკოლოგი ნანა ლორია ამბობს:  „ქართულ მუსიკალურ სივრცეში პირველად აჟღერდა ნაწარმოები, რომელშიც მკაცრი რიცხობრივი გამოანგარიშება შემთხვევითობასა და შემსრულებლის თავისუფალ არჩევანს დაუკავშირდა. საფორტეპიანო კვინტეტის – კონცერტშტიუკის შემადგენელი ნაწილები ად ლიბატუმის ხერხით იცვლიდნენ ადგილს, ფორმა კი ინარჩუნებდა კრისტალურ სტურქტურას და მუსიკალურ კუბიკ-რუბიკთან იწვევდა ასოციაციას“.  ეს ნაწარმოები იმ პერიოდში  აგრეთვე შესრულდა ქალაქ დუბნოში და ახალგაზრდა მუსიკოსთა  და მეცნიერთა ინტერესი გამოიწვია.

70-იან წლებში საქართველოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნოდარ მამისაშვილის საბავშვო ოპერის „ბაქია ბაჭიას“ დადგმა. ამ ნაწარმოებმა   მაყურებელი მიიზიდა  ორიგინალური დრამატურგიული გადაწყვეტით, მოქმედ პირთა ცოცხალი, შთამბეჭდავი სახეებით. ოპერის მუსიკალური ენა დაფუძნებული იყო თანამედროვე ავანგარდული და ეროვნული მუსიკის სინთეზზე. აქაც ადგილი ჰქონდა  ტონალური და ატონალური პრინციპების თანაარსებობას. ეროვნული საწყისი აერთიანებდა კომპოზიტორის ნაირგვარ მიგნებებს. სამწუხაროდ, თბილისის ოპერის თეატრის ხანძარმა იმსხვერპლა „ბაქია ბაჭიას“ ერთადერთი სრული ხელნაწერი პარტიტურა.

ნ. მამისაშვილის მუდმივი სწრაფვა ინოვაციური იდეების განხორციელებისაკენ სხვადასხვა სახით ვლინდებოდა. მის გატაცებას მე-20 საუკუნის მუსიკისათვის აქტუალური საკითხით – ბგერითი ქსოვილის ორგანიზებით, სამფაზიანი საკომპოზიტორო სისტემის შექმნა მოჰყვა. კომპოზიტორმა  თეორიულად ჩამოაყალიბა „სამფაზიანი საკომპოზიტორო სისტემის“ კონცეფცია, რაც გამოიცა კიდეც (1978). „სამფაზიანი სისტემის“ ძირითადი არსი აკუსტიკურ,  ვერტიკალურ გააზრებაში, ფაქტურულ დაშრევებაში მდგომარეობს. აქ  ერთ-ერთ საფუძვლად   ავტორმა ეროვნული ფოლკლორის უნიკალური პლასტი – ქართული  მრავალხმიანობის პრინციპი გაიხადა. აღსანიშნავია, რომ ნ. მამისაშვილის შემოქმედებაში ერთდროულად ხდებოდა რაციონალური, ტექნიკური აზროვნებისა და სულიერ-მისტიკური განცდების გაღრმავება. სამყაროსა და ადამიანის დასაბამისა და მარადიული სიცოცხლის საკითხის წვდომის სურვილი  აერთიანებს მის მხატვრულ და მეცნიერულ ძიებებს. 80-იანი  წლების ნაწარმოებებში იგრძნობა სამყაროს კოსმიური წარმოსახვისკენ სწრაფვა.  აქ თანაარსებობს  პოეტური იდუმალების შეგრძნება და რაციონალური ნააზრევი.  ამდენად, მისი მხატვრული მიგნებები სამფაზიანი სისტემის გარშემო იყრის თავს.   კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა ამ მუსიკალურ-მხატვრულ სტილს „ასტრალური რომანტიზმი“ უწოდა. ამ სტილის თხზულებებს  მიეკუთვნება – სიმფონია N5 მაგნიტოფონების, 3 როიალის, ტენორისა და სოპრანოსათვის, სიმფონია N6 „კაენის შვილები“, სიმფონია N7 – ელექტრონული  „კაენი კოსმოსში,“  პოემა ორგანისათვის „დემონი“ და სხვა მრავალი.  ამ ნაწარმოებების  შესრულება ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. მათგან განსხვავებით პოპულარობა მოიპოვა საფორტეპიანო  პიესების ციკლმა – „ლირიკული დღიურის ფურცლები“. ციკლში, სადაც  თავს იყრის  მე-20 საუკუნის სხვადასხვა მიმდინარეობის  საკომპოზიტორო აზროვნების ნიშნები,  ეროვნული  ფოლკლორის ფაქტურულ-პოლიფონიური პრინციპები, ჩანს ავტორის თავისთავადი, ორიგინალური ხედვა. ციკლის დასკვნითი პიესა – „სკერცო- ბარბარო“ 2003 წელს  თბილისის პიანისტთა სართაშორისო კონკურსის რეპერტუარში შევიდა, როგორც სავალდებულო ნაწარმოები. ფართო გამოხმაურება მოჰყვა კომპოზიტორის ჩელოს კონცერტს „ჟამი გულისთქმისა“, რომელიც შესრულდა შვეიცარიაში ფესტივალზე “მუსიკა კოსმოსში“ (2006).

ნოდარ მამისაშვილმა დროთა განმავლობაში სამფაზიანი კომპოზიციის მრავალფეროვანი სპექტრი შექმნა, რომლის ნაირსახეობის გამაერთიანებელ სისტემას  –  „ჰოლოსისტემა“, „ჰოლოფონია”“ უწოდა. „ჰოლოსისტემაში“ დაწერილი ნაწარმოებები შესრულების განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. ნ. მამისაშვილმა საამისო სივრცითი არეალის პროექტიც  შეიმუშავა, რასაც „ჰოლოსტუდია“ უწოდა. ბოლო ათწლეულების მანძილზე კომპოზიტორის მიერ შექმნილ ნაწარმოებთა უმრავლესობა „ჰოლოსისტემაშია“ შექმნილი. მამისაშვილის „ჰოლოსისტემის“ შესახებ დაიწერა სადისერტაციო ნაშრომები ტაშკენტში, ერევანში, მისი მოსწავლე, კომპოზიტორი მარინა ადამია ამ სისტემით წარსდგა ედინბურგის კონკურსზე და წარმატება მოიპოვა.

ნოდარ მამისაშვილი ავტორია მუსიკისა სპექტაკლებისთვის, კინოფილმებისთვის, ანიმაციური ფილმებისთვის.  ის ქმნიდა სიმღერებს საკუთარ ლექსებზე. ბოლო პერიოდში   სულ უფრო მეტად   ხდება ცნობილი მამისაშვილის პოეტური ნიმუშები, რასაც ავტორი ისევ მუსიკას და სახელდობრ, სამფაზიან სისტემას უკავშირებს: „ლექსები ყველაზე უშუალო კავშირშია ჩემს მუსიკასთან. სამფაზიანი კომპოზიციის სისტემის სტრუქტურული ერთეულები ეწინააღმდეგებიან სერიებად ან ფრაზებად დაყოფის ჩვეულ წესებს. საჭირო პულსაციის ძიებამ ლექსის რიტმული წყობითა და მისი ფორმით დამაინტერესა და ამგვარად, პოეტური შემოქმედება საკომპოზიტორო შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცა“.

ნოდარ მამისაშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს წარმოადგენს ქართული ზარების  რეზონანსული განაწილება და ტაძრის აკუსტიკური ველის შემუშავება. თბილისის სამებისა და მახათას ტაძრების ზარები მისი სქემით არის ჩამოსხმული. ეს იყო  მამისაშვილის მიერ ქართული საგალობლისა და ზარების ხმოვანების ურთიერთმიმართების შესწავლის შედეგი. ეს ძიებები აისახა მის ნაწარმოებებშიც, მაგალითად,  a Capella საგუნდო ციკლებში – „და განანათლა კიდენი სოფლისანი“ ( ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს, 1986) და „განცდანი, დაუსაბამოსა მზისა“ (1980).

„მე მგონია, რომ ყოველი ადამიანი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ეროვნული მისიით იბადება“ – ამბობდა ნოდარ მამისაშვილი, რომლის მოღვაწეობა წარმოაჩენს მისი  მისიის მრავალმხრივობასა და მასშტაბებს, რისი შესწავლაც მომავლის საქმეა.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე