მისალმება

მოგესალმებით „ოქროს საწმისისა“ და უძველესი კულტურის, ხელოვნების, ისტორიის ქვეყნიდან… უძველესი დამწერლობითა და წარმართობის დროინდელი  ორხმიანი სიმღერებისა და საფერხულო მუსიკის ქვეყნიდან… საქართველოდან…

საქართველო ქვეყანაა, სადაც ქრისტიანული მსოფლმხედველობითი მრწამსი IV საუკუნიდან დღემდე ქართველთა სულიერების მცველია, სადაც X საუკუნეში მიქაელ მოდრეკილის მიერ გადაწერილი ქართული ლიტურგიკული კრებული „იადგარი“, რომელიც დღესდღეობით, ადრექრისტიანული პერიოდის ჰიმნოგრაფიის ნიმუშს წარმოადგენს… ქვეყანა, სადაც XI-XII საუკუნეებში არსებობდა უდიდესი საგანმანათლებლო კერები – იყალთოს და გელათის აკადემიები…, სადაც შოთა რუსთაველის გენიამ შექმნა „ვეფხისტყაოსანი“,  და ევროპული რენესანსის გაჩენამდე, 3 საუკუნით ადრე მსოფლიოს, „აღორძინების“ ეპოქისა და ესთეტიკის  დაბადება აუწყა…

ქართველთა არა ერთ მხატვრულ ფასეულობათა შორის, საუკუნეების წიაღიდან ამოზრდილი ხალხური პოლიფონიური სიმღერა და საგალობელი, მსოფლიოს უნიკალურ მოვლენადაა მიჩნეული, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია და მსოფლიოს კულტურულ მონაპოვრად არის აღიარებული. სწორედ ამიტომ, კოსმოსში, დედამიწის კულტურულ ფასეულობათა გზავნილებს შორის, ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა.

საუკუნეების უძველესმა და მდიდარმა კულტურის ისტორიამ, ძლიერი საფუძველი ჩაუყარა, ახალი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებას. ქართული პროფესიული მუსიკა, რომელიც დღემდე საზრდოობს ქართული  ხალხური მუსიკალური შემოქმედებით, პოეზიით და უძველესი ერის მენტალური ფილოსოფიით, ნაყოფიერი საფუძველი აღმოჩნდა, ეროვნულ ნიადაგზე ევროპული მუსიკალური ტრადიციის, მიმდინარეობების, მსოფლმხედველობის დამკვიდრებისთვის…  უმოკლეს პერიოდში, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის მანძილზე, ეროვნული და ევროპული მუსიკალური ტრადიციის სინთეზით შეიქმნა განუმეორებელი ინდივიდუალური ხელწერის ქართული საკომპოზიტორო სკოლა, თავისი მკვეთრად გამოხატული მუსიკალური ენით, ფსიქოლოგიური არსითა და ფილოსოფიური გააზრებით.

XIX საუკუნიდან იწყება ევროპული მუსიკალური ხელოვნების შემოჭრა ქართულ სინამდვილეში და უმალ იმკვიდრებს ადგილს მის კულტურულ ცხოვრებაში მუსიკალური სალონების სახით. შემდეგ კი, ხანმოკლე პერიოდში იქმნება უმნიშვნელოვანესი მუსიკალურ-საგანმანათლებლო კერები: 1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი, 1886 წელს მუსიკალური სასწავლებელი, 1905 წელს ფილარმონიული საზოგადოება, 1917 კი – კონსერვატორია. და თბილისი, ამიერკავკასიის ერთადერთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ხდება…

XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ქართველ კომპოზიტორთა პირველი პლეადა – ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვიქტორ დოლიძე. მათ სახელს უკავშირდება რომანსის, საგუნდო მუსიკისა და ოპერის პირველი ქმნილებები.

1919 წელი, ქართული კულტურის ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობის და ეროვნული პროფესიული მუსიკის დაბადების წელია – თბილისის ოპერის თეატრში, 3 განსხვავებული ჟანრის საოპერო ქმნილების პრემიერა შედგა – ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. ეს იყო ქართული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების ტრიუმფალური დასაწყისი, რამაც ათწლეულებით განსაზღვრა ქართული მუსიკის განვითარების გზები…

XX საუკუნის 30-50-იან წლებში, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ახალი ეტაპი იწყება. სარბიელზე გამოდიან კომპოზიტორები, რომლებიც არამხოლოდ აგრძელებენ დიდი წინამორბედების მიერ დასახულ გზას, არამედ საფუძველს უყრიან ახალი ჟანრების დაბადებას, ამდიდრებენ და აფართოებენ პროფესიული მუსიკის საზღვრებს – თემატურად, მუსიკალური მასალის გადმოცემით, ინდივიდუალური ხელწერით… ამ პერიოდში იბადება საორკესტრო მუსიკისა და ბალეტის ჟანრის პირველი ქმნილებები – სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი, ბალეტი „მთების გული“ ანდრია ბალანჩივაძის ავტორობით. მასთან ერთად, ასპარეზზე გამოდიან შალვა მშველიძე, ოთარ თაქთაქიშვილი, არჩილ კერესელიძე, ალექსი მაჭავარიანი, რეზო ლაღიძე, ალექსანდრე შავერზაშვილი… იქმნება სიმფონიური პოემის, კანტატა-ორატორიის, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ჟანრის ქმნილებები, კინოსა და თეატრის მუსიკა… 30-50-იანი წლების კომპოზიტორთა სახელს უკავშირდება მუსიკალური ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრის დამკვიდრება, საკომპოზიტორო სკოლის მიღწევების ახალ საფეხურზე აყვანა…

სულხან ცინცაძე, გია ყანჩელი, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, იოსებ კეჭაყმაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ მამისაშვილი, ნოდარ გაბუნია – 60-იანელთა თაობის კომპოზიტორები და ქართული მუსიკის კორიფეები. თაობა, რომელიც არნახული სიმძლავრით, ნოვატორობით, მასშტაბური შემოქმედებითი აფეთქებით, თვისობრივად ახალი მსოფლმხედველობით შემოიჭრა ეროვნულ მუსიკალურ ხელოვნებაში. კომპოზიტორები, რომელთაც დაამკვიდრეს რადიკალურად განსხვავებული საკომპოზიტორო აზროვნება, დამოკიდებულება მუსიკალური ტექნოლოგიის, სტილის, ფორმის, ესთეტიკური თუ ფილოსოფიური კატეგორიის მიმართ… თითოეული მათგანის შემოქმედება სრულ ინტეგრაციაშია თანამედროვე ევროპულ ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენებთან. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის „რკინის ფარდის“ მიუხედავად, საერთაშორისო ასპარეზზე, მათმა მუსიკამ  მაინც ჰპოვა აღიარება და დამკვიდრდა, როგორც თვითმყოფადი მუსიკალური ფენომენი. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ კი, მეტი სისავსით წარმოჩინდა და ორგანულად შეერწყა მსოფლიო მუსიკალურ დინებასა და მიღწევებს.

დღეს მსოფლიოსთვის არა ერთი დიდი ქართველი მუსიკოსის სახელია ცნობილი.

ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე. მელიტონ ბალანჩივაძის შვილი და ანდრია ბალანჩივაძის ძმა), ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე (ლექსო) თორაძე, ალექსანდრე კორსანტია, ეთერ ანჯაფარიძე, ელისო ბოლქვაძე, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ანიტა რაჭველიშვილი… და თითოეული მათგანის მოღვაწეობა წარსულშიც და დღესაც,  მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნების მონაპოვრად არის აღიარებული

ინტერნეტ პორტალი  Georgian Classic ქართული მუსიკის სივრცეა…

თქვენს წინაშეა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედება, სადაც საშუალება მოუსმინოთ მათ ნაწარმოებებს, შეიძინოთ პარტიტურები… გაეცნოთ მათ ბიოგრაფიას, ანოტაციას შემოქმედების შესახებ,  ფოტო-გალერეას…, გაამდიდროთ თქვენი რეპერტუარი  თვითმყოფადი და საინტერესო მუსიკით.  

ინტერნეტ პორტალის  Georgian Classic შემოთავაზებები, პერიოდულად განახლდება და შეივსება ახალი კლასიკური თუ თანამედროვე თხზულებებით…

მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართული მუსიკის სამყაროში