გურამ
ბზვანელი

გურამ ბზვანელი

(1934 – 2015)

 

გურამ ბზვანელი – (ოფიციალური სახელი: გურამ ტყეშელაშვილი) – ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, მომღერალი, პოეტი. 60–იანელთა თაობის წარმომადგენელი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).

დაბადების თარიღი – 3 აგვისტო, 1934

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 18 მაისი, 2015

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1953 – დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა;

1954 – 1960 – სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;

1955 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრთან ჩამოაყალიბა ვოკალური კვარტეტი, რომლიც ერთ–ერთი ცნობილი და პოპულარული ანსამბლი გახდა სსრკ–ში. 1957 წელს გურამ ბზვანელის კვარტეტმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეექვსე მსოფლიო ფესტივალში, მოსკოვში. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა. ეს იყო ერთადერთი დამოუკიდებელი საესტრადო კოლექტივი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.

1961 – 1969 – თბილისის 23 სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედის დირექტორი;

1966 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კომპოზიცია – ალექსანდრე შავერზაშვილის კლასი);

1967 – 1977 – თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი;

1975 – 1987 – თბილისის მინიატურების სახელმწიფო თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე და რედაქტორი;

1987 წლიდან – მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თბილისის N 3 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი;

 

ჯილდოები და აღიარება

1957 – სტუდენტი ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი

1968 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი

1982 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

2002 – თბილისის ერთგულების მედლის კავალერი

 

 

გურამ ბზვანელი

(1934 – 2015)

 

მუსიკა თეატრისთვის

1976 – „წიწილები“ – საბავშვო მიუზიკლი – 1 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ჭუბაბრია)

 

საორკესტრო მუსიკა

1967 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1970 –  „სიმფონიური მინიატურები“

1977 – მინიატურები კამერული ორკესტრისათვის

1978 – „ქართული ჩანახატები“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1981 – სიმფონია N 1

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1984 – „გმირები“ – კანტატა შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1985 – „ციურნი ხმები“ –  ვოკალურ-სიმფონიური სურათი

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1961 – სამი პრელუდია ფორტეპიანოსათვის

1963 – პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის

1963 – სონატა – ფორტეპიანოსათვის

1965 – „მელოდია-ფანტაზია“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1971 – „გაზაფხულის დღესასწაული“ – ვოკალური ციკლი – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის

1972 – „ნაკადული და მერცხალი“ – ვოკალური ციკლი – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის

 

საესტრადო ნაწარმოებები

1967 – „მზის ჩასვლა ზღვაზე“ – მუსიკალური სურათი – ფორტეპიანოსა და სიმფო-ჯაზ-ორკესტრისათვის

1973 – „მამლაყინწა“– მუსიკალური სურათი – საესტრადო ორკესტრისათვის

 

სიმღერები

მრავალი სიმღერის ავტორი. მათ შორის:

„ჩავაქრე სანთელი“, „შენი თვალების დაღლილი ეშხი“…

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა თეატრისთვის – 40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:

„ტყის კომედია“, „სამი მუშკეტერი“, „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“, „ეშმაკის კუდი“…

 

ფილმოგრაფია

1976 – „თუში მეცხვარე“ – რეჟისორი – იოსებ (სოსო) ჩხაიძე

1973 – „გადაღების ერთი დღე“ – რეჟისორი ზაალ კაკაბაძე

1973 – „მზიური“ – რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე

1977 – „კაშხალი მთაში“ – რეჟისორი – ნოდარ მანაგაძე

 

დოკუმენტური ფილმები

1967 – „გამოძახილი“– რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე

1967 – „ქართული მელოდიები“– რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე

1973 – „საქართველო არის ესე…“ – რეჟისორი –  ზაალ კაკაბაძე. გიორგი ასათიანი

 

 

გურამ ბზვანელი

(1934 – 2015)

 

გურამ ბზვანელის სახელთან დაკავშირებულია   ქართული საესტრადო მუსიკის განვითარება. მისი ნაწარმოებები ყურადღების ცენტრში მოექცა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლედ იქცა ე.წ. „გპი“-ს (სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი) ჯაზ – ორკესტრისა და ვოკალური კვარტეტის მოვლინება. ამ უკანასკნელს, სათავეში გურამ ბზვანელი ედგა. ქართველი მელომანებისთვის ახალი ჰორიზონტების გახსნას ნიშნავდა მანამდე მიუწვდომელი აფრო-ამერიკული ჯაზის ხელოვნებასთან ზიარება და მეტადრე, მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენდა ამ უცხო ფენომენის ქართულ საწყისთან სინთეზი. აღსანიშნავია, გურამ ბზვანელის ვოკალური კვარტეტი, როგორც სრულიად ახალი ტიპის ანსამბლი, პირველი იყო მთელ საბჭოთა კავშირში, და ამდენად, განსაკუთრებულ ინტერესსაც იწვევდა და ფურორს ახდენდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

გურამ ბზვანელის სიმღერას “ჩავაქრე სანთელი” მოჰყვა როგორც ავტორის, ასევე მისი პირველი შემსრულებლის, მომღერალ ნანი ბრეგვაძის  პირველი აღიარება. საზოგადოებამ აიტაცა კომპოზიტორის სხვა სიმღერებიც: „ნუკრია“, „ყურთბალიში“,  „შენი თვალების დაღლილი ეშხი“,  „შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე“, „თბილისის თავზე ვარსკვლავი ბრწყინავს”, „ძველებური თბილისური“ და ა.შ. მუსიკოლოგი მანანა ახმეტელის სიტყვებით, „ამ სიმღერებმა იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ინტონაციური სიახლის, ეროვნული კოლორიტისა და მიმზიდველი მელოდიურობის გამო.  ბზვანელის სიმღერებს სიწრფელე და სინატიფე ახასიათებდა.“

გურამ ბზვანელის შემოქმედებით ცხოვრებაში ახლი ეტაპი დაიწყო, როდესაც მან აკადემიური მუსიკის სფეროს მიმართა. მისი მოღვაწეობა პროფესიული მუსიკის საფუძვლებისა და დემოკრატიული ხელოვნების შერწყმის პრინციპით წარიმართა.  ამის პირველ მკაფიო ნიმუშს წარმოადგენდა სავიოლინო კონცერტი (1967). აქ ახალ შეფერილობას იძენს ბზვანელისეული მელოდიურობა, მღერადობა, რასაც ერთვის  ფორმათქმნადობის  ხერხების,  საკრავის სპეციფიკის გათავისება, ამასთან  ერთად თავს იჩენს ტემბრული ფერადოვნებისკენ სწრაფვა.

ბზვანელისეული მხატვრული ინტერესები ცხადად ვლინდება მის  საორკესტრო სიუიტაში „ქართული ჩანახატები“ (1979). როგორც მუსიკოლოგი დოდო  გოგუა აღნიშნავს: “ქართული ჩანახატები” გადაწყვეტილია ეროვნული ჟანრული სიმფონიზმის ტრადიციაში და ამასთან შეიცავს 50-იანი წლების მასობრივი სიმღერის სტილისტურ თვისებებს”. ამის თქმის საფუძველს იძლევა ნაწარმოებში გამოხატული ეროვნული ბუნება, აგებული ფოლკლორულ საფუძველზე, ამასთან ერთად, სიუიტაში დომინირებს სასიმღერო თემატიზმის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაშლა-განვითარება.

კომპოზიტორის მხატვრული მრწამსის  გამოხატულებას წარმოადგენს “სიმფონია-რეკვიემი”  („ხსოვნა გულისა”) სიმებიანი ორკესტრის, არფისა და ლიტავრებისათვის (1981).  ეს ნაწარმოები მეტყველებს იმაზე, რომ ავტორის მსოფლაღქმაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართულ პროფესიულ მუსიკაში მიმდინარე პროცესებმა. ამ პერიოდში  ქართველი კომპოზიტორების  პროგრესულმა ნაწილმა აიტაცა  მანამდე  მიუწვდომელი ინფორმაცია მე-20 საუკუნის მუსიკალური ავანგარდის შესახებ და ქართულ ნიადაგზე დაყრდნობით ახალ მუსიკალურ აზროვნებას მისცა დასაბამი.  გურამ ბზვანელისათვისაც მიმზიდველი და ახლობელი გახდა ეს ტენდენცია. თავისი დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი ყველაზე ნათლად გამოავლინა სიმფონია-რეკვიემში, რომელიც მეგობართა ხსოვნას ეძღვნება.  ნაწარმოების დრამატურგიული განვითარება და ინტონაციური თავისებურებები აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორული ტრადიციიდანაა ამოზრდილი.

ქართულ პროფესიულ მუსიკაში მთის ფოლკლორის დამკვიდრებამ გარკვეული გზები განვლო.  პირველი გზამკვლევი კომპოზიტორი შალვა მშველიძე გახლდათ, რომელმაც ახალი ინტონაციური სამყარო გადაშალა ქართულ მუსიკაში, თავისი სიმბოლური გამოხატულებებით. მოგვიანებით, ეროვნულ საკომპოზიტორო აზროვნებაში მთის ფოლკლორის ელემენტების მეშვეობით განზოგადებულ-ფილოსოფიური საწყისების გამოხატვა უკვე ახალ ეტაპზე ხდება, რომელიც კომპოზიტორ სულხან ნასიძის შემოქმედებას უკავშირდება.

გურამ ბზვანელის “რეკვიემი” ტრაგიკული მოვლენებისადმი განზოგადებული მიდგომის ნიმუშს წარმოადგენს. აქ ერთდროულად თანაარსებობს   ადამიანების ამ სოფლიდან განშორებით გამოწვეული წუხილი და მომხდარის გააზრების მცდელობა. მუსიკოლოგ თამარ მესხის სიტყვებით „სიმფონია-რეკვიემის“ ემოციური ტონუსი და რეჩიტატიული წყობის თემატიზმი ტრადიციული მუსიცირების უძველეს პლასტებთანაა დაკავშირებული”. ავტორი ნაწარმოებში ტრაგიკული ხაზის განვითარებას აღმოსავლეთ საქართველოს მთაში გავრცელებული დატირების ინტონაციით ახდენს. ამავე დროს კომპოზიტორი მიმართავს თანამედროვე ჰარმონიულ-ტონალურ სისტემებს, არატრადიციულ აკორდულ სტრუქტურას.

ეროვნული საწყისის თანამედროვე საკომპოზიტორო პრიზმაში გადაწყვეტის ნიმუშებად არის მიიჩნეული ბზვანელის საფორტეპიანო ნაწარმოებები. მაგალითად, პიესა “ძველი თბილისი”, რიტმული სახიერებითა და მოტორული ხასიათით აღბეჭდილი “ტოკატა”. იმპრესიონისტული მუსიკის გამოძახილად აღიქმება პიესები “ციური ხმები“, “სხივთა ნათელი”.

თავის დროზე ყურადღება მიიქცია კომპოზიტორის სხვადასხვა ჟანრის ქმნილებამ, მაგალითად, მინიატიურებმა სიმებიანი ორკესტრისათვის, ნაწარმოებმა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის „პარაფრაზი ქართულ თემაზე“,  კანტატამ „გმირები” და სხვ.

გურამ ბზვანელი აქტიურად იყო ჩართული ქართული საესტრადო მუსიკის განვითარების პროცესებში. გარდა მის მიერ ჩამოყალიბებული კვარტეტისა, ის თანამშრომლობდა რიგ კოლექტივებთან, მათ შორის პირველ ქართულ ვოკალურ -ინსტრუმენტულ ანსამბლთან „მზიური“, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ბზვანელს ეკუთვნის მუსიკა სპექტაკლებისთვის, აგრეთვე კინოფილმებისათვის „მზიური“, „თუში მეცხვარე“….

გურამ ბზვანელის მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრება  ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე