ლილი
იაშვილი
ლილი იაშვილი
(1920 – 1983)
ლილი იაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. ქართული საესტრადო მუსიკალური ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო არტისტი (1981).
დაბადების თარიღი – 10 მაისი, 1920
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 30 ნოემბერი, 1983
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, საბურთალოს სასაფლაოზე – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1953 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (იონა ტუსკიას კლასი);
1940 – 1961 – ცენტრალური სპორტული სკოლის კონცერტმაისტერი;
1960 – 1975 – მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (კომპოზიცია);
ავტორია პირველი საბავშვო მუსიკალური კომედიის „ბაბაჯანას ქოშები“;
ჯილდოები და აღიარება
1962 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
1966 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1981 – საქართველოს სახალხო არტისტი
ლილი იაშვილი
(1920 – 1983)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1967 – „ბაბაჯანას ქოშები“ – საბავშვო ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. თარხნიშვილი)
1967 – „ირმისა“ – საბავშვო მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. გოგოლაშვილი) – ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით
საორკესტრო მუსიკა
1953 – სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1953 – სონატა – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1961 – „სადღეგრძელო“ – სიმღერა-კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – თ. კაკუშაძე)
70-მდე სიმღერის ავტორი.
მათ შორის:
„სიმღერა ბათუმს“ – (ტექსტი – კ. სანაძე), „ახალგაზრდული“ – (ტექსტი – ა. შანიძე), „სიყვარულის ზღაპარი“ – (ტექსტი – კ. ბობოხიძე), „თბილისური საღამოები“ – (ტექსტი – ლ. ჭუბაბრია), „შროშანი“ – (ტექსტი – ნ. კილასონია), „იები“ – (ტექსტი – შ. აფხაიძე), „ციცინათელა“ – (ტექსტი – ნ. კილასონია), „პატარა სიმღერა“ – (ტექსტი – ნ. კილასონია)…
ლილი იაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბავშვო სასიმღერო ჟანრს.
საბავშვო სიმღერები
მათ შორის:
1950 – 1959 – „ნანა“ – (ტექსტი – შ. მღვიმელი), „შემოდგომა“, „ტყეში“ – (ტექსტი – გ. აბაშიძე), „ხოტორა“ – (ტექსტი – ნ. კილასონია), „გაზაფხული“ – (ტექსტი – კ. სანაძე)…
1961 – 1969 – „მთელი მსოფლიოს ბავშვები“ – (ტექსტი – ნ. კერესელიძე), „თითქოს გავიზარდე“ – (ტექსტი – მ. ჩხეტიანი), „პიონერული მგზავრული“ – (ტექსტი – მ. თარხნიშვილი), „დალაქი მელია“ – (ტექსტი – გ. ჭიჭინაძე), „დედას“ – (ტექსტი – ნ. შამანიძე)…
1972 – 1978 – „გაზაფხული“, „საქართველო, მზიანი სამეფო“ – (ტექსტი – ბ. აშილავა), „სიმღერა თბილისზე“ – (ტექსტი – ი. აბაშიძე), „სიმღერა საქართველოზე“, „თუში ქალი“, „უცნაური თოჯინა“, „საჩუქარი“, „ბატის ჭუკი“, „კოკროჭინას გემი“, „წვიმა მოდის“ – (ტექსტი – ც. ქიტიაშვილი)…
ლილი იაშვილი
(1920 – 1983)
ლილი იაშვილის მოვლინებას ქართულ მუსიკალურ სივრცეში იმთავითვე ახლდა ის ასოციაციები, რის ერთობლიობასაც მეცნიერები ესთეტიკურის ცნებასა და კატეგორიას უწოდებენ. სილამაზის, მშვენიერების, ჰარმონიული მთლიანობის შეგრძნებას იწვევდნენ კომპოზიტორი ლილი იაშვილი და მისი ნაწარმოებები, რომელთა თანაშემსრულებელიც თავად ავტორი გახლდათ. ალბათ, ამით აიხსნება პოპულარობა, რომელიც ლილი იაშვილმა მყისიერად მოიპოვა. მისი სიმღერები -„ია, ია“, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა ბათუმზე“, „თბილისური საღამოები“, „გეპატიჟებით ყველას“, „ენძელები“… – აიტაცეს ჯერ ქართული ესტრადის ცნობილმა წარმომადგენელებმა, შემდეგ კი საყოველთაო საკუთრებად იქცა.
ლილი იაშვილის საბავშვო სიმღერებზე აღიზარდა თაობები. ბევრმა, შეიძლება, დღეს არც იცოდეს, რომ მისი ბავშვობის თანმხლები სიმღერების – „კომში, კომში, კომარა“, „კრიჭი-კრიჭი“, „ყოჩაღები“, „უცნაური თოჯინა“, „წვიმა მოდის“… – ავტორი კომპოზიტორი ლილი იაშვილია. მისი სიმღერები ათეული წლების განმავლობაში რეპერტუარში ჰქონდა ძალზე პოპულარულ საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს „მზიური“ (გასული საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა), რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა ამ პროგრამით.
ლილი იაშვილის პირველ საკომპოზიტორო განაცხადს წარმოადგენდა სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის (1953). მოგვიანებით აჟღერდა მისი კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის „სადღეგრძელო“, თ. კაკუშაძის ტექსტზე (1974).
დიდი ხნის განმავლობაში თბილისის მუსკომედიის თეატრში ყველა ასაკის მაყურებელს იზიდავდა ლილი იაშვილის ოპერეტა „ბაბაჯანას ქოშები“ (1968. ლიბრეტო მ. თარხნიშვილის, ი. გრიშაშვილის ლექსების მიხედვით). ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქართული საბავშვო ოპერეტა (რევაზ ლაღიძის „კომბლეს“ შემდეგ). მუსიკოლოგ ანტონ წულუკიძის სიტყვებით: „ძველი თბილისის ყოფის სურათები ლირიკული გულწრფელობითა და მელოდიური ხატოვანებით წარმოგვიდგა ლილი იაშვილის საბავშვო ოპერეტაში „ბაბაჯანას ქოშები“. ეს ნაწარმოები დაიდგა პოლონეთშიც, ქალაქ გდინიაში (1968).
თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში წარმატებით იდგმებოდა ლილი იაშვილის კიდევ ერთი საბავშვო ოპერეტა – „ირმისა“, ( 1973. ლიბრეტო ვახტანგ გოგოლაშვილის).
ლილი იაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, როგორც შემოქმედებითი ნიმუშებით, ისე პედაგოგიური მოღვაწეობით. ის წლების მანძილზე (1970- 1983) ასწავლიდა თბილისის საესტრადო-საცირკო სასწავლებელში.
ლილი იაშვილის „სიმღერა ბათუმზე“ დღესაც ითვლება ქალაქისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ბათუმის „პიაცას“ საათი ახლაც ახმიანებს ლილი იაშვილის სიმღერას – „ბათუმს ქათქათას“.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე