რევაზ
ლაღიძე
რევაზ ლაღიძე
(1921 – 1981)
რევაზ ლაღიძე — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. ქართული საისიმღერო ჟანრის კლასიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი (1941), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977.)
დაბადების თარიღი – 10 ივლისი, 1921
დაბადების ადგილი – სოფელი ობჩა, იმერეთი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 16 ოქტომბერი, 1981
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1939 – დაამთავრა, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის IV მუსიკალური სასწავლებელი, ვიოლინოს სპეციალობით;
1947 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის სპეციალობით ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით;
1943 – 1945 – საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი (ორკესტრის მუსიკოსი – მევიოლინე);
1945 – 1951 – საქართველოს რადიოს სიმფონიური ორკესტრი (ორკესტრის მუსიკოსი – მევიოლინე);
1978 წლიდან – თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის პროფესორი;
1962 წლიდან – თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე;
1962 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლის კლასი);
1962 – 1981 – კინოსტუდია „ქართული ფილმი“ – ქრონიკის ვიდეო მასალის, დოკუმენტური და სამეცნიერო–პოპულარული ფილმების მუსიკალური რედაქტორი;
ჯილდოები და აღიარება
1949 წლიდან – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
1958 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1961 – საქართველოს სახალხო არტისტი
1967 – საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
1968 – საპატიო ნიშნის ორდენი
1971 – შრომის წითელი დროშის ორდენი
1975 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1978 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
რევაზ ლაღიძე
(1921 – 1981)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1974 – „ლელა“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ჭუბაბრია) – მ. მეტერლინკის დრამის „მონა ვანა“ მიხედვით)
1950 – „მეგობრები“ – მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ჭუბაბრია)
1957 – „კომბლე“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ნახუცრიშვილი; ტექსტი – პ. გრუზინსკი) – ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლე“ მიხედვით
საორკესტრო მუსიკა
1949 – „სამშობლოსათვის“ – სიმფონიური პოემა
1952 – „საჭიდაო“ – სიმფონიური სურათი
1974 – „ლახტი“ – სიმფონიური სურათი
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1949 – პრელუდი ფორტეპიანოსათვის
1951 – მუსიკალური მომენტი – ფორტეპიანოსათვის
1951 – „გავოტი“ – ფორტეპიანოსათვის
1957 – „რონდო-ტოკატა“ – ფორტეპიანოსათვის
1979 – საბავშვო სუიტა – ფორტეპიანოსათვის
1951 – „ელეგია“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1953 – „სიმღერა“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1953 – „პოემა“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1954 – „მუხამბაზი“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1971 – „სიმღერა“ – ვალტორნისა და ფორტეპიანოსათვის
ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1952 – „ჰიმნი სამგორს“ – შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ლ. ჭუბაბრია)
1958 – „სიმღერა თბილისზე“ – სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1961 – „საქართველო“ – კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1968 – „მე მელოდება ვარძია“ – საგუნდო პოემა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ი. აბაშიძე)
1969 – „ოდა მესხეთს“ – სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ი. აბაშიძე)
1969 – „ბალადა ვაზზე“ – სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)
1970 – „სიმღერა ტყეებზე“ – სოლისტის, მამაკაცთა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – ხალხური)
1952 – „საქართველო“ – სიმღერა სოლისტისა და გუნდისთვის, მეფანდურეთა ანსამბლის თანხლებით – (ტექსტი – ა. მირცხულავა)
1952 – „მაისი დადგა“ – სიმღერა ორხმიანი საბავშვო გუნდისათვის, ფორტეპიანოს თანხლებით – (ტექსტი – მ. ლებანიძე)
1956 – „სიმღერა სამშობლოზე“ – სიმღერა სამხმიანი გუნდისათვის, მეფანდურეთა ანსამბლის თანხლებით – (ტექსტი – გ. გრიგოლაშვილი)
1960 – „სიმღერა ბათუმზე“ – სოლისტების, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ფ. ხალვაში)
1961 – „მუხამბაზი თბილისს“ – გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ლ. ჭუბაბრია)
1962 – „სიმღერა მეგობრობაზე“ – სიმღერა სოლისტის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი) – კინოფილმიდან „კეთილი ადამიანები“
1966 – „მშობლიური მხარე“ – სიმღერა შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ლ. ჭუბაბრია)
1968 – „მოხევური ბალადა“ – სოლისტის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ვ. ფშაველა)
1968 – „ახალგაზრდული ვალსი“ – შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ს. ფაშალიშვილი)
1972 – „ჰიმნი ქუთაისს“ – სოლისტის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)
1973 – „ვალსი“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1977 – „გული მღერის“ – სიმღერა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)
1952 – „ქართველ მებრძოლს“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – დ. გურამიშვილი)
1960 – „საზეიმო“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – კ. ლორთქიფანიძე)
1952 – „ერთი გოგო მიყვარდა“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – გ. შატბერაშვილი)
1962 – „ჩემი საყვარელი მხარე“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ი. ჭავჭავაძე) – კინოფილმიდან „გლახის ნაამბობი“
1962 – „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1968 – „შოთას საფლავზე“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ო. კუპრავა)
1973 – „ფერეიდნელი ქართველის ტირილი“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ლ. სულაბერიძე)
1977 – „სალაღობო“ – შერეული გუნდისთვის a Cappella – (ტექსტი – ლ. ასათიანი)
კინოსა და თეატრის მუსიკა
40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
„გამახარე“, „ლილი“, „ხვალინდელი დღე ჩვენია“, „რაიკომის მდივანი“, „ადამიანი ბეწვის ხიდზე“…
ფილმოგრაფია
1955 – „ცისკარა“ – რეჟისორი – სერგო ჭელიძე
1957 – „საბუდარელი ჭაბუკი“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1959 – „ნინო“ – რეჟისორი – ლეო ესაკია
1959 – „ყვავილი თოვლზე“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1959 – „ზვიგენის კბილი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
1960 – „შეწყვეტილი სიმღერა“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1961 – „გლახის ნაამბობი“ – რეჟისორი – ლეო ესაკია
1961 – „კეთილი ადამიანები“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1961 – „ერთი ცის ქვეშ“ – რეჟისორი – ლანა ღოღობერიძე
1963 – „ვინ შეკაზმავს ცხენს“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1964 – „ხევისბერი გოჩა“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1965 – „ხევსურული ბალადა“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1965 – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი
1967 – „ჩემი მეგობარი ნოდარი“ – რეჟისორი – დავით რონდელი
1968 – „ჯვარცმული კუნძული“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1968 – „განგაში“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1969 – „მოლოდინი“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
1971 – „წუთისოფელი“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
1971 – „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები_ – რეჟისორი – დევი აბაშიძე
1974 – „ანარეკლი“ – რეჟისორი – ოთარ აბესაძე
1974 – „ღამის ვიზიტი“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი
1976 – „თვალი პატიოსანი“ – რეჟისორი – შოთა მანაგაძე
1977 – „ესკულაპეს მოწაფე“ – რეჟისორი – ოთარ აბესაძე
ანიმაცია
1953 – „ურჩი თიკანი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი, თეიმურაზ მიქაძე
1954 – „მზეჭაბუკი“ – რეჟისორი – თეიმურაზ მიქაძე
დოკუმენტალისტიკა
1957 – „მზიურ მხარეში“ – რეჟისორი – ირაკლი კანდელაკი
რევაზ ლაღიძე
(1921 – 1981)
რევაზ ლაღიძე ის კომპოზიტორია, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით შეიყვარა ქართველმა ხალხმა. მისი შემოქმედება არა მხოლოდ ეროვნული მუსიკალური ხელოვნების მონაპოვარია, არამედ ქვეყნის გარეთაც, სწორედ ლაღიძის მელოდიები წარმოადგენს საქართველოს სიმბოლოს. ასეთი სიყვარული და პოპულარობა მას მოუტანა უწინარესად სიმღერებმა, მუსიკამ კინოფილმებისთვისა და სპექტაკლებისთვის.
საგულისხმოა, რომ ლაღიძემ აიტაცა, შეისისხლხორცა სხვადასხვა კუთხის დიალექტების მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური ფოლკლორის მონაპოვარი, თავის შემოქმედებაში თავი მოუყარა ამ მუსიკალურ საგანძურს და ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მისი სიმღერები ხასიათდება როგორც ინტონაციური, ასევე მხატვრულ-ემოციური მრავალფეროვნებით. ისინი გამოხატავენ პატრიოტულ გზნებას, ინტიმურ განცდებს, ფილოსოფიურ ჩაღრმავებას…
აღსანიშნავია, რომ სწორედ სასიმღერო შემოქმედებამ განაპირობა კომპოზიტორის ხელწერა, რომელიც ეროვნულ საწყისზეა დაფუძნებული და ამავე დროს, ინდივიდუალურად გამოკვეთილი. უშუალო, მღერადი, კანტილენური, ნატიფი, ძარღვიანი მელოდიური ხაზი, ნათელი, ფერადოვანი ჰარმონიული ჟღერადობა, დინამიკური რიტმული პულსაცია – ამ თვისებებით წარმოჩნდა მისი პირველი ნაწარმოებები სხვადასხვა – სიმფონიურ, კამერულ- ინსტრუმენტულ, კამერულ-ვოკალურ თუ საგუნდო სფეროში. კომპოზიტორს აკადემიური მუსიკის არაერთი ჟანრისთვის მიუმართავს და მიუხედავად, ნაწარმოებთა შედარებითი მცირერიცხოვნებისა, ისინიც არაერთხელ აჟღერებულან, როგორც ეროვნული იდენტობის გამომხატველი ქმნილებები.
რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი გზის დასაწყისი გასული საუკუნის 40-50-იანი წლებით თარიღდება. ეს პერიოდი აღინიშნება ნაყოფიერებით პროფესიული მუსიკის სხვადასხვა ჟანრში. მის პირველ სერიოზულ განაცხადს წარმოადგენდა სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ (1949 წ.), ილია ჭავჭავაძის პოემა „დიმიტრი თავდადებულის“ მიხედვით. ნაწარმოები, რომელშიც უკვე გამოვლინდა ლაღიძის შემოქმედებითი ხელწერისათვის დამახასიათებელი თვისებები, წარმატებით შესრულდა თბილისსა და მოსკოვში. ამ პერიოდში კომპოზიტორი აქტიურად მიმართავდა კამერულ – ინსტრუმენტულ ჟანრს. აღსანიშნავია, რომ საკრავთაგან, ამავე დროს ფორტეპიანო და ვიოლონჩელი იქცა მისი მდიდარი მელოდიური რესურსის ამოქმედების მთავარ საშუალებად. ვიოლონჩელის ინსპირაციით შეიქმნა პიესები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის: „ელეგია“ (1949 წ.), „სიმღერა“ (1953 წ.), „პოემა„ (1953 წ.), „მუხამბაზი“ (1954 წ.), საფორტეპიანო პიესები: პრელუდი (1949 წ.), მუსიკალური მომენტი (1954 წ.), გავოტი (1956 წ.).
გასული საუკუნის 50-იან წლები იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ დროს დგება ლაღიძე-დრამატურგის ჩამოყალიბების პირველი ეტაპი. ის უკავშირდება მუსიკალური თეატრს, ქმნის მუსიკალურ კომედიას „მეგობრები“ (1950 წ. ლიბრეტოს ავტორი ლევან ჭუბაბრია). 1957 წელს იგი ქმნის პირველ საბავშვო ოპერეტას „კომბლე“ (ლიბრეტოს ავტორი გუგა ნახუცრიშვილი). ეს ნაწარმოები წლების მანძილზე დიდი წარმატებით იდგმებოდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. ქართული ზღაპრის ამეტყველებით, ძველი თბილისის ყოფის გაცოცხლებით, მკვეთრი, ნათელი მელოდიური ნაგებობებით, ფერადოვანი ჰარმონიული ხმოვანებით იზიდავდა ყველა ასაკის მაყურებელს.
50-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან გამორჩეულია სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ (1952 წ.), რომელსაც იმთავითვე დიდი რეზონანსი ხვდა წილად. ნაწარმოების ერთ-ერთი პირველი შესრულების შემდეგ, კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი წერდა: „ახალგაზრდა კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ საუცხოოდ დაწერა საორკესტრო სურათი „საჭიდაო“, ეს ნაწარმოები და აგრეთვე მისი მეტად კარგი პიესა ვიოლონჩელისათვის, რომელიც კამერულ კონცერტზე შესრულდა, მოწმობს ავტორის დიდ ნიჭიერებაზე“. ამ ნაწარმოებში კომპოზიტორი ხალხური „საჭიდაოს“ თემის ფართო გაშლა-განვითარებით, ტემბრული ფერადოვნებით, მახვილგონივრული რიტმული მოძრაობით, ხალხური საკრავების იმიტაციით, ლაკონური ფორმით ქართული წეს-ჩვეულების, ორთაბრძოლის მკაფიო სურათს ქმნის, რომელიც ყოველი აჟღერებისას შთამბეჭდავ ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის მსმენელზე. დღეს „საჭიდაო“ წარმოადგენს ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთ „სავიზიტო ბარათს“.
როგორც რევაზ ლაღიძის მუსიკალური მემკვიდრეობის, ისე ქართული პროფესიული მუსიკის მნიშვნელოვანი შენაძენია ვირტუოზული საფორტეპიანო პიესა „რონდო-ტოკატა“ (1957 წ.). აქ ფორტეპიანოს ფარგლებში ხდება სახიერი სურათების ფოიერვერკული ამოფრქვევა. პიესაში ხალხური თემის ამეტყველებით, რიტმული მოტორიკის გაზრდით ძლიერი ენერგეტიკული ველი იქმნება. ეს ნაწარმოები ჩვენი იდენტობის ერთ-ერთ მკაფიო გამოვლენას წარმოადგენს. რონდო-ტოკატას თავიდანვე დიდი აღიარება ხვდა წილად, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის მის პირველ შემსრულებელს, ცნობილ ქართველ პიანისტს თენგიზ ამირეჯიბს. თბილისში, მუსიკოს-შემსრულებელთა პირველ საერთაშორისო კონკურსზე, ნაწარმოებმა საერთაშორისო რეზონანსიც მოიპოვა, სადაც არაერთი განსხვავებული საინტერესო ინტერპრეტაციით გაიჟღერა.
რევაზ ლაღიძემ 50-იანი წლების ბოლოდან ყურადღება მიიქცია საგუნდო ნაწარმოებებითაც. ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპოზიტორისათვის, ვინაიდან ხალხურ მუსიკასთან აახლოებდა და ამავე დროს მისი შემოქმედების თანამდევ სასიმღერო საწყისს მძლავრი ახმიანების საშუალებას აძლევდა. მონუმენტური ჟღერადობისკენ მისწრაფებამ შეაქმნევინა სიმღერა-კანტატები, სიმღერა-ჰიმნები: „სამშობლოსათვის“ (1949 წ.), „საქართველო“ (1961 წ.), „მუხამბაზი თბილისს“ (1961 წ.), „მელის ვარძია“ (1966 წ.), „მოხევური სიმღერა“ (1969 წ.), „ჰიმნი ქუთაისს“ (1972 წ.), „ჰიმნი დედა-ენას“ (1977 წ.) და ა.შ.
რევაზ ლაღიძის შემოქმედების მნიშვნელოვან ეტაპს და ქართული საოპერო მუსიკის შენაძენს წარმოადგენს ოპერა „ლელა“ (1974 წ. ლიბრეტო ლევან ჭუბაბრიასი, მორის მეტერლინკის დრამის „მონა ვანას“ მიხ.), სადაც კომპოზიტორის მხატვრული სამყარო გამთლიანებული და მასშტაბური სახით გვევლინება. ნაწარმოებში თავს იყრის ლაღიძის სასიმღერო თუ სხვა ჟანრებში მიმობნეული მრავალფეროვანი ინტონაციები, ახალი სუნთქვითა და ძალისხმევით იმძლავრებს პატრიოტული სულისკვეთება, ახალ სიმაღლეზე წარმოგვიდგება ლაღიძე-დრამატურგი. ოპერის მიმზიდველობას ქმნის გმირთა მკაფიო პორტრეტები. ავტორი მასობრივი სცენების დიდოსტატად წარმოჩნდება, სწორედ აქ იშლება მთელი სისავსით კომპოზიტორის სწრაფვა საგუნდო მუსიკისადმი. მუსიკოლოგ მანანა ახმეტელის სიტყვებით – „ლელა“ განეკუთვნება ქართული საგუნდო ოპერების რიგს, რომლებიც დღევანდლამდე წარმოდგენილი იყო ზაქარია ფალიაშვილის, შალვა მშველიძის, ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებებით. თავის ოპერაში რევაზ ლაღიძემ მოგვცა როგორც ქართული ხალხური საგუნდო მუსიკის, ისე ეროვნული საოპერო ტრადიციების შემოქმედებითი გადააზრების საკუთარი მაგალითი“.
რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს, სახელდობრ მის სიმღერებს არაერთხელ სიმბოლური დატვირთვა შეუძენია ერის ცხოვრებაში. მისი „სიმღერა თბილისზე“ იმთავითვე იქცა საქართველოს დედაქალაქის მუსიკალურ ემბლემად, უცხოელი მომღერლებიც ამ სიმღერის შესრულებით ამჟღავნებდნენ თბილისისადმი თავიანთ დამოკიდებულებას. რევაზ ლაღიძის მელოდიები ყოველთვის ჟღერდა ქართველი ერისათვის კრიტიკულ მომენტებში. გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოში ეროვნული მოძრაობის აზვირთებისას ქუჩებში გაისმოდა რევაზ ლაღიძის დიდი ხნის წინ, კინოფილმისათვის დაწერილი სიმღერა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ჩემო კარგო ქვეყანავ“… ეს სიმღერა იმ პერიოდში საქართველოს არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
დღესაც საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, რევაზ ლაღიძის მელოდიებით გამოხატავენ ემოციებს, სიყვარულის, სევდის, პატრიოტიზმის მოზღვავებულ გრძნობებს და განწყობაც ისეთია, რომ მუდამ ასე იქნება…
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე