ალექსანდრე
შავერზაშვილი

ალექსანდრე შავერზაშვილი

(1919 – 2003)

 

ალექსანდრე შავერზაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1951), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი.

დაბადების თარიღი –  8 ივლისი, 1919

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 20 მაისი, 2003

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1943 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ანდრია ბალანჩივაძის კლასი);

1947 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა;

1946 – 1955 – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური რედაქტორი, კინოქრონიკის კომპოზიტორი;

1946 – 1955 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის (ნიჭიერთა ათწლედი) პედაგოგი (კომპოზიცია, ორკესტრობის კურსი, თეორიული დისციპლინები);

1949 წლიდან  – მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი;

1958 – 1959 – საქართველოს ფილარმონიის კამერული განყოფილების ხელმძღვანელი;

1952 წლიდან  – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია  –  პედაგოგი –  დოცენტი (1960), პროფესორი (1971); (1968, პროფესორი, 1971, პრორექტორი);

1968 – 1979 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის გამგე;

1943 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი;

1951 – ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი – დისერტაციის თემა – „ სიმფონიური პოემები „ზვიადაური“ (შალვა მშველიძე) და „განდეგილი“ (გრიგოლ კილაძე) და მათი როლი ქართული სიმფონიზმის განვითარებაში“

 

ოჯახი

მეუღლე –  აზა ქავთარაძე (1919 – 2000) – მუსიკოლოგი

შვილები:

გიორგი შავერზაშვილი (1950) –  კომპოზიტორი, პიანისტი

მარინე შავერზაშვილი (1952 – 2022) –  ვოკალისტი

 

ჯილდოები და აღიარება

1946 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

1958 – საპატიო ნიშნის ორდენი

1961 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1979 – აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1982 – საქართველოს სახალხო არტისტი

1999 – ღირსების ორდენი
ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ალექსანდრე შავერზაშვილი

(1919 – 2003)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

1944 – „მზია“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. შავერზაშვილი)
1954 – „მარინე“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. ბარათაშვილი)
1964 – „ოიდიპოს მეფე“ – ოპერა-ორატორია – ერთ მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. შავერზაშვილი)
1966 – „ახალი ნაპირისკენ“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – პ. გრუზინსკი)
1973 – „ცეცხლოვანი წლები“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – პ. გრუზინსკი)

1958 – „მანევრები“ – ოპერეტა
1959 – „აღლუმი“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ჩ. გელეიშვილი)
1967 – „ნინო“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ნახუცრიშვილი)

1944 – „ელგუჯა“ – ბალეტი 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. შავერზაშვილი)

 

საორკესტრო მუსიკა

1945 – სიმფონია N 1
1962 – სიმფონია N 2
1976 – სიმფონია N 3 „კამერული“ – ეძღვნება დ. შოსტაკოვიჩს
1987 – სიმფონია N 4
1994 – სიმფონია N 5 – კამერული ორკესტრისათვის

1976 – „საზეიმო უვერტიურა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1944 – „ელგუჯა“ – სიმფონიური პოემა
1948 – „ქაჯეთი“ – სიმფონიური პოემა – შ. რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსანი“ მიხედვით
1981 – „მცირე მიწა“ – სიმფონიური პოემა
1954 – „ვალსი“ – სიმფონიური სურათი
1958 – „მტკვარი“ – სიმფონიური სურათი

1940 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1964 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1979 – კონცერტი ტრომბონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1945 – სიმებიანი კვარტეტი N 1
1976 – სიმებიანი კვარტეტი N 2
1988 – სიმებიანი კვარტეტი N 3

1967 – „ფანტაზია ჩეხურ თემებზე“ – სიმებიანი კვარტეტისთვის
1971 – სუიტა სიმებიანი კვარტეტისთვის
1973 – „მინიატურები“ – სიმებიანი კვარტეტისთვის – „ფუგეტა“, „ნაღვლიანი სიმღერა“, „ცეკვა-სკერცო“

1952 – საფორტეპიანო ტრიო N 1
1968 – საფორტეპიანო ტრიო N 2
1979 – საფორტეპიანო ტრიო N 3
1983 – საფორტეპიანო ტრიო N 4
1986 – საფორტეპიანო ტრიო N 5
1987 – საფორტეპიანო ტრიო N 6
1990 – საფორტეპიანო ტრიო N 7
1993 – საფორტეპიანო ტრიო N 8 „ლიტურგიული”
1955 – საფორტეპიანო კვინტეტი

1950 – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
1960 – 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის
1964 – ფანტაზია ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1965 – პრელუდია და ფუგა ორგანისთვის
1970 – სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1975 – სონატა ფორტეპიანოსათვის
1975 – 20 ქართული ხალხური მელოდია ფორტეპიანოსათვის
1978 – 13 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის
1979 – სონატა-ფანტაზია ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1950 – „ჰიმნი სამშობლოს“– კანტატა სოპრანოს, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ა. მირცხულავა)
1960 – „ჩემი სამშობლოს სიმღერები“– კანტატა სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ა. მირცხულავა, ი. გრიშაშვილი)
1977 – „ორი ფრესკა“ – კანტატა ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1977 – „იდუმალი ხმა“ – ვოკალურ-სიმფონიური ციკლი სოპრანოს, ბანისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1981 – კონცერტი სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

მრავალი რომანსის, სიმღერის, ინსტრუმენტული პიესების ავტორი

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა დრამატული თეატრისთვის – 40-ზე მეტი სპექტაკლის ავტორი. მათ შორის:

„ვერაგობა და სიყვარული“, „ია და ცისკარი“, „ტყის მეგობრები“, „კოჭლი მეწისქვილე“…

 

ფილმოგრაფია

დოკუმენტური ფილმები

1947 – „აკადემიკოს სიმონ ჯანაშია ხსოვნას“ – რეჟისორი – ირაკლი კანდელაკი
1948 – „ალექსანდრე ყაზბეგი“ – რეჟისორი – შალვა მარტაშვილი

 

 

ალექსანდრე  შავერზაშვილი

(1919-2003)

 

ალექსანდრე შავერზაშვილის სახელთან  დაკავშირებულია ახალი  ქართული პროფესიული  მუსიკის  მნიშვნელოვანი პროცესები. როგორც მუსიკოლოგი დოდო გოგუა წერს: „მის შემოქმედებაში, ფაქტობრივად, აირეკლა 40-50-იანი და 60-იანი წლების შემდგომი პერიოდის ქართული პროფესიული მუსიკის სააზროვნო სისტემაში მიმდინარე სტილისტური ევოლუციის დამახასიათებელი ტენდენციები, რამაც კომპოზიტორის ძიებებს მიანიჭა მუდმივად განახლებადი, მაგრამ შინაგანად კანონზომიერი პროცესის ხასიათი“.

კომპოზიტორის მუსიკალური მემკვიდრეობა მრავალრიცხოვნებით, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის მიმართავდა როგორც მსხვილი, ისე მცირე ფორმის ნაწარმოებებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმატება ხვდა მის ოპერებს „მარინე“ (1954), „ახალი ნაპირისაკენ“ (1966). ალექსანდრე შავერზაშვილი ავტორია 5 სიმფონიის, ბალეტის „ელგუჯა“ (1943), ოპერეტების,  ორატორიების, კანტატის, სიმფონიური პოემების, სიმფონიური სურათების, ვოკალურ-სიმფონიური, ვოკალური ციკლების, რომანსების და ა.შ.

ალექსანდრე შავერზაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრი. მის საფორტეპიანო, სავიოლინო კონცერტებს ასრულებდნენ ცნობილი  მუსიკოსები. აღსანიშნავია მისი კონცერტი ტრომბონისათვის (1979),  ქართული პროფესიული მუსიკის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს კონცერტი ხმისა (სოპრანო) და ორკესტრისათვის (1981).

პირველი ფართო აღიარება კომპოზიტორს საფორტეპიანო ტრიომ N1 (1952) მოუტანა. ამ ნაწარმოებს გამოეხმაურა დიმიტრი შოსტაკოვიჩი შემდეგი სიტყვებით: „ჩემი ყურადღება მიიქცია ალექსანდრე შავერზაშვილის ტრიომ (ა. იოხელესის, ნ. ბარშაის, ა. ფერკელმანის შესრულებით), ტრიოს მუსიკაში ჩაქსოვილია მგზნებარება, ემოციურობა, დინამიკურობა, სიხალისე, ავტორს ახასიათებს ნათლად გამოკვეთილი ინდივიდუალობა და მოწიფული ოსტატობა“.

ალექსანდრე შავერზაშვილის შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არაერთ მის ნაწარმოებს მიუპყრია ყურადღება ჩანაფიქრის გადმოცემის ორიგინალური გადაწყვეტით, ინტერესს იწვევდა კომპოზიტორის მიგნებები ფორმის, სტრუქტურის, გამოსახვის ხერხების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იყო მისი მიდგომა ეროვნული საფუძვლებისა და ევროპული, მე-20 საუკუნის საკომპოზიტორო ხელოვნების ნიშან-თვისებათა შერწყმისადმი. ეს ტენდენცია მის ნაწარმოებებში სხვადასხვაგვარად იჩენს თავს. მაგალითისთვის მოვიყვანთ ოპერა-ორატორია „ოიდიპოს მეფეს“ (1964), რომელიც, ერთი შეხედვით, იგორ სტრავინსკის ამავე სახელწოდების, ამავე ჟანრის ნაწარმოების ასოციაციას აღძრავს. შავერზაშვილის ოპერა-ორატორიის გაცნობისას კი თვალნათლივ ცხადდება მისი თავისთავადობა, წარმოჩნდება ნაწარმოების გენეტიკური ძირები – ქართული ხალხური მუსიკის წიაღი და ქართული კლასიკური ოპერა.

ეროვნული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის მონაპოვართა შეჯერების თავისებური გააზრების მკაფიო ნიმუშს წარმოადგენს ალექსანდრე შავერზაშვილის  სიმფონია N3 – „კამერული“ (1976), რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩის გარდაცვალებით არის  შთაგონებული და მის ხსოვნას ეძღვნება. ნაწარმოები დაწერილია შოსტაკოვიჩის მხატვრული სამყაროს, საკომპოზიტორო აზროვნების, მისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული გადაწყვეტის, თემატურ-ინტონაციური დამუშავების ხერხების ზეგავლენით. ამავე დროს, „კამერული სიმფონიაც“ ინტერესს იწვევს ამ სააზროვნო სისტემის   ქართულ ნიადაგზე გარდასახვით.

ალექსანდრე შავერზაშვილის საკომპოზიტორო მოღვაწეობის მანძილზე  გამოიკვეთა კამერული, საანსამბლო სფეროს პრიორიტეტულობა. კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები ასახავს შავერზაშვილის შემოქმედებითი მრწამსის ფორმირების პროცესებს, მნიშვნელოვან საკომპოზიტორო მიგნებებს. ეს არ არის შემთხვევითი.  ლირიკული, ინტელექტუალური საწყისები წარმართავდნენ კომპოზიტორის მხატვრულ ძიებებს, ამის გამოხატულებაა სიმებიანი კვარტეტები (N1 – 1945.  N2 -1963, N 3 -1976),  საფორტეპიანო კვინტეტი (1955), სონატა ვიოლინოსთვის (1950), სონატა ვილონჩელოსთვის (1970) და სხვ.

ალექსანდრე შავერზაშვილის მიერ განვლილმა შემოქმედებითმა ცხოვრებამ წარმოაჩინა, რომ კომპოზიტორისათვის ყველაზე მახლობელი ჟანრი საფორტეპიანო ტრიო აღმოჩნდა (იგი 8 საფორტეპიანო ტრიოს ავტორია). ამ ჟანრმა ყველაზე მეტად მისცა მის მხატვრულ ინტერესებს, საკომპოზიტორო პრინციპებს თანმიმდევრული  გამოხატვის საშუალება. მეორე მხრივ, ქართულ პროფესიულ მუსიკაში  საფორტეპიანო ტრიოს ჟანრის განვითარების, ევოლუციის ეტაპები უშუალოდ ალექსანდრე შავერზაშვილის სახელს უკავშირდება.

თუკი ალექსანდრე შავერზაშვილს საკომპოზიტორო მოღვაწეობის დასაწყისში  საფორტეპიანო ტრიომ (N1) მისცა მწვანე გზა, მისი მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამებაც საფორტეპიანო ტრიოში  (N8 „ლიტურგიული“, ეძღვნება სულხან ცინცაძის ხსოვნას,1993 წ.) მოხდა.  ეს ნაწარმოები  ამავე  პერიოდში დაწერილ სიმფონიასთან (N5) ერთად  აგვირგვინებს კომპოზიტორის შემოქმედებით გზას.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე