ნიკოლოზ
გუდიაშვილი
ნიკოლოზ გუდიაშვილი
(1913 – 1998)
ნიკოლოზ გუდიაშვილი — ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერი. ნიკოლოზ გუდიაშვილი მოღვაწეობდა თეატრის, სიმფონიურ კამერულ–საკრავიერ, კამერულ–ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი საფორტეპიანო კვინტეტი, ამ ჟანრის პირველი და ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
დაბადების თარიღი – 19 მაისი, 1913
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 7 აპრილი, 1998
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1937 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ს. ბარხუდარიანის კლასი);
1941 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა (პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით);
1937 – 1947 – თბილისის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგი;
1938 – 1941 – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი;
1941 – 1943 – მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში;
1965 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი (1965), პროფესორი (1981)
ავტორია წიგნის – „პოლიფონია: მკაცრი სტილი“ – თბილისი, გამომცემლობა „განათლება“, 1986.
ჯილდოები და აღიარება
1939 – სსრკ–ს კომპოზიტორთა კავშირის წევრი
1961 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1990 – საქართველოს სახალხო არტისტი
ნიკოლოზ გუდიაშვილი
(1913 – 1998)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1944 – „ელისო“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ნ. დადიანი)
1960 – „ქეთევან წამებული“ – ოპერა 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. გაბისკირია)
1971 – „სისხლიანი სუფრა“ – ოპერა ერთ მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. ჭელიძე)
1971 – „შურისძიება“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. ჭელიძე)
1971 – „ვივა ივერია“ – ოპერა ერთ მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. ჭელიძე)
1951 – „დედის მანდილი“ – ბალეტი 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – დ. ჯავრიშვილი)
1958 – „ნარიყალას ნანგრევებთან“ – ბალეტი 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – ო. ჭელიძე)
1950 – „შეხვედრა აგარაკზე“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ი. გოცირიძე, პ. გრუზინსკი)
1951 – „საჩუქარი“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ი. გოცირიძე, პ. გრუზინსკი)
1954 – „სალხინებელი“ – მუსიკალური კომედია 4 მოქმედებად – (ლიბრეტო – დ. თაქთაქიშვილი)
1959 – „ვახშმობისას“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. ურჯუმელაშვილი)
საორკესტრო მუსიკა
1941 – სიმფონია N 1
1949 – სიმფონია N 2
1968 – სიმფონია N 3 „ტექსელის გმირებს“
1980 – სიმფონია N 4 „მეგობრებს“ – სიმებიანი ორკესტრის, წყვილი ხის ჩასაბერების, საყვირის, ვალტორნისა და ტრომბონისათვის
1949 – სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის
1963 – სუიტა კამერული ორკესტრისათვის
1950 – „საზეიმო უვერტიურა“
1941 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1946 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2
1948 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 3
1961 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 4
1980 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 5
1955 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1
1961 – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2 (საბავშვო)
1957 – კონცერტი ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1944 – „კავკასიონი“ – კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1982 – „რწმენა“ – ორატორია სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)
1949 – ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (6 რომანსი) – (ტექსტი – ა. პუშკინი)
1964 – ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (6 რომანსი) – (ტექსტი – ტ. ტაბიძე)
1965 – ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (10 რომანსი) – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1939 – სიმებიანი კვარტეტი N 1
1953 – სიმებიანი კვარტეტი N 2
1981 – სიმებიანი კვარტეტი N 3
1987 – სიმებიანი კვარტეტი N 4
1987 – სიმებიანი კვარტეტი N 5
1948 – საფორტეპიანო კვინტეტი N 1
1986 – საფორტეპიანო კვინტეტი N 2
1973 – 10 მინიატურა საფორტეპიანო კვინტეტისთვის
1958 – 24 პოლიფონიური პიესა ფორტეპიანოსთვის
1972 – 24 პრელუდია და ფუგა
1976 – 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის
1975 – სუიტა ფორტეპიანოსათვის N 1
1976 – სუიტა ფორტეპიანოსათვის N 2
1977 – პოემა საყვირისა და ფორტეპიანოსათვის
1977 – საბავშვო პოლიფონიური პიესები ხალხურ თემებზე – ფორტეპიანოსათვის
1977 – 4 საბავშვო პოლიფონიური პიესა – ფორტეპიანოსათვის
მრავალი ინსტრუმენტული პიესების, სიმღერების, რომანსები ავტორი
სამეცნიერო გამოცემები
„პოლიფონიის სახელმძღვანელო“ – თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“ – 1986
ნიკოლოზ გუდიაშვილი
(1913 – 1998)
კომპოზიტორმა ნიკოლოზ გუდიაშვილმა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ნატიფი, ნათელი ფერები და შტრიხები შემოიტანა. ყურადღებას იპყრობს მისი ნაწარმოებები: დახვეწილი გენოვნებით, ეროვნული ძირებთან ცოცხალი, წრფელი კავშირით, დეტალების ფაქიზი, ოსტატური დამუშავებით.
ჟანრულად მრავალფეროვანია ნიკოლოზ გუდიაშვილის შემოქმედება. კომპოზიტორი მუსიკალური ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრს შეეხო. მის შემოქმედებით მემკვიდრეობას შეადგენს: 5 ოპერა, 2 ბალეტი, 4 ოპერეტა , 4 სიმფონია, 5 საფორტეპიანო კონცერტი, 2 სავიოლინო კონცერტი, საგუნდო, ვოკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული ქმნილებები. დიდი ფორმის ნაწარმოებთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ინსტრუმენტული კონცერტები: 5 საფორტეპიანო კონცერტი, 2 სავიოლინო კონცერტი, და განსაკუთრებით კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, რომელიც სამმაგი კონცერტის ჟანრში დღემდე ერთადერთი ნაწარმოებია ქართულ მუსიკაში და ჟანრულ-სახეობრივი თვალსაზრისით სრულიად ახალი მიგნება.
როგორც მუსიკოლოგი დოდო გოგუა წერს: „ნიკოლოზ გუდიაშვილის ადგილი პირველ რიგში კამერული ნაწარმოებებით განისაზღვრა. ეს არცაა შემთხვევითი, რადგან თავისი ბუნებით იგი ჭეშმარიტი ლირიკოსია… საგულისხმოა, რომ მისი ნაწარმოებები შეიქმნა ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების ყველაზე აქტიურ, დინამიურ პერიოდში და ისტორიულ პერსპექტივაში მისი აღმავლობის განუყოფელ, ორგანულ ნაწილად აღიქმება.“
ნიკოლოზ გუდიაშვილის ბიოგრაფიის დრამატულ ფურცლებს წარმოადგენს მისი უშუალო მონაწილეობა II მსოფლიო ომში. კომპოზიტორის შემოქმედებითი მოღვაწეობაც გარკვეულწილად ასე მოიაზრება: ომის წინა და ომის შემდგომი პერიოდი. მე-20 საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხანა მის ნაწარმოებებშიც აისახა. ამ თემას ეძღვნება კანტატა „კავკასიონი“ (1944 წ.), სიმფონია N3 – „ტექსელის გმირებს“ (1968), სადაც ომის თემა მხატვრულ სახეთა დრამატიზაციას განაპირობებს.
ნიკოლოზ გუდიაშვილის ადრეული პერიოდის ნაწარმოებებმა უკვე წარმოაჩინა ავტორის შემოქმედებითი მისწრაფებები, ეს ეხება სიმებიან კვარტეტს N1 (1939), პოემას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1939), საფორტეპიანო პრელუდიებს (1939-1946). კომოზიტორის სააზროვნო პრინციპები მკაფიოდ ვლინდება ისეთ მინიატიურულ ციკლში, როგორიც არის სონატინა (1949). ეს ნაწარმოები გუდიაშვილის შემოქმედებაში გამოირჩევა ესთეტიკური და რაციონალური ფაქტორების ბალანსირებით. სონატინა ქართული პროფესიული მუსიკის მნიშვნელოვან ნიმუშად იქცა, მან თავისი ადგილი დაიკავა როგორც პიანისტთა რეპერტუარში, ისე სასწავლო პროგრამებშიც.
კომპოზიტორის მსოფლაღქმის, შემოქმედებითი მეთოდის განზოგადება ხდება საფორტეპიანო კვინტეტში (1948). ამ ქმნილებაში მკაფიოდ ვლინდება ავტორის მიერ ეროვნული მრწამსის გამოხატვის გზები, მისი დამოკიდებულება ფოლკლორთან. სახიერად წარმოჩნდება ხალხური საწყისის დრამატურგიული დატვირთვა. კომპოზიტორი ისწრაფვის მრავალფეროვანი რესურსით წარმოაჩინოს ნაწარმოების მამოძრავებელი – ლირიკული, დრამატული, ჟანრული საწყისები. ამას ავტორი აღწევს იმპროვიზაციულ-პოეტური გაშლა-განვითარების გზით. ამ შმთხვევაშიც, როგორც გუდიაშვილის სხვა ნაწარმოებებში, შეიგრძნობა სასიმღერო საწყისის მნიშვნელოვანი როლი. სწორედ კანტილენური მელოდიის დომინირებით, აგრეთვე კოლორისტული შეფერილობებით იქმნება კომპოზიტორის მხატვრულ-სახეობრივი სამყარო.
ნიკოლოზ გუდიაშვილის შემოქმედებაში აღსანიშნავია პოლიფონიური აზროვნებით გატაცება. ეს მისმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამაც განაპირობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც წლების მანძილზე მიჰყავდა პოლიფონიის კურსი. ნ. გუდიაშვილის ავტორობით გამოვიდა პოლიფონიის სახელმძღვანელოც. პოლიფონიური მუსიკისადმი მისწრაფება ფრაგმენტულად ვლინდება მის რიგ ნაწარმოებებში, მაღალ საფეხურს კი საკუთრივ პოლიფონიურ კომპოზიციებში აღწევს: პოლიფონიურ პიესებსა და 24 პრელუდიასა და ფუგაში. ეს უკანასკნელი ამ ტიპის ციკლის პირველი ნიმუშია ქართულ მუსიკაში. მუსიკოლოგიაში აღინიშნა ამ ქმნილების განსაკუთრებული ღირსება – ეროვნული და ევროპული კლასიკური მრავალხმიანობის სინთეზი, ამავე დროს მე-20 საუკუნის ტექნოლოგიის გათვალისწინება. მუსიკოლოგ ლეილა მარუაშვილის აზრით, ეს ციკლი „დიდი პოლიფონიური ციკლის ჟანრისა და შინაარსის ახლებურ გაგებას წარმოადგენს“.
ნიკოლოზ გუდიაშვილის შემოქმედების მნიშვნელობა და სიცოცხლისუნარიანობა საზოგადოებისათვის საგრძნობი გახდა მისი დაბადებიდან 100 წლისთავზე, ამ თარიღისადმი მიძღვნილ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ საღამოზე.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე