ოთარ
თაქთაქიშვილი
ოთარ თაქთაქიშვილი
(1924 – 1989)
ოთარ თაქთაქიშვილი – ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1961), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1974), ლენინური (1982), სტალინური (1951, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1984) და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების (1967) ლაურეატი. საქართველოს კულტურის მინისტრი (1965–1984). მას ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტობისას დაწერა.
დაბადების თარიღი – 27 ივლისი, 1924
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 24 თებერვალი, 1989
გარდაცვალების ადგილი – მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1947 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ს. ბარხუდარიანის კლასი);
1950 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირატურა, ს. ბარხუდარიანის ხელმძღვანელობით;
1943 – 1945 – თბილისის მუსიკალური სასწავლებლების გაერთიანებული ორკესტრის კონცერტმაისტერი;
1944 – 1946 – რადიომაუწყებლობის კომიტეტის გუნდის კონცერტმაისტერი;
1947 – 1952 – საქართველოს საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი;
1952 – 1956 – საქართველოს საგუნდო კაპელის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
1951 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1951)., დოცენტი (1959), პროფესორი (1966)
1952 წლიდან – იწყებს სადირიჟორო მოღვაწეობას;
1962 – 1965 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; 1965 – 1984 – საქართველოს კულტურის მინისტრი;
ჯილდოები და აღიარება
1946 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი
1957 წლიდან – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანი
სხვადასხვა წლებში: ლენინური პრემიის კომიტეტის წევრი, UNESCO–ს საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს წევრი, საქართველოს ძეგლთა დაცვის საზოგადოების თამჯდომარე
1962 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე
1961 – საქართველოს სახალხო არტისტი
1974 – სსრკ სახალხო არტისტი
1951 – სტალინის მესამე ხარისხის პრემია
I სიმფონიისთვის
1952 – სტალინის მეორე ხარისხის პრემია
კონცერტისთვის ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
1967 – სსრკ სახელმწიფო პრემია
ორატორიისთვის “რუსთაველის კვალდაკვალ” (ტექსტი ი.ვ. აბაშიძის )
1977, 1982 – ლენინის პრემია
ოპერისთვის „მთვარის გატაცება“ (1977) და კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1982)
1984 – საქართველოს სსრ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1984 წ.)
1966, 1984 – ლენინის ორდენი
1971 – ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1971 წ.)
1958 – შრომის წითელი დროშის ორდენი (1958)
მედლები
1985 – თბილისის საპატიო მოქალაქე (1985 წ.).
1986 – ალბერტ შვაიცერის პრემია (1986)
ოთარ თაქთაქიშვილი
(1924 – 1989)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
ოპერა
1961 – „მინდია“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. თაბუკაშვილი, ო. თაქთაქიშვილი)
1964 – „ჯილდო” (ტელეოპერა)
1967 – “სამი ნოველა” (იგივე „სამი სიცოცხლე“) – ერთმოქმედებიანი ოპერების ტრიპტიქი – “ორი განაჩენი”, “ჯარისკაცი” “ჩიკორი” – (ლიბრეტო – ო. თაქთაქიშვილი)
1974 – 1977 – „მთვარის მოტაცება“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. თაქთაქიშვილი)
1978 – “მუსუსი” – კომიკური ოპერა ერთ მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. თაქთაქიშვილი)
1980 – „პირველი სიყვარული“ – კომიკური ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. გაბრიაძე)
1989 – „მარიტა“ – ერთმოქმედებიანი ოპერა
საორკესტრო მუსიკა
1949 – სიმფონია N 1 „ახალგაზრდული“
1953 – სიმფონია N 2
1953 – „სიმფონიური მინიატურები“ – „ლირიკული“, „საჭიდაო“, „ელეგია“
1954 – „მსუბუქი უვერტიურა“
1956 – “მცირი” – სიმფონიური პოემა
1963 – „იუმორესკა“ – კამერული ორკესტრისათვის
1974 – „კამერული სიმფონია“
1980 – თავისუფლების მებრძოლების უვერტიურა
1982 – „სიმფონიეტა“ – კამერული ორკესტრისათვის
1983 – 3 პიესა კამერული ორკესტრისათვის
1950 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1973 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2 – „მთის მონამღერები“
1973 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 3 – „ახალგაზრდული“
1983 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 4 – „მთის მონამღერები“
1976 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1977 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1947 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1977 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1955 – კონცერტი საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1983 – სიმებიანი კვარტეტი N 1
1988 – საფორტეპიანო ტრიო
1987 – საფორტეპიანო კვინტეტი
1985 – სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის
1985 – სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1987 – საფორტეპიანო ციკლი „აკვარელები“
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1963 – „ცოცხალი კერა“ – ორატორია (ტექსტი – ს. ჩიქოვანი)
1964 – „რუსთაველის კვალდაკვალ“ – ორატორია – (ტექსტი – ი. აბაშიძე)
1970 – „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – ორატორია – (სიმღერა ნ. ბარათაშვილი)
1954 – „კანტატა თბილისზე“ – სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ი. გრიშაშვილი)
1958 – „კავკასიის დამცველებს“ – კანტატა – (ტექსტი – ს. ჩიქოვანი, ი. აბაშიძე, ხალხური)
1971 – „გურული სიმღერები“ – კანტატა მამაკაცთა ვოკალური ოქტეტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ხალხური)
1956 – 5 ვოკალური პოემა – მეცო-სოპრანოს, სოპრანოს და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – გ. ტაბიძე)
1959 – „პოეტთა გზა“ – ვოკალურ-სიმფონიური სუიტა – (ტექსტი – ვ/ ფშაველა. ი. ჭავჭავაძე, გ. ლეონიძე)
1962 – „კლდე და მდინარე“ – ვოკალურ სიმფონიური პოემა – (ტექსტი – ვ. ფშაველა)
1972 – „მეგრული სიმღერები“ – სუიტა სოლისტის, მამაკაცთა ვოკალური ოქტეტისა და კამერული ორკესტრისათვის – (ტექსტი – ხალხური)
1973 – „ლირიკული სიმღერები“ – სუიტა სოპრანოს, ტენორის, მამაკაცთა ვოკალური ოქტეტისა და კამერული ორკესტრისათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)
1979 – „საერო ჰიმნები“ – სუიტა მამაკაცთა გუნდისა და სოლისტებისთვის – (ტექსტი – შ. რუსთაველი, დემეტრე I, ს. ჩიქოვანი)
1983 – „აკაკის ჩანგი“ – სუიტა სოლისტების, გუნდის, ფლეიტის, დასარტყამი საკრავებისა და არფისთვის – (ტექსტი – ა. წერეთელი)
1983 – „ქართლური ჩანამღერები“ – ქალთა გუნდისთვის – a Cappella – (ტექსტი – ხალხური)
მრავალი გუნდის, რომანსის, სიმღერის ავტორი
კინოსა და თეატრის მუსიკა
მუსიკა თეატრისთვის
40-ზე მეტი სპექტაკლის ავტორი. მათ შორის: „ზამთრის ზღაპარი“, „ოიდიპოს მეფე“, „ბორის გოდუნოვი“, „ანტიგონე“, „მეფე ლირი“, „მთვარის მოტაცება“, „დონ კარლოსი“, „კლეოპატრა“…
მუსიკა კინოსთვის
1957 – „ეთერის სიმღერა“ – რეჟისორი – სიკო დოლიძე
1957 – „მე ვიტყვი სიმართლეს“ – ლევან ხოტივარი
1982 – „მარადისობის კანონი“ – რეჟისორი – ვალერიან კვაჭაძე
1984 – „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ – რეჟისორი – ვალერიან კვაჭაძე
ოთარ თაქთაქიშვილი
(1924 – 1989)
ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედება ქართული პროფესიული მუსიკის თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. კომპოზიტორის თითქმის ყოველი ნაწარმოების წარდგენა ღირსშესანიშნავ მოვლენად ქცეულა გასული საუკუნის კულტურულ ცხოვრებაში. საერთო განწყობას ამძაფრებდა ავტორის ქარიზმატული პიროვნებაც შემსრულებლის, უმეტეს შემთხვევაში, დირიჟორის ამპლუაში.
ოთარ თაქთაქიშვილის მუსიკალური მემკვიდრეობა ჟანრული მრავალფეროვნებითა და მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა. ის ავტორია 6 ოპერის, ბალეტის. 2 სიმფონიის, 4 საფორტეპიანო კონცერტის, 2 სავიოლინო კონცერტის, ვოკალური ციკლების, ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებების, კანტატების, ორატორიების, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებების, რომანსების, სიმღერების.
ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედების მუდმივ მასაზრდოვებელ წყაროს ეროვნული ხალხური მუსიკა წარმოადგენდა. მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი იყო მისი სხვადასხვა ჟანრის ქმნილებათა საფუძველი.
კომპოზიტორის პირველი წარმატება სიმფონიურ ნაწარმოებებს – 2 სიმფონიასა (1949, 1953) და საფორტეპიანო კონცერტს (1951) უკავშირდება. სწორედ ამ ქმნილებებში გამოიკვეთა თაქთაქიშვილის ინდივიდუალური თვისებები, რომელიც ეროვნული საფუძველზე იქნა დამყარებული. ამ პერიოდის ნაწარმოებებში აგრეთვე გამოვლინდა კავშირი დასავლეთევროპული და რუსული მუსიკის რეალისტურ ტრადიციებთან. აღნიშნული თვისებების მკაფიო გამოვლინებას წარმოადგენდა სიმფონია N1 (1949). ნაწარმოები თავისი კონსტრუქციული გააზრებით, განზოგადების პრინციპით, სახეობრივი მრავალფეროვნების ბალანსირებით ქართულ პროფესიულ მუსიკაში მნიშვნელოვან მოვლენადაა მიჩნეული.
50-იანი წლების ქმნილებებიდან აგრეთვე ყურადსაღებია სიმფონია N2 (1952), სადაც კომპოზიტორმა ძირითად დრამატურგიულ ღერძთან განსხვავებული საწყისები – ფსიქოლოგიური დრამის, პოემურობის, ორატორიულობის ელემენტები აამოქმედა .
თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონცერტი N1 საკონცერტო ჟანრის საეტაპო ნაწარმოებად იქნა მიჩნეული. იგი სრულდებოდა სხვადასხვა პიანისტების მიერ რიგ ქვეყნებში. მუსიკოლოგ თამარ ხუროშვილის სიტყვებით „იგი აგრძელებს ქართული საფორტეპიანო კონცერტის განვითარების წინა პერიოდში დასახულ გზას. ამავე დროს, ამ ნაწარმოებში ვხვდებით საინტერესო მიგნებებს, როგორც კონცერტის ფორმის, ისე მისი იდეური შინაარსის განახლების თვალსაზრისით“.
ფართო აღიარება ხვდა წილად ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტინოს (1956), რომელიც პირველად დავით ოისტრახმა შეასრულა და ფირფიტაზეც ჩაწერა. საგულისხმოა, რომ კონცერტინოს ინტონაციური მასალა კომპოზიტორმა შემდგომ ნაწარმოებებშიც (რომანსებში, ოპერა „მინდიაში“) გამოიყენა და განავითარა. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კონცერტი საყვირისათვის (1955), სიმფონიური პოემა “მწირი” (1956).
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან თაქთაქიშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი, უმნიშვნელოვანესი პერიოდი იწყება. ავტორი ახალი ესთეტიკური პრინციპების გამოვლენას ახდენს, თუმცა მუსიკალური ენის თვალსაზრისით, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამ დროს ქართულ მუსიკაში მიმდინარე გარდამტეხი სტილისტური პროცესები. მეორე მხრივ. კომპოზიტორმა გაითავისა მე-20 საუკუნის მსოფლიო მუსიკალური თეატრის ახალი ტენდენციები და მათი ეროვნულ საფუძვლებთან სინთეზი მოახდინა. ამ პერიოდიდან თაქთაქიშვილის შემოქმედებით არეალში ცენტრალურ ადგილს ვოკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული და საოპერო ჟანრები იკავებს.
აღნიშნული პერიოდიდან ძლიერდება კომპოზიტორის სწრაფვა ეროვნული მხატვრული ლიტერატურისადმი. ამ უკანასკნელით შთაგონებულია მისი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: ოპერები, ორატორიები, ვოკალური ციკლები, რომანსები. აქ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ორატორიები „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1964) და „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1970), სადაც კომპოზიტორმა დიდი ქართველი მწერლების – შოთა რუსთაველისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის მონუმენტური პორტრეტები შექმნა.
თაქთაქიშვილმა ქართულ კლასიკურ ორატორიაში პირველმა შემოიტანა რელიგიური თემატიკა, რაც ეროვნულ საგალობლებზე დააფუძნა. ქართულ პროფესიულ მუსიკაში აგრეთვე სიახლეს წარმოადგენდა ამ ჟანრის ფარგლებში მოვლენებისადმი ფილოსოფიურ-განზოგადებული მიდგომა. აქ ახალ კატეგორიაში იქნა აყვანილი კომპოზიტორისათვის დამახასიათებელი ჟანრთა ურთიერთშეღწევისაკენ სწრაფვა, ანტიკური დრამის, კანტატის, ვოკალური ციკლის ელემენტების გაერთიანება, ტევადი შინაარსის ლაკონური ფორმით გადმოცემა. ზემოხსენებულმა ნაწარმოებებმა, აღნიშნული ნიშან-თვისებებით, ქართული ორატორიული ჟანრის განვითარების ახალი გზები დასახა.
ეროვნული მხატვრული ლიტერატურით არის ინსპირირებული ო. თაქთაქიშვილის საოპერო ქმნილებები. ვაჟა-ფშაველას სამყაროდან მომდინარე პანთეისტურ-ფილოსოფიურმა ასპექტებმა კომპოზიტორს საქართველოს მთის ფოლკლორის გათავისების იმპულსი მისცა (ოპერა „მინდია“, ლიბრეტოს ავტორი რევაზ თაბუკაშვილი, 1961). მიხეილ ჯავახიშვილის ნოველებმა მისცეს ბიძგი დაბადებულიყო სრულიად განსხვავებული საოპერო-დრამატურგიული მოდელი („სამი ნოველა“, 1967, „მუსუსი“, 1978). კონსტანტინე გამსახურდიას მრავალპლანიანი რომანის „მთვარის მოტაცების“ საფუძველზე ამავე სახელწოდების მონუმენტური ლირიკულ-ეპიკური ოპერა შეიქმნა (ოპერა „მთვარის მოტაცება“, 1977). აღნიშნულმა ლიტერატურულმა წყარომ შთააგონა კომპოზიტორს მიემართა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის – მეგრული, გურული, აფხაზური, სვანური ფოლკლორისათვის. ამ ინტონაციურ საფუძველზე ამოზრდილ კომპოზიტორისეულ სტილს მუსიკოლოგმა ანტონ წულუკიძემ „კოლხური კანტილენა“ უწოდა.
ოთარ თაქთაქიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კომიკური ოპერის განვითარებაში. კომიკური საწყისი ხშირად ფიგურირებდა კომპოზიტორის სხვადასხვა თხზულებებში – ინსტრუმენტულ ნაწარმოებებში, სიმფონიებში, კონცერტებში, მისი სრული ამოფრქვევა კი ოპერებში („სამი ნოველა“, „მუსუსი“, „პირველი სიყვარული“) მოხდა.
მუსიკოლოგ მარინა ქავთარაძის სიტყვებით “თაქთაქიშვილის ოპერების დადგმებით, რომლებიც მე-20 საუკუნის 60-80 – იან წლებს მოიცავენ, ქართულმა ოპერამ ხანგრძლივი კრიზისის შემდგომ “მეორე სუნთქვა” შეიძინა”. ამ ოპერების მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მათმა ავტორმა მიაღწია საოპერო ნაწარმოების შემადგენელი კომპონენტების თანაფარდობას და საინტერესო კომპოზიტორ-დრამატურგად ჩამოყალიბდა (ის არა ერთხელ გამხდარა საკუთარი ოპერის ლიბრეტოს ავტორიც). კომპოზიტორმა თავისი ექვსი ოპერით ერთმანეთისგან თემატურად, ჟანრულად, სტრუქტურულად განსხვავებული ნიმუშები შემატა ეროვნული მუსიკას. თაქთაქიშვილის საოპერო ქმნილებებით ახალი ეტაპი დაიწყო ქართული ოპერის ისტორიაში.
ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებების სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს მათი წარმატებით შესრულება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპოზიტორის შემოქმედებას აერთიანებს თვითმყოფი მუსიკალურ-ინტონაციური ენა, რაც გამოარჩევს მას ნებისმიერ ადგილსა და გარემოში.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე