არჩილ
კერესელიძე
არჩილ კერესელიძე
(1912 – 1971)
არჩილ კერესელიძე — ქართველი კომპოზიტორი, ქართული საკომპოზიტორო სკოლია გამორჩეული წარმომადგენელი. მისი მუსიკა მოიცავს სხვადასხვა ჟანრებს, რომელთა შორის არის: ქართული ესტრადა, ოპერეტა, დრამატული თეატრი, კინომუსიკა. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
დაბადების თარიღი – 24 დეკემბერი, 1912
დაბადების ადგილი – დაბა. ღუნიბი, დაღესტანი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი – 21 დეკემბერი, 1971
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1934 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიტორო (ს. ბარხურდარიანის კლასი) და საფორტეპიანო (ანასტასია ვირსალაძის კლასი) ფაკულტეტები;
1939 – პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პედაგოგები: გ. ლიტინსკი, დ. კაბალევსკი, ნ. მიასკოვსკი);
1940 – 1944 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიი9ს პედაგოგი (პოლიფონია);
1940 – 1946 – კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე;
1953 – 1971 – კინოსტუდია “ქართული ფილმის” მუსიკალური რედაქტორი;
ჯილდოები და აღიარება
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და გამგეობის წევრი
საპატიო ნიშნის ორდენი
1950 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1958 – ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1961 – საქართველოს სახალხო არტისტი
1974 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
არჩილ კერესელიძე
(1912 – 1971)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1945 – „მოკვეთილი“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. მგელაძე, ირ. გოცირიძე)
1946 – „ბაში-აჩუკი“ – ოპერა 4 მოქმედებად – მესამე რედაქციით „ბერუჩა“ – (ლიბრეტო – ჭ. გელეიშვილი)
1961 – „ცისარტყელა“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ჭ. გელეიშვილი)
1965 – „მსხვერპლი“ – ოპერა 2 მოქმედებად
უთარიღო ოპერები
„მაია“
„ჩემი შვილი აზათი“ – (ლიბრეტო – შ. ლორთქიფანიძე, ი. კავკაზაგი)
1947 – „ნაზიბროლა“ – ბალეტი 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. გავარამაძე)
1973 – „ბერიკაობა“ – ბალეტი 1 მოქმედებად
1945 – „მსახიობის სიყვარული“ – მუსიკალური კომედია
1948 – „სიმღერის ძალა“ – მუსიკალური კომედია
1949 – „თბილისის ცის ქვეშ“ – მუსიკალური კომედია
1951 – „სამი პატარძალი“ – მუსიკალური კომედია
1961 – „მანანა“ – მუსიკალური კომედია
1962 – „ჯაზომანია“ – მუსიკალური კომედია
საორკესტრო მუსიკა
1940 – სიმფონია N 1
1944 – სიმფონია N 2
1966 – „მთვარის სიმფონია“
1940 – საზეიმო უვერტიურა – სიმფონიური ორკესტრისათვის
1942 – საზეიმო სუიტა – სიმფონიური ორკესტრისათვის
1951 – სუიტა – სიმფონიური ორკესტრისათვის
1961 – უვერტიურა-კარნავალი – სიმფონიური ორკესტრისათვის
1963 – სადღესასწაულო უვერტიურა – სიმფონიური ორკესტრისათვის
1966 – სადღესასწაულო უვერტიურა – სიმფონიური ორკესტრისათვის
1941 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1949 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1947 – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის
1944 – ჯაზ-კონცერტი – სიმფონიური ორკესტრისათვის
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1949 – „თბილისი“ –კანტატა
1968 – „სიმღერა საქართველოზე“ – კანტატა – (ტექსტი – გ. ტაბიძე)
1972 – „ვედრება“ – კანტატა – (ტექსტი – გ. ტაბიძე)
მრავალი სიმღერისა და მუხამბაზის ავტორი.
კინოსა და თეატრის მუსიკა
მუსიკა თეატრისთვის – 100-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
,,დავით აღმაშენებელი”, ,,მეფე ერეკლე”, ,,მოძღვარი”, ,,რომეო და ჯულიეტა”, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, ,,ანტონიუსი და კლეოპატრა”, ,,მოსო ვარსკვლავი”, ,,ხარატაანთ კერა”, ,,კაცია ადამიანი?!”, ,,მარინე”, ,,მაია წყნეთელი”, ,,ახალი ფუძე”, ,,სანაპიროზე”, ,,ძველი ვოდევილები”…
ფილმოგრაფია
1948 – „ქეთო და კოტე“ – რეჟისორი – ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
1949 – „ბედნიერი შეხვედრა“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1950 – „გაზაფხული საკენში“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1955 – „ზღვის ბილიკი“ – რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე
1956 – „ჩვენი ეზო“ – რეჟისორი – რეზო ჩხეიძე
1958 – „ფატიმა“ – რეჟისორი – სიკო დოლიძე
1958 – „სხვისი შვილები“ – რეჟისორი – თენგიზ აბულაძე
1958 – „ორი ოჯახი“ – რეჟისორი – დავით კანდელაკი
1960 – „კარდაკარ“ – რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ აბესაძე
1962 – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – რეჟისორი – თენგიზ აბულაძე
1970 – „დიდოსტატის მარჯვენა“ – რეჟისორი – ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
1970 – „გოგონა და ჯარისკაცი“ – რეჟისორი – თემურ ფალავანდიშვილი
ანიმაცია
1950 – „ნებიერი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
1950 – „მამაცი მთამსვლელები“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე, ვლადიმერ მუჯირი
1951 – „ჯაფარა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე, სანდრო შანშიაშვილი
1951 – „ფრთოსანი მეგობრები“ – რეჟისორი – ვლადიმერ მუჯირი
1952 – „ღატაკის ბედნიერება“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე, ვლადიმერ მუჯირი
დოკუმენტალისტიკა
1958 – „მზიური აჭარა“ – რეჟისორი – შალვა ჩაგუნავა
არჩილ კერესელიძე
(1912 – 1971)
„არჩილ კერესელიძის შემოქმედების მთელი საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არაჩვეულებრივი ძალით იდგა მშობლიურ მიწაზე და ყოველი ჰანგი, ყოველი ბგერა მხოლოდ ხალხის გულის სიღრმიდან, მისი წიაღიდან იყო წამოსული“ – წერდა კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.
არჩილ კერესელიძეს, თავის დროზე, დიდი პოპულარობა მოუტანა მუსიკამ დრამატული სპექტაკლებისთვის, კინოფილმებისათვის. ის ქართული საესტრადო ხელოვნების ერთ-ერთ სახედ იქცა. დღევანდელი გადასახედიდან, უმნიშვნელოვანესია არჩილ კერესელიძის როლი და ღვაწლი ქართული კინომუსიკის განვითარებაში.
მისი შემოქმედების გზის გამკვალავები იყვნენ ერთის მხრივ, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მეორეს მხრივ კი ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი – ანასტასია ვირსალაძე… კომპოზიტორისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იყო მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი, რომლის შედეგსაც წარმოადგენდა საფორტეპიანო კონცერტი, სიმფონია N1, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შესრულდა. უკრაინელმა კომპოზიტორმა კონსტანტინ დანკევიჩმა კერესელიძის პირველი სიმფონია „დახშულ ოთახში შემოჭრილ აუარება სუფთა ჰაერს“ შეადარა. წარმატება ხვდა ამ პერიოდში დაწერილ სხვა ნაწარმოებებსაც: საფორტეპიანო სონატას, ტოკატას, საზეიმო უვერტიურას…
არჩილ კერესელიძის შემოქმედებით ცხოვრებაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაქარია ფალიაშვილმა „დაისის“ რედაქტირებისას, ოპერაში შეიტანა მისი დაწერილი ცეკვები -„ფარიკაობა“ და „მთიულური“.
კომპოზიტორის მოღვაწეობის მნიშნელოვანი ეტაპი ოპერა ‘ბაში-აჩუკს“ უკავშირდება. ოპერის პრემიერას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1946), დიდი წარმატება ხვდა წილად. არჩილ კერესელიძის ხალასმა მელოდიურმა სტიქიამ აქ მიზანმიმართული, მასშტაბური სახე მიიღო. თავი იჩინა კომპოზიტორის სხვა პროფესიულმა უნარებმაც. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ საოპერო, საანსამბლო ფორმების ოსტატურად ჩამოყალიბებას, აგრეთვე საინტერესო პოლიფონიური აზროვნების გამოვლენას. თუმცა, შენიშნავდნენ ნაკლოვანებებსაც, რაც უმთავრესად დრამატურგიულ მხარეს შეეხებოდა და ოპერის ლიბრეტოდან მოდიოდა. ამიტომაც, კომპოზიტორმა მუშაობა გააგრძელა ნაწარმოების სრულყოფაზე. ოპერა ახალი რედაქციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, “ბერუჩას” სახელწოდებით, 1955 წელს დაიდგა.
არჩილ კერესელიძე ერთ-ერთი კომპოზიტორი გახლდათ, ვინც ეროვნული ოპერეტის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იგი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრთან. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი ოპერეტა “თბილისის ცის ქვეშ” (1949).
არჩილ კერესელიძეს ეკუთვნის მუსიკა 100-მდე დრამატული სპექტაკლისთვის, რომელთა წარმატებაშიც მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. ამ სფეროსთან მისი ურთიერთობა რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს უკავშირდება. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევრით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგმული სპექტაკლით – ‘სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (1940) იწყება ახალი ეტაპი კომპოზიტორის ცხოვრებაში. მან აგრეთვე იმუშავა სპექტაკლებზე რეჟისორებთან – ვასილ ყუშიტაშვილთან, არჩილ ჩხარტიშვილთან, ვასო გოძიაშვილთან, თანამშრომლობდა თბილისის რუსთაველისა და გრიბოედოვის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა, მინიატურების, ქუთაისის, სოხუმის, თელავის დრამატულ თეატრებთან.
ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი, როგორც არჩილ კერესელიძის თეატრალური მოღვაწეობის, ასევე მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში „ძველი ვოდევილები“ გახლდათ (რეჟიასორი ვ. გოძიაშვილი). ამ ელვარე, ხალასი იუმორით აღსავსე სპექტაკლის დიდი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი მუსიკა იყო, რომელიც ერთდროულად მჩქეფარე ენერგეტიკის მუხტსა და მაღალი გემოვნებით აღსავსე ატმოსფეროს ქმნიდა.
არჩილ კერესელიძის პირველი შეხება კინემატოგრაფთან, ასევე ვახტანგ ტაბლიაშვილსა და მის ფილმს „ქეთო და კოტეს“ უკავშირდება. კომპოზიტორს, ამ შემთხვევაში, მეტად რთული ამოცანის გადაჭრა მოუხდა. მას ვიქტორ დოლიძის ოპერა კონომატოგრაფიულ პლანში უნდა გაეაზრებინა. ამავე დროს, ფილმის დრამატურგია ახალი დეტალებით შევსებას მოითხოვდა. კერესელიძის მიერ შექმნილი ახალი მუსიკალური ნომრები: “ერთხელ ვიხილე”, “მუხამბაზი” („გინდ მეძინოს“), “ცეკვა შანდლებით” ჰარმონიულად შეერწყა დოლიძისეულ სტილისტიკას, ყოველივე ამას კი კომპოზიტორმა ერთიანი სიმფონიური სუნთქვა მიანიჭა. საბოლოოდ, ამ ფილმის არნახული წარმატება, არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპისა და ამერიკის ეკრანებზე, მუსიკალურმა მხარემაც განაპირობა. პოლონური გაზეთი „შჩეცინსკი“ წერდა: „გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ქეთო და კოტე“ ამღერებული საქართველოა“. „ვაშინგტონ პოსტი“ კი აღნიშნავდა, რომ „ქართულმა მუსიკალურმა ფილმმა მათ უცნობი საქართველო გააცნო“.
არჩილ კერესელიძე, როგორც კომპოზიტორი-დრამატურგი მრავალწახნაგოვნად წარმოჩნდა კინოფილმში “მაგდანას ლურჯა” (რეჟისორები რევაზ ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე), სადაც ფსიქო-სოციალური დრამის გადმოცემის დიდი წილი მუსიკას ეკისრება. კერესელიძის მიერ შექმნილმა მუსიკალურმა ნომრებმა – „მენახშირის სიმღერა“, „ურმული“, „ქორალი“, რომლებიც ფილმის საკვანძო მომენტებში ჟღერს, დამოუკიდებელი სიცოცხლე მოიპოვა. იგივე ითქმის მთელ რიგ მუსიკალურ პარტიტურებზე, რომელიც მან შექმნა ფილმებისთვის „ჩვენი ეზო“ (რეჟისორი რევაზ ჩხეიძე), „ფატიმა“ (რეჟისორი სიკო დოლიძე), „სხვისი შვილები“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „დიდოსტატის მარჯვენა“ (რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი)…
არჩილ კერესელიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრსა და კინოში, როგორც რედაქტორმაც. ის წლების მანძილზე განაგებდა მუსიკალურ განყოფილებას თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, თბილისის მინიატურების თეატრში, კინოსტუდია “ქართულ ფილმში”.
არჩილ კერესელიძის შემოქმედებით სიცოცხლეს აგრძელებენ მისი მელოდიები სპექტაკლებიდან, ფილმებიდან, აგრეთვე სიმღერები, მათ შორის “საპოვნელა”, „თეთრი გედი“, „ისევ მიდიხარ“ “ყელსაბამი”… ეს უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ტელევიზიის „ემბლემას“ წარმოადგენდა. მის რომანსს „ვედრება“ მუსიკოლოგმა გულბათ ტორაძემ „ქართული “ave maria“ უწოდა. ამ ნაწარმოებებმა, თავის დროზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული საესტრადო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში.
კომპოზიტორ დავით თორაძის სიტყვებით, „არჩილ კერესელიძე იყო ქართული მუსიკის ლაზათი და მშვენება… მისი შემოქმედება ჩვენი ერის მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილია“.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე