ოთარ
გორდელი
ოთარ გორდელი
(1928 – 1994)
ოთარ გორდელი, ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი. ჯაზის ერთ–ერთი დამფუძნებელი საქართველოში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966)
დაბადების თარიღი – 18 ნოემბერი, 1928
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 6 დეკემბერი, 1994
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1938 – 1946 – სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალურ გიმნაზიაში (ნიჭიერთა ათწლედი) – კომპოზიციისა (ანდრია ბალანჩივაძის კლასი) და ფორტეპიანოს (ევგენია ჩერნიავსკაიას კლასი) სპეციალობით;
1951 – დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციისა (იონა ტუსკიას კლასი) და ფორტეპიანოს (ანასტასია ვირსალაძის კლასი) სპეციალობით;
1955 – დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირატურა კომპოზიციის სპეციალობით (ხელმძღვანელი – სემიონ ბოგატიროვი);
1959 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი;
1972 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი;
1982 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
ჯილდოები და აღიარება
1966 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1968 – 1973 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და გამგეობის მდივანი (1968–1973)
1967 – 1990 – საქართველოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე
ზაქარია ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის დირექტორი
ოთარ გორდელი
(1928 – 1994)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1980 – „ნატვრის თვალი“ – მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. იაკაშვილი)
1983 – „ჩემი საყვარელი ბიძა“ – მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ჭუბაბრია, ნ. არეშიძე)
საორკესტრო მუსიკა
1964 – სიმფონია
1953 – „სამშობლო“ – სიმფონიური პოემა
1956 – „ახალგაზრდული უვერტიურა“
1957 – „სადღესასწაულო უვერტიურა“
1958 – „ქართული“ – სიმფონიური ცეკვა
1964 – „პასაკალია“ – სიმფონიური ორკესტრისათვის
1965 – სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1968 – სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1965 – Allegro სიმფონიური ორკესტრისათვის
1950 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1958 – კონცერტინო ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1959 – კონცერტინო ფაგოტისა და კამერული ორკესტრისათვის
ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1948 – „კოლხეთი“ – კანტატა – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)
1954 – „კავკასიის დამცველებს“ – კანტატა მკითხველის, ბავშვთა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ი. გრიშშვილი)
1961 – „რაზედ მოგვითხრობს მტკვარი“ – ვოკალურ-სიმფონიური პოემა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1958 – „ოდა საქართველოს“ – სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)
1966 – „ავთანდილის ლოცვა“ – საგუნდო პოემა შერეული გუნდისთვის – a Cappella – (ტექსტი – შ. რუსთაველი)
1982 – „მადრიგალი“ – საგუნდო პოემა ბავშვთა გუნდისთვის – a Cappella – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1949 – საფორტეპიანო კვინტეტი
1960 – სონატინა – ფორტეპიანოსათვის
1972 – სუიტა ფორტეპიანოსათვის
1975 – პასაკალია და ფუგა ფორტეპიანოსათვის
1960 – პოლიფონიური უვერტიურა ორი ფორტეპიანოსათვის
1960 – Andante/Allegro – ფორტეპიანოსათვის
ავტორი მრავალი საგუნდო ნაწარმოების, სიმღერების, ინსტრუმენტული პიესების…
კინოსა და თეატრის მუსიკა
40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
„ქარიშხალი“, „სასტუმროს დიასახლისი“, „ღვთაებრივი კომედია“, „ფილუმენა მარტურანო“,
ფილმოგრაფია
1959 – „წარსული ზაფხული“ – რეჟისორი – გენო წულაია, ნელი ნენოვა
1974 – „ცეროდენა რაინდები“ – რეჟისორი – გენო წულაია, ნელი ნენოვა
1965 – „დრო იწურება განთიადისას“ – რეჟისორი – გენო წულაია, ნელი ნენოვა
1975 – „დრო იწურება განთიადისას“ – რეჟისორი – ბაადურ წულაძე
1965 – „დედის ხელი“ – რეჟისორი – მერაბ ჯალიაშვილი
1967 – „ქოჩორა“ – რეჟისორი – გიული ჭოხონელიძე
დოკუმენტალისტიკა
1957 – „ლადო გუდიაშვილი“ – რეჟისორი – გენო წულაია, ნელი ნენოვა
1957 – „შვიდი მწვერვალის დაპყრობა“ – რეჟისორი – ბორის კრეპსი
1958 – „გელათი“ – რეჟისორი – ლანა ღოღობერიძე
1959 – „წლის დრონი საქართველოში“ – რეჟისორი – ირაკლი კანდელაკი
1963 – „დიოსკურია“ – რეჟისორი – ირაკლი კანდელაკი
ოთარ გორდელი
(1928 – 1994)
ოთარ გორდელმა სულ ადრეულ ასაკში მიიპყრო ქართული საზოგადოების ყურადღება როგორც კომპოზიტორმა, შემსრულებელმა – პიანისტმა, გამორჩეული თვისებების მქონე პიროვნებამ. ასეთივე ყურადღების ცენტრში მოექცა მოსკოვის მუსიკოსთა წრეშიც, როდესაც იგი სწავლობდა ასპირანტურაში, კომპოზიტორ ბოგატირიოვის ხელმძღვანელობით.
თბილისელი მუსიკოსებისთვის მიმზიდველი იყო მისი ოჯახური გარემო, რომელსაც უწინარესად ქმნიდა ოთარ გორდელის დედა – ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლი, მომღერალი, თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. მას დიდმა კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა რიგი ნაწარმოებები მიუძღვნა, მათ შორის ოპერები – „დაისი“ და „ლატავრა“.
როგორც კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი ამბობს: „ქართულ პროფესიულ მუსიკალურ ხელოვნებაში შადრევანივით ამოხეთქა ოთარ გორდელის შემოქმედებამ. ეს განპირობებული იყო იმ უშუალობით, ინდივიდუალობით, დამოუკიდებელი ხელწერითა და დიდი სიკეთის მატარებელი თვისებებით, რითიც შემკული იყო იგი“. მართლაც, ოთარ გორდელის პირველივე ნაწარმოებებით ქართული მუსიკის წინაშე ახალი შთამბეჭდავი ფურცელი გადაიშალა. განსხვავებული ფერებით იყო აღსავსე კომპოზიტორისეული ინტონაციები, მუსიკალური მეტყველების სხვა კომპონენტებიც – ჰარმონია, ფაქტურა. ამიტომაც მისმა ნაწარმოებებმა იმთავითვე საყოველთაო აღიარება მოიპოვეს თბილისში, მოსკოვში. ოთარ გორდელის მიმართ კი შეიქმნა განწყობა, რომ მისი სახით საზოგადოებას მოევლინა კომპოზიტორი, რომელთანაც დაკავშირებული იქნებოდა ქართული პროფესიული მუსიკის მომავალი… კომპოზიტორი კი განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ მაინც მისი შემოქმედების მწვერვალად ადრეული ნაწარმოებები დარჩა, რომელთაც ახლაც არ დაუკარგავთ მხატვრული ღირებულება. ეს ეხება საფორტეპიანო კვინტეტს (1949), კონცერტს ფორტეპიანოსათვის (1950), რომელიც თავდაპირველად შეასრულა ალექსანდრ იოხელესმა, ალექსანდრ გაუკის დირიჟორობით. დიდი წარმატება ხვდა წილად მის ფლეიტის კონცერტს (1958), საპრემიერო შესრულება წილად ხვდა „რუსეთის ოქროს ფლეიტად“ წოდებულ ალექსანდრ კორნეევს, სადირიჟორო პულტთან კი ევგენი სვეტლანოვი იდგა. ეს იყო პირველი ქართული პარტიტურა, რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ აჟღერდა. ამიტომაც ამბობს კომპოზიტორი სულხან ნასიძე: „ოთარ გორდელი იყო მუსიკოსი, რომელმაც ქართულ მუსიკას დიდება შესძინა“. კონცერტი ჩაწერეს აშშ-ს სტუდიებმა „Mark Custon record“ და “Monitor”- მა. დღეს ოთარ გორდელის ფლეიტის კონცერტი ამერიკის თითქმის ყველა შტატის უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაშია შესული და არა ერთ კონკურსზე ჟღერს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები ჩიკაგოს ორკესტრს 30 წლის მანძილზე ჰქონდა რეპერტუარში.
გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს პოპულარული იყო ოთარ გორდელის სიმფონიური ცეკვები – „ვალსი“ და „ქართული“ (1958), ყურადღება მიიქცია „ახალგაზრდულმა უვერტიურამ“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1956), ვოკალურ-სიმფონიურმა პოემამ „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი“ (1961). მუსიკოლოგი ანტონ წულუკიძე წერდა: „ქართულ პროფესიულ მუსიკაში ამ ჟანრის მნიშვნელოვანი შენაძენი იყო ოთარ გორდელის „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი“, იგი დაწერილია სერიოზული პროფესიული ოსტატობით, განცდით, განსაკუთრებით ეფექტურია ხალხური „ლაშქრულის“ ინტონაციაზე აგებული ფუგა“. საერთოდ, ოთარ გორდელის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებლია ფოლკლორული ელემენტებისადმი ნატიფი მიდგომა, ამგვარი სიფაქიზე გასდევს მის საკომპოზიციო პრინციპებს, კომპოზიტორის პიროვნული არისტოკრატიზმი აღბეჭდილია მის ხელწერაზეც.
გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში წარმატებით დაიდგა ოთარ გორდელის ოპერეტები: „ნატვრისთვალი“ (1980), „ჩემი საყვარელი ბიძა“(1983).
ოთარ გორდელი ავტორია მუსიკის კინოფილმებისათვის, დოკუმენტური ფილმებისთვის.
მუსიკოლოგ გულბათ ტორაძის სიტყვებით „ოთარ გორდელის სახელი ჩაწერილია ქართული მუსიკის მატიანეში“.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე