ზაქარია
ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი

(1871 – 1933)

 

ზაქარია ფალიაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის კლასიკოსი. ქართული ეპიკური და ლირიკულ–დრამატული საოპერო ჟანრის ფუძემდებელი.

დაბადების თარიღი –  16 აგვისტო, 1871

დაბადების ადგილი – ქ. ქუთაისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 06 ოქტომბერი, 1933

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში. სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსთან ფელიქს მიზანდართან წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში. მღეროდა ამავე ეკლესიის გუნდში.

1887 წლიდან – თბილისში ლ. აღნიაშვილის გუნდის ლოტბარია;

1891 – თბილისის სამუსიკო სასწავლებელში განაგრძობს სწავლას (ვალტორნა);

1895 – 1899 – სწავლას განაგრძობს ამავე სასწავლებელში თეორიულ დისციპლინებში;

1896 წლიდან – იწყებს ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერაა და დამუშავებაა

1896 წლიდან – იწყებს ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერას და დამუშავებას. ამ საქმიანობას ეწევა სიცოცხლის ბოლომდე;

1896 – ქმნის თავის  თავისი პირველ ნაწარმოებებს;

1900–1903 – სწავლას განაგრძობს მოსკოვის კონსერვატორიაში, ს. ტანეევის კლასში; ამავე პერიოდში, მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს;

1903 – ბრუნდება საქართველოში და იწყებს ინტენსიური შემოქმედებით, პედაგოგიურ და საშემსრულებლო მოღვაწეობას (ორგანისტი, დირიჟორი).

მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში;

1905 – აქტიურად მონაწილეობს “ქართული ფილარმონიული საზოგადოების” დაფუძნებაში;

1905 – დააარსა გუნდი და ორკესტრი;

1905 – მოსკოვში დაიბეჭდა ზ. ფალიაშვილის პირველი რომანსები;

1908–1917 – ხელმძღვანელობდა  “ქართული ფილარმონიული საზოგადოების” სამუსიკო სკოლას;

1908–1917 –  “ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოების” აქტიური წევრი;

1908–1917 –  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (ამჟამად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი) დირიჟორობდა სპექტაკლებს: ჟ. ბიზე „კარმენი“, ჯ. პუჩინი „ტოსკა“…

1918 წლიდან – თბილისის კონსერვატორიის პროფესორი;

1919, 1923, 1929–1932 – თბილისის კონსერვატორიის დირექტორი;

1919.21.02 –  ოპერა “აბესალომ და ეთერი” პრემიერა;

  1. 19. 12 – ოპერა „დაისის“ პრემიერა;

 

ფილმოგრაფია ზაქარია ფალიაშვილსა და მის შემოქმედებაზე

1949 – „ზაქარია ფალიაშვილი“ – რეჟისორი – შ. მარტაშვილი,  მ. ჭიაურელი

1970 – „ზაქარია ფალიაშვილი“ – რეჟისორი – დ. კობახიძე

1971 – „ზაქარია ფალიაშვილი“  – რეჟისორი – ვ. ვალიშვილი

1956 – „ეთერის სიმღერა“ – რეჟისორი – სიკო დოლიძე

1966 – „აბესალომ და ეთერი“ – ფილმი–ოპერა – რეჟისორი – ლეო ესაკია

1971 – „დაისი“ – ფილმი–ოპერა – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი

 

ჯილდოები და აღიარება

1925 – საქართველოს სახალხო არტისტი;

1937 წლიდან – მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

1937 წლიდან დღემდე – თბილისის ოპერისა და ბალეტის სეზონი იხსნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“

1971 წლიდან დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია

ზაქარია ფალიაშვილი

(1871 – 1933)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

1910 – 1919 – „აბესალომ და ეთერი“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – პ. მირიანაშვილი)

1966 წელს გადაღებული ფილმი-ოპერა „აბესალომ და ეთერი“ – რეჟისორი – ლეო ესაკია

  

1921 – 1923 – „დაისი“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. გუნია)

1971 წელს გადაღებული ფილმი-ოპერა „დაისი“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი

 

1926 – 1927 – „ლატავრა“ – ოპერა 5 მოქმედებად პროლოგით – (ლიბრეტო – ს. შანშიაშვილი)

 

საორკესტრო მუსიკა

1928 – „ქართული სუიტა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

 

ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1898 –„ქართული ლიტურგია“ – შერეული გუნდისთვის – (2010 – პრემიერა – აშშ, ვაშინგტონი – ქორმაისტერი – ფრედერიკ ბინქჰოლდერი)

1898 – მესა – (ქართულ მუსიკაში ამ ჟანრის პირველი ნიმუში)

1927 – საზეიმო კანტატა „ოქტომბრის რევოლუციის მეათე წლისთავს“ – (ტექსტი – ს. შანშიაშვილი)

 

მრავალი გუნდის ავტორი.

 

შეაგროვა და დაამუშავა 400-მდე ქართული ხალხური სიმღერა

ფონოგრაფით ჩაწერა 40-მდე ქართული ხალხური სიმღერა

მრავალი რომანსის ავტორი. მათ შორის:

„ნანა, შვილო“, „ქართული ნანა“, „რისთვის მიყვარხარ?“ – (ტექსტი – ი. ჭავჭავაძე)

„მიყვარდა“, „სინანული“, „ნუ თვალთმაქცობ“ – (ტექსტი – ი. გრიშაშვილი)

„ახალ აღნაგო სულო“ – (ტექსტი – დ. თუმანიშვილი)

 

 

ზაქარია ფალიაშვილი

(1871 – 1933)

 

ზაქარია ფალიაშვილი ახალი ქართული პროფესიული მუსიკის გამორჩეული კომპოზიტორია. მისი შემოქმედებით  იწყება ის დიდი გზა, რომელსაც  ქართული  საკომპოზიტორო ხელოვნება  თავისი თვითმყოფადი სახით  მსოფლიო არეალზე გამოყავს.

მუსიკოლოგ გულბათ ტორაძის სიტყვებით “ქართველი ერის კულტურულ საგანძურში უნიკალურ ხალხურ მრავალხმიანობასთან, დიდებულ არქიტექტურულ ძეგლებთან, შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანთან” ერთად ბრწყინავენ ზაქარია ფალიაშვილის ოპერები „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“ “. აღსანიშნავია, რომ ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერის“  პრემიერა ეროვნულ დღესასწაულში გადაიზარდა და  ეს თარიღი  (1919 წლის 21 თებერვალი) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად შევიდა ქართული კულტურის ისტორიაში.

ზაქარია ფალიაშვილმა, ისევე როგორც მისმა  თანამედროვე ქართველმა კომპოზიტორებმა, პირველი შემოქმედებითი ნიმუშები რომანსის ჟანრში შექმნა. დღეს ეს რომანსები ყურადღებას იქცევს თავისი მხატვრული ღირებულებით. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ეს ნაწარმოებები წარმოაჩენენ კომპოზიტორის მუსიკალური სტილის ძიებების, ჩამოყალიბების პროცესს. რაც მთავარია, ზ. ფალიაშვილი პირველად სწორედ რომანსის ჟანრში შეეცადა მოეხდინა  უნიკალური ქართული  ხალხური და ევროპული მუსიკის კანონზომიერებების სინთეზი.  რომანსების მიხედვით აგრეთვე  ვლინდება, რომ  კომპოზიტორს შემოქმედებითი გზის დასაწყისში იზიდავდა  ქალაქური, როგორც მას უწოდებდნენ,  „ტფილისური ფოლკლორი“, განსაკუთრებით მისი  აღმოსავლური განშტოება.

„ტფილისური ფოლკლორის“ გავლენითაა შექმნილი    ფალიაშვილის ერთ-ერთი პირველი რომანსი „ახალ აღნაგო სულო“. ნაწარმოები დაწერილია მე-19  საუკუნის ქართველი პოეტის დიმიტრი თუმანიშვილის ლექსის მიხედვით. რომანსის მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენს  „ტფილისური ფოლკლორის” ნიმუში, ამავე  ტექსტზე შეთხზული, ერთხმიანი სიმღერა “ახალო“, რომელიც იმდენად პოპულარული იყო, რომ ალექსანდრ პუშკინმაც მოიხსენია თავის  „მოგზაურობა არზრუმში“.

ამ ტიპის ნაწარმოებთა ნიმუშს წარმოადგენს მოგვიანებით დაწერილი რომანსი „რისთვის მიყვარხარ“, ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით. ეს რომანსი, ისევე როგორც შემდგომში ოპერები „დაისი“ და „ლატავრა“, კომპოზიტორმა მიუძღვნა თავის მეგობარ ქალს, მომღერალ ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლის. აღსანიშნავია, რომ ეს რომანსი ინტონაციურად უახლოვდება ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ ფრაგმენტებს, კიაზოს არიას „სულო ბოროტო“ და ცანგალას სიმღერას.

ზემოხსენებულ  რომანსებში „ტფილისური ფოლკლორისათვის“  ტიპურ ლირიკულ, სატრფიალო ხასიათს, აღმოსავლურ ელფერს კომპოზიტორი მელიზმატური ელემენტებით, ინტერვალური აგებულებით, გადიდებული სეკუნდის მოჭარბებით,   ქრომატიული სვლების სიხშირით ქმნის.

ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში ეროვნული  ხალხური, გლეხური სიმღერისა  და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმის პირველ მცდელობას წარმოადგენს რომანსი „ნანა შვილო“, იგივე „ქართული სიმღერა“, ილია ჭავჭავაძის ლექსის „ნანა, შვილო“ მიხედვით. რომანსი ეძღვნება კომპოზიტორის მეგობარს, ქართული საისტორიო მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუძემდებელს, ივანე ჯავახიშვილს.  აქ  ფალიაშვილმა მიმართა  ქართულ ხალხურ სიმღერას „ნეტამცა მომკლაცა“, რომელიც მანამდე ნოტებზე კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ჩაიწერა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, გურიის  სოფელში. ნაწარმოები თავისი მელოდიური აღნაგობით, საორგანო პუნქტის გაძლიერებით ქართულ ხალხურ სიმღერის ჟანრს, „ნანას“ უახლოვდება, საფორტეპიანო თანხლებით კი  ევროპულ კლასიკურ მუსიკასთან  შეხებას ადასტურებს.    მუსიკოლოგ პავლე ხუჭუას სიტყვებით, ამ  რომანსში „ბევრი რამ არის ისეთი, რაც ინტონაციურად, რიტმულად და ჰარმონიულად უშუალოდ ენათესავება კომპოზიტორის მოგვიანო ნაწარმოებებს, პირველ ყოვლისა, „აბესალომ და ეთერის“ მუსიკალურ ენას“.

ქართული ფოლკლორისათვის დამახასიათებელი  ჰარმონიული მიმოქცევები ჟღერს რომანსში „ნანა“ (რუსი პოეტის მიხეილ ლერმონტოვის ლექსის მიხედვით), რომელიც ასევე ნადეჟდა -აბაშიძე-ბუზოღლის ეძღვნება. თუმცა ეს  რომანსი ჯერ კიდევ კომპოზიტორის ძიებათა რიგს მიეკუთვნება.  ამიტომაც, კომპოზიტორს არ  ჩაუთვლია საჭიროდ მისი დაბეჭდვა.

პოეტ იოსებ გრიშაშვილის პოეზიითაა შთაგონებული რომანსები: „მიყვარდა“ და „ნუ თვალთმაქცობ“. ორივე რომანსი კომპოზიტორმა მიუძღვნა თავის ძმას, ერთ-ერთ  პირველ ქართველ პროფესიონალ დირიჟორს, ივანე ფალიაშვილს. „მიყვარდა“ ლირიკულ-სატრფიალო რომანსის საყურადღებო ნიმუშია. ნაწარმოები გმირის შინაგანი განცდების მოზღვავებით,  ფსიქოლოგიური ფონის გაძლიერებით, შეიძლება ითქვას, რომ  კომპოზიტორის ოპერების მხატვრული სამყაროს წინამავალი საფეხურია. რაც შეეხება რომანსს „ნუ თვალთმაქცობ“, ეს მსუბუქი, ჟანრული ხასიათის ნაწარმოები ყურადღებას იქცევს  ქართული ხალხური საკრავის,  გუდასტვირის იმიტაციით და ამ საკრავთან დაკავშირებულ ფოლკლორულ პოეტურ-მუსიკალურ ფორმასთან – შაირთან მიმსგავსებით. ეს ხერხები შემდგომში ფართო განვითარებას ჰპოვებს ოპერა „დაისში“. „ნუ თვალთმაქცობ“ ვოკალური ხაზის მიმოქცევითა და საკადანსო ბრუნვით „აბესალომის“ ფრაგმენტებსაც უახლოვდება.

ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ფალიაშვილის რომანსების მიმართ. მაგალითად, ამ ჟანრის ერთ-ერთი ნიმუში ლაიტმოტივად გასდევს მის  შესახებ გადაღებულ შთამბეჭდავ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს. რომანსების აჟღერებით ემატება შტრიხები კომპოზიტორის პორტრეტს.

და იმის მიუხედავად, რომ რომანსის ჟანრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კომპოზიტორის შემოქმედებაში, ეროვნულ საკომპოზიტორო სკოლის ისტორიაში, საზოგადოდ კი ქართულ კულტურაში, მისი სახელია უკვდავია უპირველეს ყოვლისა ოპერით „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“. ეს გენიალური ქმნილებები დღემდე გადაულახავ მხატვრულ სიმაღლეს წარმოადგენს ქართულ საოპერო ჟანრში და ჭეშმარიტად სახალხო მონაპოვრადაა აღიარებული.

 

მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე