მერი
დავითაშვილი
მერი დავითაშვილი
(1924 – 2014)
მერი (მარიამ) დავითაშვილი — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, ქართული საბავშვო მუსიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
დაბადების თარიღი – 13 მარტი, 1924
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი – 17 თებერვალი, 2014
გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო
დაკრძალულია, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები
1946 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ანდრია ბალანჩივაძის კლასი);
1973 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორი პედაგოგი;
1994 წლიდან – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
ჯილდოები და აღიარება
1954 – 1968 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საბავშვო სექციის ხელმძღვანელი
1968 – 1992 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი და სარევიზიო კომისიის წევრი
1968 – 1992 – „ბავშვთა მუსიკის კვირეული“ – მუსიკალურ–ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1968–1992)
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
1960 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1979 – საქართველოს სახალხო არტისტი
1981 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1994 – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
1997 – ღირსების ორდენი
2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე
2011 – თბილისის საპატიო მოქალაქე
მერი დავითაშვილი
(1924 – 2014)
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისათვის
1965 – „ქაჯანა“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – რ. თაბუკაშვილი)
1972 – „ნაცარქექია“ – ოპერა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ს. ჭეიშვილი)
1953 – „მზის ქორწილი“ – ბალეტი (დაუმთავრებელი) – (ლიბრეტო – ო. ეგაძე)
საორკესტრო მუსიკა
1945 „გელათი“ – სიმფონიური სუიტა
1945 – „მშვიდობისათვის“ – უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის
1953 – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „მზის ქორწილი“
1954 – „პიონერული სუიტა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის
1965 – „დილა ბაკურიანში“ – სიმფონიური სურათი
1968 – სიმფონიური სუიტა კინოფილმებიდან
1972 – „სადღესასწაულო“ – სუიტა საბავშვო სიმებიანი ორკესტრისათვის
1981 – სუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის
1946 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1956 – ფანტაზია ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1954 – პოემა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1945 – „ხორუმი“ – ფორტეპიანოსათვის
1946 – ნოქტიურნი – ფორტეპიანოსათვის
1946 – სკერცო – ფორტეპიანოსათვის
1948 – პრელუდი – ფორტეპიანოსათვის
1948 – „ბალადა“ – ფორტეპიანოსათვის
1949 – „ნოქტიურნი“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1950 – „არია“ – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
1952 – 4 პიესა ფორტეპიანოსათვის
1952 – „სიმღერა“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1962 – სონატინა – ფორტეპიანოსათვის
1962 – „მელოდია“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
1979 – 5 პიესა ფორტეპიანოსათვის
1950 – „პატარა ტრიო“ – ფლეიტის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსთვის
1983 – სუიტა კლავესინისთვის
ვოკალური მუსიკა
გუნდები
100-ზე მეტი საგუნდო ნაწარმოების ავტორი. მათ შორის
1950 – „ახალ საქართველოს“ – (ტექსტი – ა. აბაშიძე )
1951 – „საღამო თბილისი ზღვაზე“ – (ტექსტი – გ. აბაშიძე)
1958 – „ჩემი თბილისი“ – (ტექსტი – ა. აბაშელი)
1964 – „სიმღერა აჭარაზე“ – (ტექსტი – გ. გრიგოლაშვილი)
1974 – „მესხეთის იდილია“ – ვოკალური ციკლი – (ტექსტი – ე. დიდიმამიშვილი)
1981 – „გაზაფხული“ – (ტექსტი – გ. გრიგოლაშვილი)
1982 – „ძველი მესხეთი“ – (ტექსტი – ე. დიდიმამიშვილი)
200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი მათ შორის:
„დილა მშვიდობისა“ – (6 სიმღერა) – (ტექსტი – მ. მრევლიშვილი)
„სათამაშოების სიმღერები“ – (5 სიმღერა) – (ტექსტი – მ. მრევლიშვილი)
„ანა-ბანა“ – (6 სიმღერა) – (ტექსტი – მ. მრევლიშვილი)
„ცხრათვალა მზე“ – (5 სიმღერა) – (ტექსტი – გ. ჭიჭინაძე)
„საქართველოს მზე“ – (5 სიმღერა) – (ტექსტი – გ. ჭიჭინაძე)
კინოსა და თეატრის მუსიკა
40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
„გოგონა ბაფთით“, „უსახელო ვარსკვლავი“, „ჯარისკაცის ქვრივი“, „მაია წყნეთელი“, „ძველი რომანსები“, „უღრანი ტყის ზღაპარი“, „არსენა მარაბდელი“, „კეთილი მეზობლები“,“ვაზის ტირილი“
40-ზე მეტი საბავშვო სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
„ჩექმებიანი კატა“, „აცა-ბაცა“, „ბურატინოს თავგადასავალი“, „კონკია“, „გოგონა-პეპელა“. „სწავლობს გიგლა“, „წითელკანიანთა ბელადი“, „სიკეთის ძალა“, „წითელქუდა“, „გუგულიანი საათი“, „საფრთხობელა“, „დაჩის ზღაპრები“…
ფილმოგრაფია
1958 – „მანანა“ – რეჟისორი – შალვა მარტაშვილი, ზაქარია გუდავაძე
1960 – „პაპა გიგია“ – რეჟისორი – ზაქარია გუდავაძე
1966 – „დაგვიანებული სასიძო“ – რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე – ფილმი გადაღებულია 1939 წელს. უხმო. აღდგენილია 1966 წელს.
ანიმაცია
1955 – „წუნა და წრუწუნა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
1957 – „ჩხიკვთა ქორწილი“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
1957 – „ხელმარჯვე ოსტატის თავგადასავალი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე
1958 – „მატყუარა მელა“ – რეჟისორი – ავენირ ხუსკივაძე
1958 – „უსაქმური“ – რეჟისორი – ავენირ ხუსკივაძე
1957 – „მტრობა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
1960 – „ვეფხვი და ვირი“ – რეჟისორი – ოთარ ანდრონიკაშვილი
1961 – „ნიკო და სიკო“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
1962 – „ნახევარქათამა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე
1963 – „ქორბუდა“ – რეჟისორი – არკადი ხინთიბიძე, გაბრიელ ლავრელაშვილი
1963 – „გმირი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
1965 – „როგორ ააშენეს სახლი“ – რეჟისორი – შალვა გედევანიშვილი
1965 – „სათაგური“ – რეჟისორი – ოთარ ანდრონიკაშვილი
1971 – „რწყილი და ჭიანჭველა“ – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. გივი სვანიძე
1972 – „ქილა ერბო“ („დამსხვრეული ოცნება“) – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, გივი სვანიძე
1963 – „მეზობლები“ – რეჟისორი – გაბრიელ ლავრელაშვილი
1977 – „თერძი ბესო“ – რეჟისორი – ლუის ფერნანდესი
1983 – „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ – რეჟისორი – ვახტანგ ბახტაძე
დოკუმენტალისტიკა
1957 – „ილია ჭავჭავაძე“
1959 – „მტკვრის კვალდაკვალ“
1960 – „ჩემი სოფელი“
1961 – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“
ტელეფილმები
1961 – „დაკარგული მელოდია“
1963 – „თოჯინების დახმარება“
მერი დავითაშვილი
(1924 – 2014)
მერი დავითაშვილი ის კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებებზეც საქარველოში თაობები იზრდებოდნენ და იზრდებიან. როგორც მუსიკოლოგი ნანა ქავთარაძე წერს: „ქართველ ბავშვს რომ ჰკითხოთ, ვინ არის მერი დავითაშვილი, შეიძლება ვერ გიპასუხოთ, მაგრამ საკმარისია წამოიწყოთ მისი რომელიმე სიმღერა, რომ ბავშვი უმალ აგყვებათ და ჩამოგართმევთ მელოდიას“.
მერი დავითაშვილი შემოქმედებითი გზის დასაწყისიდანვე მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს მიმართავდა. წარმატება ხვდა წილად მის საფორტეპიანო კონცერტს (1946), ფანტაზიას ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1956), პოემას ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1954), საორკესტრო სიუიტას ბალეტიდან „მზის ქორწილი“ (1953), სიმფონიურ სურათს „დილა ბაკურიანის ტყეში“ (1965), აგრეთვე მის გუნდებს. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საფორტეპიანო პიესამ „ხორუმი“ (1945), რომელიც საერთაშორისო კონკურსებზე სრულდებოდა, როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ, და პიანისტთა რეპერტუარშიც დამკვიდრდა.
მერი დავითაშვილის მოღვაწეობისას გამოიკვეთა ინტერესი ეროვნული პოეზიისადმი, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს რომანსები ქართველი პოეტების: ტიციან ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, ირაკლი აბაშიძის, მურმან ლებანიძის… ლექსებზე. მის შემოქმედებაში გამორჩეულ ადგილს კი ანა კალანდაძის პოეზია იკავებს. კომპოზიტორი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიმართავს მის ლექსებს, რაც პირობას უქმნის მისივე სამყაროს ნატიფი, ფაქიზი შრეების გამოსავლენად. ასე იქმნება ვოკალური ციკლები „სიმღერები ჩემთვის“, „ვარდფურცლობის დარია“, „ყაყაჩოსა სიწითლისა“, „ნინოს ნათელი“ მრავალი სხვა.
კომპოზიტორის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი საბავშვო მუსიკამ დაიკავა. ამ სფეროში მისი მემკვიდრეობა შედგება როგორც მცირე, მარტივი ფორმის, ისე მსხვილი ფორმის ნაწარმოებებისაგან, დაწყებული საბავშვო სიმღერებიდან ოპერებით დამთავრებული.
საბავშვო ნაწარმოებებს ქმნიდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი კომპოზიტორები, მაგრამ მათი შეხება ამ სფეროსთან ძირითადად, ფრაგმენტული იყო. თუმცა მერი დავითაშვილს ჰყავდა წინამორბედი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბავშვო მუსიკას. ეს გახლდათ კომპოზიტორი თამარ შავერზაშვილი. მას შემდეგ მერი დავითაშვილი აღმოჩნდა ის ავტორი, ვინც თანმიმდევრულად მიმართავდა საბავშვო მუსიკას და ფაქტობრივად, თავისი შემოქმედებითი ცხოვრება მიუძღვნა. მან ბავშვებისათვის განკუთვნილი ნაწარმოებებით საკუთარი ხელწერა გამოიმუშავა. მერი დავითაშვილის სადა, მკაფიო ენა ეროვნულ ფოლკლორულ მელოდიებზე, რიტმზე, ჰარმონიასა და კილოებზეა დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორის განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის სამყაროსადმი პირადულმა ფაქტორმა, საკუთარ შვილთან ურთიერთობამ განაპირობა. მისი ნაწარმოებების თანმიმდევრობაც ამგვარ სურათს გვიშლის, რომ ავტორი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ბავშვის ასაკობრივ ზრდას, შესაბამისად, თანდათან ართულებს მუსიკალურ ენას, გამოსახვის ხერხებსა და ფორმებს.
მერი დავითაშვილის პირველ შეხებას ბავშვთა სამყაროსთან წარმოადგენს სიმღერების ციკლები საბავშვო პოეტის, მაყვალა მრევლიშვილის ლექსების მიხედვით: „დილა მშვიდობისა“ (1952) და „სათამაშოების სიმღერები“ (1955). აქ შედგა კომპოზიტორისა და პოეტის პირველი ტანდემი, რომლის ნაყოფიც ნორჩი თაობის ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, მათი განვითარების ხელშემწყობი პირობა გახდა. ამ ციკლებში კომპოზიტორი მოზარდის შინაგანი ბუნების გათვალისწინებით, ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი მარტივი ენით გადმოცემულ სურათებს ქმნის. იგივე დამოკიდებულება ვლინდება სხვადასხვა დროს შექმნილ საფორტეპიანო პიესებში მოსწავლეთათვის.
საბავშვო მუსიკის სფეროში მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მონაპოვარია მერი დავითაშვილის ოპერები, რომლებიც წარმატებით იდგმებოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. საბავშვო ოპერამდე კომპოზიტორმა შინაარსიანი გზა განვლო. მისი, როგორც თეატრალური კომპოზიტორის მოღვაწეობა, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის საამისოდ მოსამზადებელი ეტაპი აღმოჩნდა. აქ ჩამოყალიბდა, როგორ კომპოზიტორი-დრამატურგი, ხოლო საბავშვო-სასიმღერო შემოქმედებამ შეუქმნა საფუძველი ჩანაფიქრის ინდივიდუალური ენით გადმოსაცემად.
ჯერ კიდევ პირველ ლირიკულ-ჟანრულ ოპერაში „ქაჯანა“ ( ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (1965)) კომპოზიტორმა ქართული ფოლკლორის მრავალფეროვან სპექტრს მიმართა და ეროვნული საბავშვო ოპერის ნიმუში შექმნა.
ქართული საბავშვო ოპერის მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს ოპერა „ნაცარქექია“ (1972), ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით. ამ ნაწარმოებმა ყურადღება მიიპყრო ცოცხალი, გონებამახვილური სახეებით, დრამატურგიული ფორმის ელასტიური, კინენატოგრაფიული ხერხებით აგებით, ფერადოვანი ორკესტრობით,
მერი დავითაშვილის სახელი აგრეთვე ცნობილი გახადა მუსიკამ კინოფილმებისათვის, (განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა „მანანას სიმღერამ“ კინოფილმიდან „მანანა“), მუსიკამ მულტიპლიკაციური ფილმებისათვის („ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „რწყილი და ჭიანჭველა“ და ა.შ.).
მუსიკოლოგ გულბათ ტორაძის სიტყვებით „მერი დავითაშვილის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მარტო მუსიკალური წრეები, შეიძლება ითქვას, რომ მას იცნობს მთელი საქართველო. იმიტომ, რომ მისი სადა და სათნოებით სავსე მუსიკა აკვნიდანვე თან სდევს ჩვენს პატარებს, მისი კლასიკად ქცეული საბავშვო სიმღერები ნორჩი თაობის მხატვრული აღზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა”.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე