ლილი
შავერზაშვილი

ლილი შავერზაშვილი

(1940 – 2018)

 

ლილი (ელისაბედ) შავერზაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

შექმნი აქვს: ვოკალურ–სიმფონიური ციკლი მეცო–სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ოთხ ნაწილად, ვაჟა–ფშაველას ტექსტზე)), ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოები “დიალოგი” ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (ხალხურ ტექსტზე), სავიოლინო სონატა, Allegro ორკესტრისათვის, რომანსები, სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები, ვოკალური ციკლი “მთების სიმღერა” და “მუსიკა ორკესტრისათვის”…

დაბადების თარიღი –  28 ოქტომბერი, 1940

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 20 მარტი, 2018

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მუხათგვერდის სასაფლაოზე – თბილისი

ბიოგრაფიული მონაცემები

1964 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პედაგოგები: თავდაპირველად იონა ტუსკია, შემდეგ დავით თორაძე);

1965 – 1967 – საქართველოს რადიოს მუსიკალური რედაქტორი;

1967 წლიდან – თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი;

 

ჯილდოები და აღიარება

1966 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი

ლილი შავერზაშვილი

(1940 – 2018)

 

რჩეული ნაწარმოებები

საორკესტრო მუსიკა

1962 – „Allegro“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1976 – მუსიკა სიმფონიური ორკესტრისათვის

1977 – „საბჭოთა საქართველო“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1962 – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1971 – 5 პიესა ფორტეპიანოსათვის

1975 – 4 პოლიფონიური პიესა ფორტეპიანოსათვის

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1964 – ვოკალურ-სიმფონიური ციკლი მეცო-სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ვ. ფშაველა)

1972 – “მთების სიმღერა” – ვოკალური ციკლი მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ხალხური)

1972 – “დიალოგი” – ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიპტიქი ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ხალხური)

 

1961 – “საღამო თბილისის ზღვაზე” – რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – გ. აბაშიძე)

1968 – “ავთანდილის ლოცვა” – მონოლოგი მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – შ. რუსთაველი)

1972 – “დემეტრეს ლოცვა” – სოლო სოპრანოს, შერეული გუნდისა და ფლეიტისათვის მონოლოგი მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ლ. ჩანტლაძე)

1977 – “მიხეილ ხერგიანს” – ვოკალური ციკლი შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ვ. გოგოლაშვილი)

1977 – “წელიწადის დრონი” – ვოკალური ციკლი შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ვ. ლებედევა)

 

1969 – 5 სიმღერა ბავშვებისთვის

1974 – “სიმღერები ბავშვებს” – ქართველ პოეტთა ლექსებზე

1975 – 8 სიმღერა ბავშვებისთვის – (ტექსტი – ვ. ლებედევა, ვ. ტატარინოვი)

 

 

ლილი შავერზაშვილი

(1940 – 2018)

 

ლილი შავერზაშვილი – „შავერზაშვილების მუსიკალური დინასტიის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი მამა – ვასილ შავერზაშვილი – საქართველოში საესტრადო მუსიკის ფუძემდებელთაგანი გახლდათ,   მამიდა – თამარ შავერზაშვილი, ერთ-ერთი პირველი ქართველი  ქალი-კომპოზიტორი  და ქართული საბავშვო მუსიკის ფუძემდებელი,  ძმა – კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე შავერზაშვილი, რომლის შთამომავლებმაც გააგრძელეს ოჯახური ტრადიცია.

ლილი შავერზაშვილის პირველი საკომპოზიტორო ცდები გასული საუკუნის 60-იან წლებს მიეკუთვნება.: Allegro ორკესტრისათის (1962), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის  (1962), ვოკალურ-სიმფონიური  ციკლი მეცო-სოპრანოსათვის, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ვაჟა-ფშაველას ტექსტზე, (1969),  ნაწარმოები a Capella გუნდისათვის „ჩაის მკრეფავები“ (1967).

70-იანი წლებიდან თბილისის საკონცერტო ცხოვრების ამსახველ მასალებში უკვე ჩნდება ლილი შავერზაშვილის სახელი. იგი იპყრობს არა მხოლოდ ქართველი მუსიკოლოგების, არამედ ქართული მუსიკალური საზოგადოების ყურადღებას. სახელდობრ, ინტერესს იწვევს მისი ვოკალური ციკლები „დიალოგი“ (1971 წ.) და „მთის სიმღერები“ (1972 წ.).  ორივე ვოკალური ციკლი ხალხური პოეზიის ნიმუშებზეა დაფუძნებული.

აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის პროცესები, რომელიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ქართულ პროფესიულ მუსიკაში მიმდინარეობდა და რამაც ახალი აზროვნების, მსოფლხედველობის დამკვიდრება განაპირობა. ამ პერიოდში შეიქმნა ნაწარმოებები, რომელთაც შეცვალეს მოვლენათა მიმართ მიდგომა და გამოხატვის ფორმები. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს  საეტაპო ნაწარმოებები: სულხან ნასიძის  ვოკალური ციკლი „ქართული ხალხური პოეზიიდან“ (1969), თავისი საგულისხმო ნიშან-თვისებებით:  სამყაროს ფილოსოფიური აღქმით,  დამყარებული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური პოეზიის ნიადაგზე, საკომპოზიტორო ხერხების  ქართული ხალხური მუსიკის წიაღიდან ამოზიდვით, მასალის ციტირების გარეშე;   ასევე     იოსებ კეჭაყმაძის a Capella საგუნდო ციკლები – „ფშავური იდილიები“, ანა კალანდაძის ტექსტზე (1972), „ძველი თბილისის სურათები“ იეთიმ გურჯის, გიორგი  სკანდარნოვას და ხალხურ ლექსებზე (1976),  ქართული მრავალხმიანობის თანამედროვე, ახლებური გააზრებით, ახალი ინტონაციური სამყაროს შემოტანით. დასახელებულმა ნაწარმოებებმა გარდატეხა მოახდინეს  ქართულ საკომპოზიტორო აზროვნებაში და  ახალი გზები დასახეს.

ლილი შავერზაშვილმა მთლინად გაითავისა ის პოსტულატები, რომელიც ქართული პროფესიული მუსიკის ეპიცენტრში მოექცა.  ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ის ისწრაფვის მოვლენებისადმი საკუთარი მიდგომის წარმოჩენისკენ, კომპოზიტორი  რიგი საინტერესო გამომსახველი  ხერხებით და დრამატურგიული გააზრებით გადმოსცემს სათქმელს.

ლილი შავერზაშვილის ორი ვოკალური ციკლი – „დიალოგები“ და „მთის სიმღერები“ – ინტერესს იწვევს ფორმის მთლიანობით, კლასიკური პოლიფონიური ხერხებისა და ეროვნული ელემენტების სინთეზით. მუსიკოლოგი ელისაბედ ბალანჩივაძე აღნიშნავს თითოეული ციკლის ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებს: „დიალოგები“ წარმოადგენს დრამატურგიის განვითარების უწყვეტი ლოგიკის გამოხატულებას, „მთის სიმღერები“ კონტრასტული ჩანახატებია, აშკარა სახეობრივ-სტილური კავშირებით. ორივე ციკლში კომპოზიტორი ასახავს ფოლკლორული პოეტიკის ისეთ დამახასიათებელ თავისებურებას, როგორიცაა მიამიტი დეტალიზაცია და განზოგადების სიღრმე… „დიალოგში ლაპარაკია არამარტო პოეტური ტექსტიდან გამომდინარე დიალოგზე, არამედ მონოლოგური გამონათქვამების შინაგან დიალოგურობაზე, „მთის სიმღერებში“ –  ვოკალის ინსტრუმენტალიზაცია უპირისპირდება ინსტრუმენტული საწყისის ვოკალიზაციას“.

70-იან წლებიდან ლილი შავერზაშვილის ინტერესების არეალში იზრდება  საგუნდო ა კაპელური მუსიკის ხვედრითი წონა. 1975 წელს იგი წერს  a Capella საგუნდო ნაწარმოებს  – „ვინც მე მომიხმობს“ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე, 1977 წელს ქმნის  ორ  a Capella საგუნდო ციკლს – „მიხეილ ხერგიანს“ ვახტანგ გოგოლაშვილის ტექსტზე და „წელიწადის დრონი“ ლებედევის ტექსტზე. ამ ნაწარმოებებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ციკლი „მიხეილ ხერგიანს“, სადაც ცხადად გამოიკვეთა, რომ ავტორმა გაითავისა ახალი ეროვნული საგუნდო ჟღერადობა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნიკური ხერხებისა და ფოლკლორული საწყისის შერწყმას. ამ თვალსაზრისით, მან საკუთარი კონცეპტუალური ხედვა გამოავლინა.

ლილი შავერზაშვილმა ღირსშესანიშნავი ნიმუშები შესძინა   ქართული საფორტეპიანო მუსიკის ფონდს.  მისი ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელია პიანისტური ხელოვნების ფართო დიაპაზონის გათვალისწინება, აქაც გამოვლენილია ეროვნული ელემენტების ორგანული და გააზრებული შეზავება კლასიკურ, ევროპულ ნორმებთან. ეს ეხება მის  ხუთ პიესას ფორტეპიანოსათვის (1971 წ.),  ოთხ პოლიფონიურ პიესას  ფორტეპიანოსათვის (1975 წ.).

მისი საფორტეპიანო ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, ხშირ შემთხვევაში,  პიანისტი ეთერ გულისაშვილი იყო, რომელსაც წლების მანძილზე ჰქონდა საკონცერტო რეპერტუარში ლილი შავერზაშვილის ქმნილებები. აქედან  აღსანიშნავია საფორტეპიანო პიესა “ტანგო-კაპრისი“, რაც ყოველთვის მხურვალე გამოძახილს იწვევდა თავისი ტემპერამენტული, მგზნებარე სულისკვეთებით,   მძლავრი  პიანისტური რესურსის ამოქმედებით. ეთერ გულისაშვილს ეძღვნება ლილი შავერზაშვილის საფორტეპიანო ვალსი “რომანტიკული”. ეს ნაწარმოები საყურადღებოა ვალსის ჟანრის თანამედროვე ელფერით ახმიანებით,  რომანტიკული მიმდინარეობის მონაპოვრებისადმი ავტორისეული დამოკიდებულების ხაზგასმით, ვალსის ფუნქციის ახალ რეალობაში გააზრებით. ამ ორივე ნაწარმოებთან მიმართებაში უპრიანია მუსიკოლოგ რუსუდან ქუთათელაძის სიტყვები, რომელიც მან ლილი შავერზაშვილის “ტანგო-კაპრისთან” დაკავშირებით წარმოსთქვა: “ვფიქრობ და ვიმედოვნებ, არც თუ ცოტა პიანისტი ისურვებს თავის საკონცერტო პროგრამაში ამ პიესას მიუჩინოს ადგილი“.

კომპოზიტორის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საესტრადო სიმღერებს. ამ მხრივ აღსანიშნავია: „ია და ყაყაჩო“, „დილის სიმღერა“,  „მოლოდინი“ და სხვა.

ლილი შავერზაშვილმა  თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ პროფესიულ მუსიკაში და მისი შემოქმედებითი  მემკვიდრეობა   სათანადო ყურადღებას, გამომზეურებას, შესწავლას, აჟღერებას იმსახურებს.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე