ბიძინა
კვერნაძე

ბიძინა კვერნაძე

(1928 – 2010)

 

ბიძინა კვერნაძე, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, 60–იანელთა თაობის ერთ–ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. ბიძინა კვერნაძის შემოქმედება ქართულ პროფესიულ მუსიკაში დამკვიდრდა როგორც პოეტური ბუნების, რომანტიკისა და ლირიკის სიმბოლო.  იგი ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთების კომპოზიტორია და მისი ქმნილებები ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ეტაპია. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), ზაქარია ფალიაშვილის (1981) და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების (1985) ლაურეატი…

დაბადების თარიღი –  29 ივლისი, 1927

დაბადების ადგილი – ქალაქი სიღნაღი, კახეთი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 8 ივლისი, 2010

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1945 – ჩააბარა, ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ გიმნაზიაში (ნიჭიერთა ათწლედი), სიმებიან ფაკულტეტზე (კონტრაბასი);

1953 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ანდრია ბალანჩივაძის კლასი). ამავე წელს მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით;

1953 – 1955 – თბილისის N 9 მუსიკალური სკოლის თეორიული განყოფილების პედაგოგი;

1955 – 1965 – II მუსიკალური სასწავლებლის კომპოზიციის პედაგოგი;

1959 – ფესტივალზე „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“, შესრულდა ბ. კვერნაძის კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. ამავე წელს ნაწარმოები გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ავტორი დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით.

1963 წლიდან – ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში

1971 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი

1980 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი

1996 – 2007 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის გამგე

 

ჯილდოები და აღიარება

1966 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1979 – საქართველოს სახალხო არტისტი

1981 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია

1985 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1996 – თბილისის საპატიო მოქალაქე

1998 – ღირსების ორდენი – ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

2003 – ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავის გახსნა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ

2008 – ილიას მედალი, “მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის

 

 

 

ბიძინა კვერნაძე

(1928 – 2010)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

1982 – „და იყო მერვესა წელსა“ –  ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. სტურუა)

1987 – „ჩვენისთანა ბედნიერი“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. სტურუა)

1991 – „მედეა“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. იოსელიანი, ა. ჭიჭინაძე)

1997 – „კოლხთა ასული“ – ოპერა-პოემა 1 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. სანიკიძე, გ. ლორთქიფანიძე)

 

1964 – „ქორეოგრაფიული ნოველები“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ზ. კიკალეიშვილი, გ. მელივა, ჩ. გუდიაშვილი)

1973 – „ბერიკაობა“ – ბალეტი 1 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ალექსიძე)

 

1966 – „ცოლები და ქმრები“ – ოპერეტა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. ლეზგიშვილი)

 

საორკესტრო მუსიკა

1961 – სიმფონია N 1

1986 – სიმფონია N 2 – დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის („ჰანს სიკორსკის“ ფირმის დაკვეთით)

1952 – „განთიადისას“ – სიმფონიური პოემა

1959 – „ცეკვა-ფანტაზია“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

1964 – „სერაფიტა“ – ქორეოგრაფიული პოემა სიმფონიური ორკესტრისათვის

1968 – „მოლოდინი“ – პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის

1968 – უვერტიურა-სკერცო – სიმფონიური ორკესტრისათვის

1977 – საზეიმო უვერტიურა – სიმფონიური ორკესტრისათვის

1979 – „ბერიკაობა“ – ქორეოგრაფიული პოემა სიმფონიური ორკესტრისათვის

1984 – უვერტიურა – სიმფონიური ორკესტრისათვის

 

1955 – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N 1

1966 – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N 2

1956 – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის N 1

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1971 – „უკვდავება“ – კანტატა შერეული გუნდის, სიმფონიური ორკესტრისა და მკითხველისათვის (ტექსტი – პ. გრუზინსკი)

1971 – „კანტატა საქართველოზე“ – ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1974 – „ჩემი ვედრება“ – ვოკალურ-სიმფონიური პოემა შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი – ნ. ბარათაშვილი)

1978 – „ძველქართული წარწერები“ – ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი – გ. ლეონიძე)

1979 – ვოკალურ-სიმფონიური პოემა მეცო-სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი – ე. თათარაიძე და ხალხური პოეზია)

2007 – „ოდა საქართველოს“ – კანტატა სოლისტების (სოპრანო, ბარიტონი), გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – ეძღვნება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II

1995 – „ილოცე ბავშვო“ (3 ლოცვა) – სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის

2000 – „შემოდგომის ყვავილებს“ – სიმღერების კრებული

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1952 – 1981 – საფორტეპიანო პიესების კრებული – „ბურლესკა“, „იმპროვიზაცია“, „სახუმარო“, „პოემა“, „მუსიკალური მომენტი“ N 1, N 2, N 3, „იუმორესკა“, „ბალადა“

1995 – „ცეკვა-ფანტაზია“ – ტრანსკრიფცია ფორტეპიანოსათვის (ტრანსკრიფციის ავტორი – რ. გორელაშვილი)

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა თეატრისთვის – 40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:

„საქმიანი კაცი“, „პოეზიის საღამო“, „ეზოში ავი ძაღლია“, „სიზმარი ზაფხულის ღამეს“, „ჭინჭრაქა“, „თეთრი ბაირაღები“, „ყვარყვარე“, „დაკრძალვა კალიფორნიაში“, „მე ვხედავ მზეს“, „შუშანიკის წამება“…

 

ფილმოგრაფია

1960  – „ლევანა“ – რეჟისორი  – ლეილა გორდელაძე

1961 – „განაჩენი“ – რეჟისორი  – ლევან ხოტივარი

1961 – „მღერის ბორჯომის ნაძვი“ – რეჟისორი  – მერაბ ჯალიაშვილი

1961  –  „ჭიაკოკონა“ – რეჟისორი  – იური ქავთარაძე

1961  – „უდიპლომო სასიძო“ – რეჟისორი  – ლევან ხოტივარი

1962 – „ქალიშვილი და მზე“ – რეჟისორი  – მერაბ ჯალიაშვილი

1967 – „შეხვედრა მთაში“ – რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი

1967 –  „ქალაქი ადრე იღვიძებს“ – რეჟისორი – სიკო დოლიძე

1975 – ჩირიკი და ჩიკოტელა – რეჟისორი  – ლევან ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი

1976 – „ნატვრის ხე“ – რეჟისორი – თენგიზ აბულაეე

1976 – „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ – რეჟისორი  – გურამ პატარაია

1976 – „ბაკულას ღორები“ – რეჟისორი  – ბიძინა რაჭველიშვილი

1978 – „დათა თუთაშხია“  – რეჟისორი  – გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბისკირია

1982 – „მე დავბრუნდები“ – რეჟისორი  – მერაბ თავაძე

1983 – „წიგნი ფიცისა“ – რეჟისორი  – გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე

1985 – „ერთ პატარა ქალაქში“ – რეჟისორი  – გიგა ლორთქიფანიძე

1985 – „ნეილონის ნაძვის ხე“ – რეჟისორი  – რეზო ესაძე

1990 – „ომი ყველასათვის ომია“ (სტალინის შვილი) – რეჟისორი  – დევი აბაშიძე

1990 – „თეთრი ბაირაღები“ – რეჟისორი  – გიგა ლორთქიფანიძე

1991 – „პრემიერა“ – რეჟისორი  – გიგა ლორთქიფანიძე

1996 – „წარსულის აჩრდილები“ – რეჟისორი  – ლევან თუთბერიძე

2001 – „ანთიმოზ ივერიელი“ – რეჟისორი  – გიული ჭოხონელიძე

 

დოკუმენტალისტიკა

1971 – „საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე“ – რეჟისორი  – გიორგი ასათიანი, ვახტანგ მიქელაძე

 

ანიმაცია

1979 – „სალამურას თავგადასავალი“ – რეჟისორი  – კარლო სულაკაური

 

ბიძინა კვერნაძე

(1928 – 2010)

 

ბიძინა კვერნაძე… ამ სახელის ხსენება საქართველოში  იწვევს ერთდროულად   მხურვალე და ფაქიზ  ემოციებს, რასაც კომპოზიტორის შემოქმედება აღძრავს. ეს ეხება, როგორც ნატიფი, ამაღლებული ლირიზმით აღსავსე  მუსიკას კინოფილმებისათვის, სპექტაკლებისათვის, ასევე პროფესიული მუსიკის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებს.

ბიძინა კვერნაძე გასული საუკუნის 60-იანი წლების კომპოზიტორთა წარმომადგენელია, რომელიც სრულიად განსხვავებული ხელწერით შემოვიდა ქართულ პროფესიულ მუსიკაში.  ამ თაობის გამორჩეულ  კომპოზიტორების დარად, მისი ნაწარმოებებიც ეროვნული საწყისისა და თანამედროვე საკომპოზიტორო ხერხების სინთეზზეა აგებული. მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მელოდიურ-ჰარმონიული ენითა და მხატვრული სახეებით შექმნილ სამყაროს მუსიკოლოგმა გივი ორჯონიკიძემ „ბიძინა კვერნაძის პოეტიკა“ უწოდა, ხოლო გამოჩენილმა ქართველმა დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ იგი „ქართული მუსიკის ნიკოლოზ ბარათაშვილად“ მონათლა.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში შექმნილი  საორკესტრო პიესა „ცეკვა-ფანტაზია“ (1959) საყოველთაოდ იქნა აღიარებული კომპოზიტორის  მნიშვნელოვან განაცხადად. მიუხედვად იმისა, რომ დროთა განმავლობაში  თვისობრივი განახლება განიცადა ბიძინა კვერნაძის ინტონაციურმა ენამ, გამომსახველობითმა ხერხებმა,  „ცეკვა- ფანტაზია“ დარჩა იმ  მიკრო-მოდელად, სადაც  თავმოყრილმა ნიშან-თვისებებმა  ნაირგვარი გამოვლინება ჰპოვეს  კომპოზიტორის შემოქმედებითი მოღვაწეობის  მანძილზე. ეს არის სამყაროს პოეტური, ემოციური  წარმოსახვა,  ტემბრული დრამატურგიის გადამწყვეტი როლი, მეტრო-რიტმული საწყისის მნიშვნელობა. აქედან  მომდინარეობს საცეკვაო საწყისის დომინირება ნაწარმოების დრამატურგიულ გააზრებაში, ასევე სტიქიური ენერგიის ამოფრქვევა, იმპროვიზაციულობა და ის  იმპულსები, რომელიც მომავალში კომპოზიტორმა დიდი ფორმით, მკაფიოდ გამოხატული  თემატიური მასალით  განავრცო.

იმპროვიზაციულობისადმი მიდრეკილების გამოვლენის ფართო არეალი კომპოზიტორმა  ქორეოგრაფიული პოემის „ბერიკაობის“ (1963) შექმნისას ჰპოვა.  „ბერიკაობა“ ეს  უძველესი ქართული სანახაობა, ნაყოფიერების ღვთაებისადმი  მიძღვნილი წეს-მსახურება თავისთავად წარმოადგენდა იმპროვიზაციულ თეატრს. ბიძინა კვერნაძის ბალეტიც გააზრებულია,  როგორც იმპროვიზაციული სანახაობა, რომლის მონაწილენიც  არიან „ბერიკაობის“ ტრადიციული ნიღბოსანი პერსონაჟები.   ავტორი  მათ პორტრეტებს უჩვეულო, ელვარე ტემბრული  და ასევე კილო-ჰარმონიული შეფერილობით ქმნის. ამ ნაწარმოებში ვხვდებით  სიმფონიური აზროვნებისა და თეატრალიზირების სინთეზს, რაც ზოგადად დამახასიათებელი ხდება ბიძინა კვერნაძის შემოქმედებისათვის. აღსანიშნავია, რომ „ბერიკაობა“. ერთ-ერთი ის ქმნილებაა, რომელიც წარმოადგენს გასული საუკუნის 60-იანი წლების საკომპოზიტორო ესთეტიკის გამოხატულებას.  აქ ხდება შეხმიანება მე-20 საუკუნის დიდ კომპოზიტორთა სამყაროსთან, რომელიც გაჯერებულია წარმართული თემატიკით, ალეგორიულ-გროტესკული ფორმებით.

ბიძინა კვერნაძის  მსოფლხედვა თვალნათლივ ვლინდება ეროვნულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან მიმართვისას. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ძველი ქართული წარწერები“ (1978 წ,) გიორგი ლეონიძის ლექსების მიხედვით. აქ გიორგი ლეონიძის პოეზია კომპოზიტორს   ეროვნულ საუნჯეში ჩაღრმავების,  ასევე  ფერწერული  სურათების გაცოცხლების პირობას უქმნის,  რასაც ავტორი, ხშირ  შემთხვევაში, ტემბრული და რეგისტრული კოლორირებით აღწევს. ერთ-ერთი ლექსი, რომელიც მთის რიტუალს გადმოსცემს, კომპოზიტორს მთიულური ინტონაციით ამეტყველებისკენ უბიძგებს.  ბიძინა კვერნაძის მსოფლაღქმაში მთის სამყაროს, მთიულური საწყისის მყარად დამკვიდრების გამოხატულებაა ვოკალურ- სიმფონიური პოემა „ფშავური ტირილები“ (1979), ეთერ თათარაიძისა და ხალხური პოეზიის ნიმუშების მიხედვით.

ქართულ საოპერო ხელოვნებაში სრულიად ახალ სიტყვას წარმოადგენს ბიძინა კვერნაძის ოპერა „იყო მერვესა წელსა“ (1983), რომელიც დაწერილია V საუკუნის აგიოგრაფიული ნაწარმოების, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მიხედვით. ნაწარმოები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა. ოპერამაც და სპექტაკლმაც  უჩვეულო ფორმით, დრამატურგიით არაერთმნიშვნელოვანი რეაქციები გამოიწვია. უცვლელი იყო ბიძინა კვერნაძის მაღალი სულიერებით აღსავსე მუსიკით მოგვრილი შთაბეჭდილება. მთლიანობაში კი ოპერამაც და სპექტაკლმაც   ნამდვილი აღიარება   საქართველოს გარეთ მოიპოვა. ეს ის ნაწარმოებია, რომლის სცენური გაცოცხლება ქართული ოპერის თავისთავადობისა და თანამედროვეობის დასტური იქნება.

ბიძინა კვერნაძის სხვადასხვა დროს დაწერილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების შესრულება, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვან მოვლენად ქცეულა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. წარმატება ხვდა წილად  საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტებს, სიმფონიას, ბალეტს „ქორეოგრაფიული ნოველები“, ოპერას „კოლხთა ასული“ (პირველი რედაქციით „მედეა“) და სხვ. მისმა მუსიკამ კინოფილმებისათვის, სპექტაკლებისთვის, სიმღერებმა, რომანსებმა, იმთავითვე რომ აღფრთოვანება გამოუწვევია, კომპოზიტორს  განსაკუთრებული, საყოველთაო  სიყვარული მოუპოვა.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე