შალვა
მშველიძე

შალვა მშველიძე

(1904 – 1984)

 

ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ–ს სახალხო არტისტი (1942), სტალინის პრემიის ლაურეატი (1947) და ლენინის ორდენის კავალერი.

შალვა მშველიძემ, პირველმა შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავ–ხევსურული მუსიკალური დიალექტი;

შალვა მშველიძემ, საფუძველი ჩაუყარა ქართულ სიმფონიურ მუსიკაში ეპიკურ სიმფონიზმის ჟანრს. შალვა მშველიძის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მან პირველმა აამეტყველა ქართულ სიმფონიურ მუსიკაში ვაჟა–ფშაველას ეპოსი თავისი სიდიადით, წარმოაჩინა მისი მომხიბვლელობა.

ავტორია ფუნდამენტური კვლევების: „საკრავთმცოდნეობა“, „ორკესტრობის თეორია“;

 

დაბადების თარიღი –  15 მაისი, 1904

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 5 მარტი, 1984

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1930 –  დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (მ. ბაგრანოვსკისა და ს. ბარხუდარიანის კლასი);

1928 – 1930 – კონსერვატორიის სტუდენტობის წლებში დიმიტრი არაყიშვილის დავალებით დაიწყო ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვება. შემოიარა სვანეთი, თუშ–ფშავ–ხევსურეთი, ქიზიყი, კახეთი, ქართლი, მესხეთ–ჯავახეთი, გურია, აჭარა.

1933 – დაამთავრა ნ. რიმსკი–კორსაკოვის სახელობის სანკტ–პეტერბურგის  კონსერვატორიის ასპირანტურა ვ. შჩერბაჩოვის ხელმძღვანელობით;

1921 – 1927 – სხვადასხვა საგუნდო კოლექტივების ხელმძღვანელი;

1921 – 1927 – თბილისის სახალხო განათლების შრომით სკოლებში;

1929 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ–მასწავლებელი, შემდეგ მასწავლებელი, დოცენტი;

1942 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;

1930 – 1940 – ეკავა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა – კომპოზიციის კათედრის ხელმძღვანელი, თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი…

1947 – 1950 – საქართველოს სიმღერისა და  ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

1950 – 1952 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი;

 

ჯილდოები და აღიარება

1932 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

1948 –1979 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

1941 – 1945 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1941–1951)

1941 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1941 – სსრკ სახელმწიფო პრემია

1942 – სტალინური პრემია

1947 – სსრკ სახელმწიფო პრემია

1947 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი

1958 – საქართველოს სახალხო არტისტი

1958 – აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1971 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია

1973 – ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემია(ინდოეთი)

ლენინის ორდენი

 

შალვა მშველიძე

(1904 – 1984)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

1945 – „ამბავი ტარიელისა“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. ფაღავა)

1960 – „დიდოსტატის მარჯვენა“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ნ. ძიძიშვილი)

1968 – „ჯარისკაცის ქვრივი“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. ჭელიძე)

1960 – „ალუდა ქეთელაური“– ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – შ. მშველიძე)

 

საორკესტრო მუსიკა

1943 – სიმფონია N 1

1944 – სიმფონია N 2

1952 – სიმფონია N 3  „სამგორი“

1968 – სიმფონია N 4

1975 – სიმფონია N 5

1943 – სიმფონია N 6 „შატილიონი“

 

1933 – „ფშაური“ – სიმფონიური სურათი-ელეგია

1933 – „აზარი“ – სიმფონიური სურათი-ოდა

1933 – „ხორუმი“ – სიმფონიური სურათი

1949 – „განთიადი“ – სიმფონიური სურათი

 

1940 – „ზვიადაური“ – სიმფონიური პოემა

1950 – „მინდია“ – სიმფონიური პოემა

1962 – „ვეფხი და მოყმე“ – სიმფონიური პოემა

1973 – „პოემა საქართველოზე“ – სიმფონიური პოემა

 

1954 – „სიმფონიური ცეკვები“

1955 – „ინდური სუიტა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1956 – „პოლიფონიური სუიტა“ – სიმფონიური ციკლი 4 ნაწილად

1955 – „ინდური სუიტა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1958 – „ბირმული სურათები“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1955 – „საზეიმო უვერტიურა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1979 – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1963 – „კავკასიონი“ – ორატორია – სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის –  (ტექსტი – გ. აბაშიძე, გ. ლეონიძე, ი. გრიშაშვილი)

1963 – „მარადი თქმულება“ – ორატორია – შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის –  (ტექსტი – ვ. მაიაკოვსკი, ა. ბეზიმენსკი, ა. სურკოვი, რ. როჟდესტვენსკი, ბ. ბეკეტოვი, მ. ლისიანსკი, მ. ნაგნიბედა)

1934 – „ფშაური“ – საგუნდო პოემა

 

მრავალი საგუნდო ნაწარმოების და სიმღერის ავტორი

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა თეატრისთვის – 40-ზე მეტი სპექტაკლის ავტორი. მათ შორის: 

„გურია ნინოშვილი“, „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, „ჩატეხილი ხიდი“, „გუშინდელნი“, „ნაცარქექია“

 

სამეცნიერო ნაშრომები

„საკრავმცოდნეობა. თანამედროვე ორკესტრის თეორიული საფუძვლები“

 

 

 

შალვა მშველიძე

(1904 – 1984)

 

შალვა მშველიძე ქართული მუსიკის აღიარებული კლასიკოსია.  მან ქართულ პროფესიულ მუსიკაში იმდენად განსხვავებული ელფერი შემოიტანა, რომ მის ინდივიდუალურ საკომპოზირტორო ხელწერას „მშველიძის მუსიკალური ენა“ უწოდეს.

შალვა მშველიძის შემოქმედება ეროვნული მძლავრი ფესვებით არის ნასაზრდოვები.  მისი მხატვრული ესთეტიკა მთის წიაღიდან გადმოსული დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას სამყაროსთან არის წილნაყარი. ცნობილია დიმიტრი შოსტაკოვიჩის სიტყვები: “როდესაც  შალვა მშველიძის ნაწარმოებებს  ვისმენ, ასე მგონია, მთები დაიძვრებიან“.

შალვა მშველიძემ ქართული ხალხური მუსიკის მრავალფეროვანი სპექტრი გაითავისა და კლასიკური მუსიკის ყალიბში მოაქცია. აქ აღსანიშნავია მის მიერ მსოფლიო კომპოზიტორების ნაღვაწის გათვალისწინებაც. მთავარი სიახლე კი   აღმოსავლეთ საქართველოს მთის, ფშავის ფოლკლორზე დაფუძნებული ინტონაციის  შემოიტანაში მდგომარეობდა. ეს არის არქაული, ფშავური ცალხმიანი სიმღერის თავისებური კილო, პირქუში, იდუმალი ხასიათის, რომელსაც თავად კომპოზიტორმა „ფშაური კილო“ უწოდა. ეს კილო-ჰანგი, რომელიც მშველიძის საკომპოზიტორო ხელწერის საფუძველი გახდა, თავდაპირველად  გაჟღერდა სიმფონიურ ელეგიაში „ფშაური“ (1933), შემდეგ კი ამავე სახელწოდების საგუნდო  ნაწარმოებში ფორტეპიანოს თანხლებით,    „ფშაური“ (1934).

„მთის ენერგეტიკამ“, არქაული და კლასიკური ლექსიკის სინთეზმა სხვა მასშტაბი მიიღო სიმფონიურ ნაწარმოებში „ზვიადაური“ (1940), რომელსაც კომპოზიტორმა სიმფონიური პოემა უწოდა. ნაწარმოების პროგრამა ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელზეა” დაფუძნებული, რომლის არსიც მდგომარეობს გმირების შეჯახებაში მთის ძველ ადათებთან. ამ ნაწარმოებით კომპოზიტორმა ახლებურად გაიაზრა სიმფონიური პოემის ჟანრი, ფორმის, სტრუქტურის მხრივ, ხოლო ჟანრული თვალსაზრისით, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური შრეებით აღსავსე   გმირულ-ეპიკური ტილო შექმნა.  „ზვიადაური“ საეტაპო ნაწარმოები გახდა ეროვნულ პროფესიულ მუსიკაში. მან ერთ-ერთმა პირველმა მოუტანა აღიარება ქართულ სიმფონიურ მუსიკას.

სიმფონიური მინიატიურა „აზარი“ (1933),  ზემოხსენებულ საორკესტრო პიესა   „ფშაურთან“ ერთად კომპოზიტორის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იყო,   საზოგადოების ყურადღება რომ მიიქცია. ამასთანავე ეს ქმნილებაც ერთ-ერთი   ამოსავალი გახდა მშველიძის შემოქმედების. მასში ჩასახული ეპიკური, სადღესასწაულო  საწყისი კომპოზიტორმა განავითარა პირველ სიმფონიაში (1943), რომელიც, თავის მხრივ,  მოსამზადებელი საფეხური აღმოჩნდა მე-2 სიმფონიისათვის (1944). ამ უკანასკნელში სიახლეს წარმოადგენდა ინტონაციური ენის ფარგლების გაფართოება, სიმფონიზმის პრინციპის გატარება. სიმფონია N2 იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ ნაწარმოებში კომპოზიტორმა, პირველად ქართულ პროფესიულ მუსიკაში, მიმართა ქორალის ჟანრს. სიმფონიით N2 საფუძველი ჩაეყარა ქართულ ეპიკურ-ჟანრულ სიმფონიზმს. მესამე სიმფონია „სამგორი“ კი, გმირულ-ეპიკურ სიმფონიათა რიცხვს მიეკუთვნება.

კომპოზიტორის 6 სიმფონიიდან ყველაზე მეტი წარმატება მე-4 სიმფონიას (1968) ხვდა წილად, რომელიც მიჩნეულია წინ გადადგმულ ნაბიჯად სტრუქტურული აღნაგობის თვალსაზრისით. ნაწარმოებმა   აგრეთვე შთაბეჭდილება შექმნა კილო-ჰარმონიული მიმოქცევების დინამიკურობით, ტემბრული ჟღერადობის ელასტიურობით.

ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით არის დაწერილი სიმფონიური პოემა „მინდიაც“ (1950). ლიტერატურულმა წყარომ, პოემა „გველისმჭამელმა“  კომპოზიტორს სრული არეალი მისცა პანთეისტური მსოფლაღქმის გაცხადების. აქ შ. მშველიძის აზროვნების, მუსიკალური მეტყველების სხვა წახნაგები გამოვლინდა.   ნაწარმოებმა ყურადღება მიიპყრო კილო-ჰარმონიის, კონტრაპუნქტის ცვალებადობით, იმპროვიზაციულობისა და სიმფონიზმის პრინციის სინთეზით.

შალვა მშველიძე ოთხი ოპერის ავტორია. მისი პირველი ოპერაა – „ამბავი ტარიელისა“, რომელიც  დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით არის დაწერილი.  კომპოზიტორს ლიტერატურულმა წყარომ უკარნახა საქართველოს სხვადასხვა კუთხის   ფოლკლორული ელემენტების გაერთიანება.  „ამბავი ტარიელისა“ ოპერა- ორატორიის ტიპს მიეკუთვნება, იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1946 წელს დაიდგა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ასევე დაიდგა შალვა მშველიძის ოპერა „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), რომელიც   ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა (ლიბრეტოს ავტორი ქუჯი ძიძიშვილი). კომპოზიტორს თავისივე მხატვრულ-სტილისტურმა მისწრაფებამ უბიძგა ნაწარმოებისათვის სახალხო მუსიკალური დრამის სახე მიეცა. ამჯერად ავტორმა საოპერო ნაწარმოებში წამოსწია  საქართველოს მთის ხალხის თემა, მათი შეურყევლობა და სიმძლავრე. მუსიკოლოგიაში აღინიშნა მუსორგსკის ტრადიციასთან კავშირი, აგრეთვე ისიც, რომ მშველიძის ორივე ზემოთ დასახელებული ოპერის ამოსავალია ქართული საგუნდო ეპოსი და ქართული კლასიკური ოპერა.

მნიშვნელოვანია შ. მშველიძის ვოკალური ნაწარმოებები, რითაც კომპოზიტორი თავდაპირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს იყო ნაწარმოებები მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის: „თუშის ქალები“, „ოროველა“, „შირაქის ნავთი“, „გახა წიკლაური“. აქედან „თუში ქალები“ და  შესასრულებელად ურთულესი „ოროველა“ დღესაც  ამშვენებს ქართველ მომღერალთა რეპერტუარს.

კომპოზიტორის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია მისი საგუნდო შემოქმედება. საბჭოთა ეპოქამ განაპირობა ამ ნაწარმოებების ჟანრული მხარე. ისინი საზეიმო, მასობრივი, მარშისებური სიმღერებით არიან წარმოდგენილი. მათი ღირებულება გამოიხატება ეროვნული ფოლკლორის ორიგინალური სინთეზით, საინტერესო პოლიფონიური მიგნებებით.

შალვა მშველიძის ნაწარმოებთაგან ყურადღებას იმსახურებენ: „ხორუმი“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1933. ეს პირველი ქართული საორკესტრო ნაწარმოებია, რომელიც ეროვნულ ხალხურ  საცეკვაო საფუძველზე შეიქმნა), სიმფონიური სურათი „მზის ამოსვლა“ (1947),   ორატორია „კავკასიონი“ (1949), „ინდური სიუიტა“ (1955), „პოლიფონიური სიუიტა“ (1956),  სიმფონიური პოემა „მოყმე და ვეფხი“ (1962), რომანსები და სხვ.

კომპოზიტორის შემოქმედების მკვლევრის, მუსიკოლოგ ანტონ წულუკიძის სიტყვებით – „შალვა მშველიძემ სიმფონიური, საოპერო, საგუნდო შემოქმედებით ეროვნულ კულტურას განძი დაუტოვა, იგი კვლავაც ასათვისებელი და მოსავლელია“.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე