ნიკო
სულხანიშვილი

ნიკო სულხანიშვილი

(1871 – 1919)

 

ნიკო სულხანიშვილი – ქართველო კომპოზიტორი, ეთნოგრაფი, ლოტბარი, მომღერალი. ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის ფუძემდებელი და ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშების ავტორი.

დაბადების თარიღი –  1871

დაბადების ადგილი – სოფელი აწყური, კახეთი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 3 დეკემბერი, 1919

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1878 – პირველად მუსიკალურ განათლებას თელავის სასულიერო სემინარიაში იღებს;

1884 წლიდან  –  სწავლას განაგრძობს თბილისის სასულიერო სემინარიაში;

1902 – თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ეუფლება თეორიულ დისციპლინებს და კერძო გაკვეთილებს იღებს კომპოზიციაში;

მოგვიანებით სიმღერის შესწავლა დაიწყო ცნობილ პედაგოგთან, დ. უსატოვთან;

1890 –1900 – თელავის სასულიერო სემინარიის სიმღერის მასწავლებელი

1900–1912 – მიემგზავრება თბილისში და ქმნის ქართული გალობის მოყვარულთა გუნდს;

1886 – ქმნის პირველ საგუნდო ნაწარმოებებს;

1912 – 1914 – ფოლკლორული ექსპედიციით, კახეთში იწყებს ხალხური სიმღერების ჩაწერას;

1918 – ხელმძღვანელობს ფასიან გუნდს;

1919 – „საქართველოს ფილარმონიულ საზოგადოებასთან“ არსებული კაპელას ხელმძღვანელი;

ნიკო სულხანიშვილი

(1871 – 1919)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

1892 – „პატარა კახი“ – დაკარგული პარტიტურა – შემორჩენილია ორი ნაწყვეტი – მწყემსის არია “დაიგვიანეს” და პატარა კახის არია “ძლივს მარტო დავრჩი”)

 

ვოკალური მუსიკა

გუნდები a Cappella

“გუთნური” –  (ტექსტი – ი. ჭავჭავაძე) – ბანის, ტენორისა და შერეული გუნდისთვის

„სამშობლო ხევსურისა“ – სოლო ტენორის და შერეული გუნდისათვის –  (ტექსტი – ს. ფაშალიშვილი)

“სამშობლო ხევსურისა” – (ტექსტი – რ. ერისთავი)

“მესტვირული” – (ტექსტი – ა. წერეთელი)

„დიდება ივერსა“ – შერეული გუნდისთვის

„აქებდეთ სახელსა უფლისასა“  –  შერეული გუნდისთვის

„ღმერთი უფალი“  –  სამხმიანი გუნდისთვის

„ღმერთი უფალი“  –  შერეული გუნდისთვის

„დიდი კვერექსი“ („წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდაო“) –  სამხმიანი გუნდისთვის

მცირე კვერექსი („განუსვენე უფალო“)

“მაშ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლევ”– სოლისტი ტენორების და შერეული გუნდისათვის –  (ტექსტი – ს. ფაშალიშვილის ლექსზე);

„ღმერთო, ღმერთო” –  ჰიმნი შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის –  (ტექსტი – შ. რუსთაველი –ავთანდილის ლოცვა –  ქართულ მუსიკაში პირველმა მიმართა შ. რუსთაველის პოეზიას)

“მო, ზუალო”  –  რომანსი  –  ხმისა და ფორტეპიანოსათვის

ნიკო სულხანიშვილი

(1871 – 1919)

 

ნიკო სულხანიშვილი,  ახალი ქართული პროფესიული მუსიკის პირველი თაობის  წარმომადგენელთა გამორჩეული სახეა.

სულხანიშვილი სამართლიანად ითვლება  მე-19 საუკუნის ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, „თერგდალეულთა’“ ესთეტიკური პრინციპების ერთ-ერთ პირველ გამტარებლად მუსიკაში.  „თერგდალეულებს“ ქართული ფოლკლორი, განსაკუთრებით მუსიკალური ნიმუშების  გაცოცხლება მიაჩნდათ  ეროვნული იდენტობის გაძლიერების ერთ-ერთ გზად.  მაშინ, როდესაც ქართული ხალხური მუსიკა მივიწყების და შეიძლება ითქვას, გაქრობის საშიშროების წინაშე იდგა, სულხანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც არამხოლოდ მის გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ მის ახალ სიცოცხლეს დაუდო დასაბამი.

ქართული  სიმღერა მაგისტრალურ ხაზად გასდევდა მთელ მის ცხოვრებას. ჯერ კიდევ  ბავშვობიდან მოყოლებული, მის მშობლიურ გარემოში,  აღმოსავლეთ საქართველოს კუთხის,  კახეთის სოფელ აწყურში,  ხალხური სიმღერა ყოფის, ჭირის, ლხინის მუდმივი თანმხლები იყო. მოგვიანებით, თელავის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში,   მის არსებაში  უნიკალური ქართული საგალობელი იკავებს მნიშვნელოვან ადგილს. შემდგომში კი თბილისში, პირველი ქართული ეთნოგრაფიული გუნდის – „ქართული ხოროს“   რეპერტუარის გაცნობისას  მის წინაშე გადაიშლება   ქართული მუსიკალური ფოლკლორი თავისი  მრავალმხრივობითა  და მრავალფეროვნებით. ნიკო სულხანიშვილმა  ქართული ხალხური მუსიკის  უდიდეს მოამაგესთან, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილთან ერთად  შემოიარა კახეთის სოფლები ხალხური სიმღერების ჩასაწერად, რაც  შემდგომ როგორც ლოტბარმა შეასრულა თავის ჩამოყალიბებულ მცირე საგუნდო კოლექტივთან ერთად. ამგვარი მოვლენები უძღოდა წინ სულხანიშვილის ხალხურ  ნიადაგზე დამყარებული, ორიგინალური საგუნდო ნაწარმოებების შექმნას.

მუსიკოლოგ ვლადიმერ დონაძის სიტყვებით, „სულხანიშვილის მთავარი ისტორიული დამსახურება ის არის, რომ მან საძირკველი ჩაუყარა ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკას და შექმნა ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები“.

ნ. სულხანიშვილი ქმნიდა a  cappella გუნდებს, მსგავსად ხალხური ნიმუშებისა, ინსტრუმენტული თანხლების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ნ. სულხანიშვილმა ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფარგლები გააფართოვა, თავისებურად მოახდინა ევროპაში დამკვიდრებული საგუნდო შემადგენლობის სინთეზი ქართულ პოლიფონიურ აზროვნებასთან. ამ თვალსაზრისით, კომპოზიტორმა შექმნა შერეული გუნდის ნიმუშები, სადაც გაერთიანდა  მამამკაცთა და ქალთა ხმები.

საყურადღებოა ისიც, რომ ის არ ახდენდა  ხალხური მელოდიების  ციტირებას, არამედ ქართული ფოლკლორის კანონზომიერებებზე დაყრდნობით საკუთარ სტილს ქმნიდა, და თავის ხელწერას ამკვიდრებდა. ასე მაგალითად, გაითავისა  ძველი ქართული კილო-ტონალური სისტემა, აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეების, ქართლ-კახეთისათვის დამახასიათებელი კილოების –  მიქსოლიდიურის, ეოლიურის, ფრიგიულის, დორიულის მონაცვლეობა და თავისი გუნდების საძირკველი მათზე ააგო.

სამწუხაროდ, ნ. სულხანიშვილის მუსიკალურმა  მემკვიდრეობამ ჩვენამდე სრული სახით ვერ მოაღწია. მისი დანატოვარი   მეტად  მცირერიცხოვანია, მაგრამ მრავალფეროვანი. სულხანიშვილის   გუნდები  ერთმანეთისგან განსხვავდება  როგორც მხატვრული შინაარსით, ასევე  ფორმით, დრამატურგიით, ფაქტურით.  მაგალითად, დასავლეთ საქართველოს კუთხის, რაჭის ფოკლორული ტრადიცია არის განზოგადებული საგუნდო ნაწარმოებში „მესტვირული“ (1913 წ. აკაკი წერეთლის ლექსის „ჩონგურს სიმები გაუბი“ მიხედვით). აქ გუნდისა და სოლისტის გადაძახილი   ხალხურ საკრავზე – გუდასტვირზე დამკვრელისა და გარშემომყოფების ერთმანეთთან შეხმიანების იმიტაციას ქმნის.

შერეული, ქალ-ვაჟთა  გუნდის მრავალფეროვნება, მისი ტემბრული დაპირისპირებით  განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს საგუნდო სიმღერაში „სამშობლო ხევსურისა“ (1913 წ. რაფიელ ერისთავის ამავე სახელწოდების ლექსის მიხ.). ამ ნაწარმოებში, არანაკლებ საინტერესოა რიტმის, ტემპის, ფაქტურული  კონტრასტები. ასევე მნიშვნელოვანია კილო-ტონალური ცვალებადობა და ამ რთული მუსიკალური ქსოვილის ერთიან ლაკონურ ფორმაში მოქცევა.

ქართული ხალხური სიმღერა, როგორც  სინკრეტული მოვლენა,  გადმოცემულია გუნდში „გუთნური“. (1913 წ. ილია ჭავჭავაძის ლექსის „გუთნისდედა“ მიხ.). კომპოზიტორი მუსიკის საშუალებით ყოფითი სურათის თეატრალიზებას ახდენს. ნაწარმოები ცოცხლად წარმოსახავს მიწის ხვნის პროცესს, რომელსაც უძღვება გუთნისდედა, აგრეთვე  გარემომცველების – მეხრის, გლეხების ჩართულობას ამ პროცესში. ამიტომაც არის „გუთნური“ ყველაზე ფართო მოცულობის ქმნილება, მის შემოქმედებაში. ეს ნაწარმოები ყოველმხრივ გამორჩეულია ნიკო სულხანიშვილის გუნდებს შორის – თავისი შემადგენლობით –  დაწერილია სამი სოლისტისა (ტენორი, ალტი, ბანი) და ოთხხმიანი გუნდისათვის, სოლისტისა და გუნდის სახიერი, დიალოგური ურთიერთდამოკიდებულებით, დიფერენცირებული ფაქტურით,  ტემბრული, მეტრ-რიტმული რეგისტრული კონტრასტებით. დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ თავისი მასშტაბურობით, ჟღერადობის სისავსით, შემადგენლობით, ერთგვარი ეპიკურობითაც კი, „გუთნური“ კანტატის ჟანრთან ჰპოვებს გადაძახილს და მისი დამკვიდრების წინაპირობას ქმნის ახალ ქართულ პროფესიულ მუსიკაში.

გუნდი „მაშ, გამარჯვება ტკბილო სიცოცხლევ“ (1913 წ. სიკო ფაშალიშვილის ტექსტზე)    ქართლ-კახურ სიმღერებს,  გრძელი სუფრულებს  უახლოვდება  ჯანსაღი  სულისკვეთებით, ძლიერი მუხტით,  ომახიანი, ოპტიმისტური  განწყობით. ავტორი სარგებლობს, გრძელი სუფრულების, სახელდობრ, „ჩაკრულოსათვის“ დამახასიათებელი საკომპოზიტრორო პირინციპებით, რომელთაგან უმთავრესია სოლისტების სიმღერა მრავალფეროვან აკორდულ ფონზე, რასაც ბანები ახმოვანებენ. ისევე, როგორც „ჩაკრულოში“, აქაც   სოლისტებისა და გუნდის ურთიერთობა რთული, მონუმენტური ჰარმონიულ-პოლიფონიური ქსოვილითაა გადმოცემული.

სრულიად განსხვავებულია გუნდი –  ქორალი „ღმერთო-ღმერთო“ (შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“  ფრაგმენტის მიხ.). ამ ქმნილებაში ავტორი აღარ მიმართავს მისი სხვა ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელ დრამატურგიულ პრინციპებს,  სხვადასხვა  სახის კონტრასტებს.  „ღმერთო, ღმერთო“ ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის საფუძველზე არის აღმოცენებული. ამ შთაბეჭდილებას ქმნის როგროც ნაწარმოების ამაღლებული, რელიგიური სულისკვეთება და ჰიმნური ჟღერადობა, ასევე  ქართული საგალობლისთვის დამახასიათებელი ინტონაციური განვითარება, საერთო ფაქტურა.   ეს გუნდი გამოირჩევა იმითაც, რომ მასში შერწყმულია ხალხური კილო-ტონალური და კლასიკური მაჟორ-მინორული სისტემის პრინციპები.

ნ. სულხანიშვილმა  ქართულ ფოლკლორულ საფუძველზე არაერთი საკუთარი, საინტერესო ხერხი ააგო. მაგალითად, კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის მოსაზრებით, „სულხანიშვილი კომპოზიციაში ნოვატორული  მეთოდის – მოდალური მოტივების ჯამური ვარიანტულობის ავტორია,  რაც გულისხმობს მელოდიის ჰორიზონტალის, როგორც მცირე მოტივთა მოდუსების „მოზაიკური“ განლაგების რიგს“. სწორედ ეს პრინციპი წარმოქმნის მის გუნდებში ორმაგი იმპროვიზაციების ფორმებს.

ნ. სულხანიშვილის ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო ქართული პოეზია იყო. ჩვენამდე მოღწეული ნაწარმოებების მიხედვით ჩანს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა  ლიტერატურული ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას, ამიტომაც მიმართვდა შოთა  რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის შემოქმედებას.

ნიკო სულხანიშვილის მხატვრული სამყაროს  ერთ-ერთი მთავარი თემა პატრიოტიზმია.   ეს  მოტივი მსჭვალავს მის საგუნდო შემოქმედებას, რასაც ადასტურებს ნაწარმოებები: „სამშობლო ხევსურისა“,  „მესტვირული“, „დიდება ივერს“.   აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა თავისი  ოპერისთვისაც  პატრიოტული თემაზე დაწერილი ნაწარმოები  აირჩია, რისთვისაც მიმართა აკაკი წერეთლის პატრიოტულ დრამას „პატარა კახი“. ამ ოპერას სამწუხარო და საიდუმლოებით მოცული   ბედი ხვდა წილად,  მისი  ნოტები კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ  ორმა  საოპერო ეპიზოდმა: ქვაბულიძის არია-სიმღერამ „დაიგვიანეს“ და პატარა კახის არიამ „ძლივს მარტო დავრჩი“, რომელთა  ყოველი აჟღერება მსმენელზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.

ნიკო სულხანიშვილმა, ერთი მხრივ, გააგრძელა უნიკალური ქართული ხალხური საგუნდო მუსიკის ტრადიცია და მეორე მხრივ, მისი განვითარების ახალი გზა დასახა. კომპოზიტორმა, ძალზე მცირერიცხოვანი მემკვიდრეობით, უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა ქართულ საკომპოზიტორო ხელოვნებაში.

 

მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე