მელიტონ
ბალანჩივაძე

მელიტონ ბალანჩივაძე

(1863 – 1937)

 

მელიტონ ბალანჩივაძე, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

დაბადების თარიღი – 5 იანვარი, 1863

დაბადების ადგილი – წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯა

გარდაცვალების თარიღი – 21 დეკემბერი, 1937

დაკრძალულია, ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

 

ბიოგრაფიული მონაცემები

 

პირველ–დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა გუნდში ვლადიმერ აღნიაშვილის ხელმძღვანელობით. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა–გალობას ასწავლიდა.

1879 –  საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდის მომღერალი;

1880 – ფილიმონ ქორიძის მიწვევით, თბილისის ოპერის თეატრის გუნდის სოლისტია. მონაწილეობდა პ. ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინისა“ (ზარეცკი) და შ. გუნოს „ფაუსტის“ (ვალენტინი) დადგმებში;

1882 – ბალანჩივაძე აარსებს ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელიც 1883 წელს  კონცერტი გამართა თბილისში. პირველად, ქართული ხალხური სიმღერა საჯაროდ შესრულდა, რასაც დიდი კულტურულ–ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.

1883 1886 – მელიტონ ბალანჩივაძე, ფილიმონ ქორიძესთან ერთად,  იწყებს  საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ჩაწერა–შესწავლას;

1889 – ქმნის, რომანსის ჟანრის პირველი კლასიკურ ნიმუშებს ქართულ მუსიკაში – „ნანა“, „შენ გეტრფი მარად“ და „ოდესაც გიცქერ“;

1889 1895 – ბალანჩივაძე პეტერბურგის კონსერვატორიაში განაგრძობს სწავლას: ჯერ ვოკალის განხრით (პროფ. ვ. სამუსთან), შემდეგ კი, ანტონ რუბინშტეინის რჩევით, გამოჩენილი რუსი კომპოზიტორის, პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორის ნ. რიმსკი–კორსაკოვის კომპოზიციის კლასში;

1889 1917 – რუსეთის იმპერიაში მოღვაწეობს და პროპაგანდას უწევს ქართული მუსიკალურ ხელოვნებას,  მართავს ქართული მუსიკის საღამოებს…

1997  – ოპერა „თამარ ცბიერის“ (ა. წერეთლის „თამარ ცბიერის“ მიხედვით, ლიბრეტო ვასილი ველიჩკოსი) ეპიზოდების (პირველი აქტი და მესამე აქტის ცალკეული ნომრები) საპრემიერო დადგმა, რუსი მსახიობების მონაწილეობით, პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში. საქართველოს გარეთ, რუსეთში დადგმულმა პირველმა ქართულმა ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა (განმეორებით შესრულდა 1912 იქვე).

1906 – პეტერბურგში ბალანჩივაძემ მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა “დემონის” ქართულ ენაზე დადგმაში.

1907 – დააფინანსა მიხეილ გლინკას წერილების გამოცემა (სანქტ–პეტერბურგი, 1908, 250 წერილი).

1918  ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში;

1929 1931  – ბათუმის მუსიკის სასწავლებლის დირექტორი;

1935 – ქუთაისის მუსიკის სასწავლებლის დირექტორი;

1926 –  ოპერის „თამარ ცბიერი“  პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში;

1937 – ოპერას „თამარ ცბიერი“ უცვლის სახელწოდებას   „დარეჯან ცბიერის“ სახელწოდებით მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბალანჩივაძის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კანტატა „დიდება ზაჰესს“ (1927), „სტუდენტების სიმღერა“ ქალ–ვაჟთა გუნდისათვის და „ქართული ეროვნული მარში“ სიმფონიური ორკესტრისათვის.

 

ოჯახი

მამა – ანტონ ბალანჩივაძე

დედა – ივლიტა ასათიანი

მეუღლე – მარია ფონ ალმენდინგენი (ვასილიევა)

შვილები:

 – აპოლონ ბალანჩივაძე

– თამარ ბალანჩივაძე – (1902 – 1943) – თეატრის მხატვარი – დაიღუპა 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის, ლენინგრადის ბლოკადის დროს;

– ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) (1904 – 1983) ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ამერიკული საბალეტო სკოლისა და ნეოკლასიკური ბალეტის ფუძემდებელი – 300–მდე საბალეტო დადგმის ავტორი;

– ანდრია ბალანჩივაძე (1906 – 1992) – კომპოზიტორი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1957, 1968);

შვილიშვილები:

– ამირან ბალანჩივაძე  (1939)

ცისკარა ბალანჩივაძე – (1939) –  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი

– ჯარჯი ბალანჩივაძე –  (1941 – 2011) – პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი;

 

ჯილდოები და აღიარება

1933 – საქართველოს სახალხო არტისტი

„ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე;

„საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე;

მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში;

ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას;

მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას;

 

მელიტონ ბალანჩივაძე

(1863 – 1937)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

 

1897 – „დარეჯან ცბიერი“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. ბალანჩივაძე)

პრემიერა:

– 20. 12. 1897 წელი – I მოქმედება – სანკტ-პეტერბურგი,  კეთილშობილთა საკრებულო დარბაზი – (ლიბრეტო – ვ. ველიჩკო)

– 06. 04. 1926 წელი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი – (ლიბრეტო – კ. ფოცხვერაშვილი)

– 1936 წელი – ქართული კულტურის დეკადაზე, შესრულდა „ბოლშოი თეატრში“

 

საორკესტრო მუსიკა

1928 – „ქართული ეროვნული მარში“ – პიესა სიმფონიური ორკესტრისათვის

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1885 – „ქართული პოპური“ – გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – რ. ერისთავი)

1927 – „სამშობლო ხევსურისა“ – ჰიმნი სოლისტის,  შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – (ტექსტი – რ. ერისთავი)

1927 – „დიდება ზაჰესს“ – კანტატა შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ნ. ჩაჩავა)

 

ვოკალური მუსიკა

მრავალი რომანსის ავტორი. მათ შორის

1889 – „ოდესაც გიცქერ“ – (ტექსტი – გ. აბაშიძე)

 

ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი და კლასიკური ნიმუში

1889 – „შენ გეტრფი მარად“ – (ტექსტი – გ. ვოლსკი)

1889 – „ნანა“ – (ტექსტი – ა. წერეთელი)

1889 – „სულო ბოროტო“ – (ტექსტი – ნ. ბარათაშვილი)

1889 – „ნუ შემიბრალებ“ – (ტექსტი – მ. გურიელი)

1889 – „გაზაფხული“ – დუეტი ტენორისა და სოპრანოსათვის

მელიტონ ბალანჩივაძე

(1863 – 1937)

 

მელიტონ ბალანჩივაძე  ახალი ქართული საკომპოზიტორო ხელოვნების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან დიმიტრი არაყიშვილთან, ზაქარია ფალიაშვილთან, ნიკო სულხანიშვილთან,  ვიქტორ დოლიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართული პროფესიული მუსიკის სხვადასხვა ჟანრებს.

მელიტონ ბალანჩივაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის სახელს უკავშირდება ქართული საგალობლების, ხალხური სიმღერების ჩაწერის პირველი ცდები. როგორც კომპოზიტორს, მას ეკუთვნის  პირველი ქართული საორკესტრო ნაწარმოები –  „პოპური“, ასევე ერთ-ერთი პირველი ქართული ოპერა „თამარ ცბიერი“, იგივე „დარეჯან ცბიერი“.

მელიტონ ბალანჩივაძე  პირველი  ქართული რომანსის ავტორია. მისი რომანსებით, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ეტაპი იწყება  ქართულ საკომპოზიტორო ხელოვნებაში. მუსიკოლოგ ვლადიმერ დონაძის სიტყვებით „ამ რომანსების ისტორიული მნიშვნელობა ის არის, რომ მათ სათავე დაუდეს არა მარტო კომპოზიტორის შემოქმედებით გზას, არამედ მთელ ქართულ პროფესიულ მუსიკას“.  რომანსის ჟანრით მომზადდა საფუძველი პირველი ქართული ოპერებისთვის – დიმიტრი არაყიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის ნაწარმოებებისთვის. ამ პროცესის დასაწყისი კი, სწორედ მელიტონ ბალანჩივაძესა და მის რომანსებს უკავშირდება.

მელიტონ ბალანჩივაძემ საზოგადოებას თავისი რომანსები პირველად იმდროინდელი კულტურული ცხოვრებისთვის  მნიშვნელოვან დღეს  წარუდგინა.  ეს იყო 1889 წლის 25 მარტს, როდესაც  თბილისის „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ გამართულ საღამოზე, დიდმა ქართველმა მწერალმა, „ერის მამად“ წოდებულმა ილია ჭავჭავაძემ დამსწრეთ გააცნო ფრაგმენტი თავისი ნაწარმოებიდან, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: ივანე მაჩაბელმა და გრიგოლ ვოლსკიმ  წაიკითხეს  ახალი თხზულებები. მათ გვერდს უმშვენებდა მელიტონ ბალანჩივაძე თავისი პირველი ორიგიანლური ქმნილებებით, სამი რომანსით: „ოდესაც გიცქერ“, „შენ გეტრფი მარად“ და „ნანა შვილო“.

მელიტონ ბალანჩივაძის ნაწარმოებები საზოგადოებამ იმთავითვე  აიტაცა. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, იყო ამ რომანსების საფუძველი, რომელიც იმდროიდელ ყოფას უკავშირდებოდა, ხოლო მეორეს მხრივ, კომპოზიტორის მიერ მისეული ინტონაციის პოვნა და მსმენელისათვის მიწოდება.

ბალანჩივაძის რომანსები ქალაქური ფოლკლორიდანაა ამოზრდილი,  „ტფილისური ფოლკლორის“ იმ  პლასტის გაგრძელებაა, რომელიც  ევროპული მუსიკისა  და ქართული ხალხური მრავალხმიანობის შერწყმაზეა  დაფუძნებული. ამ  სინთეზის სათავე  ქართულ არისტოკრატულ სალონებს უკავშირდება. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ქართველი დიდგვაროვნების სალონური თავყრილობების თანმხლები  იყო მუსიცირება, ევროპული საკრავების აჟღერება, ძალიან პოპულარული გახდა რუსული საყოფაცხოვრებო რომანსის ჟანრი. ამავე საუკუნის 50-იან წლებში,  თბილისში დაარსდა საოპერო თეატრი და მას შემდეგ იტალიური ოპერის ჰანგები ქალაქის ყოფის ნაწილად იქცა. საოპერო არიების გარდა, ქუჩებში მღეროდნენ ნეაპოლიტანურ სიმღერებსაც. სწორედ ამ ელემენტებისა და ქართული ფოლკლორული საფუძვლის შერწყმამ წარმოქმნა  თბილისური ფოლკლორის ევროპული განშტოება. ეს იყო სრულიად ახალი ტიპის, მაჟორულ-მინორულ სისტემაზე დამყარებული ხმოვანება, ორ ან სამხმიანი სიმღერები გიტარის თანხლებით. ამგვარი სიმღერების პოპულარობა გასცდა თბილისს,  გავრცელდა და განვითარდა  დასავლეთ საქართველოს კუთხის, იმერეთის ქალაქებში – ქუთაისსა და ზესტაფონში… ამ ქალაქებში „ქალაქური“ მუსიკა ახალი თავისებურებებით გამდიდრდა და „ქალაქური ფოლკლორის“ ცნებამ განზოგადებული სახე მიიღო. გახდა არა მხოლოდ „ტფილისური კულტურის“, არამედ  საზოგადოდ ქართული მუსიკალური ხელოვნების  მონაპოვარი.

იმის მიუხედავად, რომ მელიტონ ბალანჩივაძე ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც უპირველესი ადგილი ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს ეკავა, მას ხშირად ესმოდა ქალაქური სიმღერები და რომანსებიც გიტარის აკომპანემენტით, ჯერ კიდევ ქუთაისში სწავლის პერიოდში, მოგვიანებით კი თბილისში.  ქალაქური ფოლკლორიდან წამოსულმა ჰანგებმა  ახალი სიცოცხლე ჰპოვა კომპოზიტორის შემოქმედებაში. მ. ბალანჩივაძის პირველივე რომანსებში გამოვლინდა ინდივიდუალური შტრიხები: მელოდიის უშუალო გადმოცემა, სილაღე, რასაც ახლდა სითბო, სიწრფელე. გამოიკვეთა კომპოზიტორის შემოქმედებაში წამყვანი –  სატრფიალო და პატროტული მოტივები. ამ  საწყისებმა შემდგომში ფართო განვითარება ჰპოვა მის ოპერაში „თამარ ცბიერი“,  (იგივე „დარეჯან ცბიერი“).

ბალანჩივაძემ  ქართული ლირიკული რომანსის ახალი ნაკადი შემოიტანა. მის ნაწარმოებებში სატრფიალო თემატიკა ჯანსაღ, ნათელ შეფერილობას იღებს. კომპოზიტორის ერთ-ერთ პირველ რომანსში  „ოდესაც გიცქერ“, რომელიც მე-19 საუკუნის ქართველი რომანტიკოსი პოეტის, გრიგოლ აბაშიძის ტექსტზეა დაწერილი,  ფართოდ გაშლილი მელოდია, გამოკვეთილი რიტმული ხაზი და მეტრული ცვალებადობა, გზნებასა და  სიხალასეს იწვევს, ხოლო საცეკვაო, ვალსისებური რიტმი ელეგანტურობას სძენს მას. სამყაროს პოზიტიურ აღქმას განამტკიცებს ჰარმონიული ფონი, მაჟორული ტონალობის გამყარება.

კომპოზიტორი სატრფიალო ხაზს აღრმავებს რომანსში „შენ გეტრფი მარად“ (გრიგოლ ვოლსკის ლექსის მიხედვით), რომელიც წინა ნაწარმოებისაგან განსხვავდება მასში გატარებული სევდიანი განცდით. ამგვარი განწყობა იქმნება მეორე ნაწილში  რეჩიტატიული ხასიათის მელოდიის მეშვეობით. კაეშანს აძლიერებს ძირითადი მელოდიური მიმოქცევა, რომელიც რეფრენის სახეს იძენს.

რომანსის „ნანა შვილო“  პოეტურ წყაროს ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლექსი წარმოადგენს.   ბალანჩივაძემ ამ ნაწარმოებშიც, უფრო  ლირიკული საწყისი წამოწია წინა პლანზე. ნაწარმოების მუსიკალური საფუძველია ქალაქური სიმღერა „ორთავ თვალის სინათლევ“, რომელსაც კომპოზიტორმა სინაზე და ჰაეროვნება მიანიჭა.

ბალანჩივაძის რომანსებში ვხვდებით ფილოსოფიური ლირიკის მოტივსაც, ასეთია დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე შექმნილი „სულო ბოროტო“.  პატრიოტული ლირიკის ნიმუშია აკაკი წერეთლის ლექსზე დაწერილი რომანსი „აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა“.

ბალანჩივაძის პირველი ორი რომანსი პირველად პეტერბურგში დაიბეჭდა.  „ოდესაც გიცქერ“ 1891 წელს ბესელის ფირმამ გამოსცა, ხოლო „შენ გეტრფი მარად“ – 1916 წელს პ. ვოლკოვის სანოტო ტიპოგრაფიამ.

ბალანჩივაძის რომანსებს დღესაც გზნებითა და გატაცებით ასრულებენ, პირველი ქართული რომანსების სიცოცხლე გრძელდება.

 

მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე