ანდრია
ბალანჩივაძე

ანდრია ბალანჩივაძე

(1906 – 1992)

 

ანდრია ბალანჩივაძე, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1957), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1968), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1947, 1947)…

დაბადების თარიღი – 1 ივნისი, 1906

დაბადების ადგილი – სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია

გარდაცვალების თარიღი – 28 აპრილი 1992

დაკრძალულია, თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში – თბილისი;

 

ბიოგრაფიული მონაცემები

ანდრია ბალანჩივაძე დაიბადა ქართული მუსიკალური ხელოვნების კლასიკოსის, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში. მუსიკის შესწავლა პეტერბურგში დაიწყო. 1918 წელს, ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და სწავლას ქუთაისში, მამის მიერ დაარსებულ მუსიკალურ სასწავლებელში აგრძელებს.

1921 – 1925 წლებში სწავლობდა ტფილისის კონსერვატორიაში. კომპოზიციას ეუფლებოდა მ. იპოლიტოვ–ივანოვის  კლასში, შემდეგ ნ. ჩერეპნინთან და ს. ბარხუდარიანთან, ხოლო საფორტეპიანო ხელოვნებას ი. აისბერგთან. ამავე წლებში მუსიკალურად აფორმებდა ტფილისის სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებს…

1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნ. რიმსკი–კორსაკოვის სახელობის  (სანკტ–პეტერბურგის) კონსერვატორია: კომპოზიციის განხრით პროფესორ ა. ჟიტომირსკის კლასში, ხოლო ფორტეპიანოს სპეციალობით, გამოჩენილი პიანისტის, მარია იუდინას ხელმძღვანელობით;

1931 – 1933 წლებში – კოტე მარჯანიშვილის მიწვევით,  იყო ქართული დრამატული თეატრის კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი;

1941 – 1948 წლებში – საქართველოს სსრ სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

1935 წლიდან – ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის ვ სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (1942 წლიდან – პროფესორი, 1962 წლიდან – კომპოზიციის განყოფილების ხელმძღვანელი). მისი მოსწავლეები იყვნენ, ქართული საკომპოზიტორო სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლები – მ. დავითაშვილი, ა. კვერნაძე, რ. ლაღიძე, შ. მილორავა, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, ო. თევდორაძე, ნ. მამისაშვილი…

 

ოჯახი

მამა – მელიტონ ბალანჩივაძე (1863 – 1937), კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933);

დედა – მარია ფონ ალმენდინგენი (ვასილიევა)

ძმა – აპოლონ ბალანჩივაძე

და – თამარ ბალანჩივაძე – (1902 – 1943) – თეატრის მხატვარი – დაიღუპა 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის, ლენინგრადის ბლოკადის დროს;

ძმა – ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) (1904 –  1983), ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ამერიკული საბალეტო სკოლისა და ნეოკლასიკური ბალეტის ფუძემდებელი – 300–მდე საბალეტო დადგმის ავტორი;

მეუღლე – ნატალია (პანა) ჯიბლაძე – მხატვარი

შვილები:

–  ამირან ბალანჩივაძე (1934 – 1995)

– ცისკარა ბალანჩივაძე – (1939) – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი

 – ჯარჯი ბალანჩივაძე (1941 – 2011) – პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი;

 

ჯილდოები და აღიარება

1941 – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1957 – საქართველოს სახალხო არტისტი

1963 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

1967 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი

1968 – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

1969 – საქართველოს შ. რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

1946 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი –  I სიმფონიისთვის

1947 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი – კონცერტისთვის ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის

1981 – თბილისის საპატიო მოქალაქე

1986 – სოციალისტური შრომის გმირი

1932 – საბოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი

1953 – 1962 და 1968 – 1973 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯომარე

საქართველოს და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

ანდრია ბალანჩივაძე

(1906 – 1992)

 

ანდრია ბალანჩივაძე, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1957), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1968), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1947, 1947)…

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

1935 –„არსენა“ – ოპერა (დაუმთავრებელი)

1940 – „მზია“ – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. პატარაია)

1969 – „ოქროს ქორწილი“ – კომიკური ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ვ. კტახტი, ვ. ვინიკოვი)

1936 – „მზეჭაბუკი“ – ბალეტი 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – გ. ლეონიძე, ვ. ჭაბუკიანი)

1950 – 1960  – „ცხოვრების ფურცლები“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ლავროვსკი)

1961 – „მწირი“ –  ბალეტი 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. ალპატოვი, რ. წულუკიძე)

1977 – „ფანტელა“ –  მუსიკალური სპექტაკლი მოზარდებისთვის (გერმანია, დუსელდორფი) – (ლიბრეტო – ბ. ორტელი)

1987 – „განგა“ – ოპერა-ბალეტი

 

საორკესტრო მუსიკა

1944 – სიმფონია N 1

1959 – სიმფონია N 2

1979 – სიმფონია N 3

1984 – სიმფონია N 4 – „ტყის სიმფონია“

1988 – სიმფონია N 5 – “სიჭაბუკე”

 

1939 – „რიწის ტბა“ – სიმფონიური სურათი

1943 – „კრწანისის ბრძოლა“ – სიმფონიური სურათი

1953 – „თბილისის ზღვაზე“ – ვალსი სიმფონიური ორკესტრისათვის

1954 – „დნეპრი“ – სიმფონიური სურათი

1955 – „ზღვა“ – სიმფონიური სურათი

1957 – მისასალმებელი უვერტიურა

 

1936 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 1

1946 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 2

1952 – კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის N 3 – (მოზარდებისთვის)

1967 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის N 4

1977 – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის N 5

1953 – კონცერტინო ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1976  პოემა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის

1953 – ვალსი სასულე ორკესტრისათვის

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1931 – სექსტეტი სიმებიანი კვარტეტის, ჰობოისა და არფისთვის-

1963 – „საღამო“ – სიმებიანი კვარტეტისთვის

1972 – „12 რომანტიკული პიესა“

1978 – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის

1979 – საფორტეპიანო ტრიო

1980 – „პორტრეტები“ – პიესების ციკლი საფორტეპიანო კვინტეტისთვის

1983 –  საფორტეპიანო კვარტეტი

1987 – სიმებიანი კვარტეტი N 1

 

საფორტეპიანო პიესები

„ელეგია“, „საცეკვაო სუიტა“, „ხორუმი“, „ბალადა“, „ნოქტიურნი“, „სამაია“, „რაფსოდია“, „ფანტაზია“

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

რომანსები, გუნდები a Capella, გუნდები ფორტეპიანოს თანხლებით

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა დრამატული თეატრისთვის – 300-ზე მეტი სპექტაკლის ავტორი.

მათ შორის: „არსენას ამბავი“, „კეისარი და კლეოპატრა“, „ხეები ზეზეურად კვდებიან“, „სირანო დე ბერჟერაკი“…

 

ფილმოგრაფია

1935 –  „არშაულა“ – რეჟისორი –  დავით რონდელი (პირველი ქართული ხმოვანი ფილმი)

1937 –  „დაკარგული სამოთხე“ – რეჟისორი –  დავით რონდელი

1939 –  „სამშობლო“ – რეჟისორი – ნიკოლოზ შენგელაია

1940 – „კოლხეთის ჩირაღდნები“ – რეჟისორი –  დავით რონდელი

1941 –  „შავ მთებში“ – რეჟისორი – ნიკოლოზ შენგელაია

1943 – „გიორგი სააკაძე“ – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი

1943 – უჩინარი იანი – რეჟისორი – ვლადიმერ პეტროვი , ისიდორე ანენსკი

1943 – „ის კიდევ დაბრუნდება“ – რეჟისორი – ნიკოლოზ შენგელაია, დიომიდე ანთაძე

1944 – „მალახოვის ყორღანი“ – რეჟისორი – ალექსანდრე ზარხი , იოსებ ხეიფიცი

1944 – „ჯურღაის ფარი“ – რეჟისორი –  სიკო დოლიძე, დავით რონდელი

1946 – „დავით გურამიშვილი“ – რეჟისორი –  ნიკოლოზ სანიშვილი , იოსებ თუმანიშვილი

1946 – „ფიცი“ – რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი

1952 – „მწვერვალთა დამპყრობნი“ – რეჟისორი –  დავით რონდელი

1954 – „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ – რეჟისორი –  ნიკოლოზ სანიშვილი

1958 – „მამლუქი“ – რეჟისორი –  დავით რონდელი

 

ანიმაცია

1943 – „სამი მეგობარი“ – რეჟისორი –  ვლადიმერ მუჯირი

 

დოკუმენტალისტიკა

1958 – „აფხაზეთი – ულამაზესი მხარე“ – რეჟისორი –  სალვა ჩაგუნავა

 

 

 

ანდრია ბალანჩივაძე

(1906 – 1992)

 

ანდრია ბალანჩივაძე – ეს სახელი ქართული პროფესიული მუსიკის მთელ ეპოქას მოიცავს. მას უკავშირდება ახალი მუსიკალური ჟანრების, ახალი აზროვნების  დასაბამი, როგორც მისი შემოქმედების პირველი მკვლევარი, მუსიკოლოგი ვლადიმერ დონაძე აღნიშნავდა -„ქართული მუსიკალური ევროპეიზმის“ ახალ ხარისხში აყვანა და ამასთანავე კომპოზიტორთა არა ერთი თაობის აღზრდა…

ანდრია ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი დროის გადასახედიდანაც განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევა, რასაც განაპირობებს კომპოზიტორის გენეტიკური ძირები, ხანგრძლივი,  დრამატული მოვლენებით აღსავსე ცხოვრების გზა, ჯერ კიდევ თანამედროვეთა მეხსიერებას შემორჩენილი ამ არაორდინარული პიროვნების  ანდამატური მიმზიდველობა…

ანდრია ბალანჩივაძე –  კომპოზიტორი და  პიროვნება უწინარესად ოჯახურ, მამის, ქართული პროფესიული მუსიკის კლასიკოსის, მელიტონ ბალანჩივაძის გარემოში ყალიბდებოდა. ამ წიაღში აღიზარდნენ მისი ძმაც – ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი – ჯორჯ ბალანჩინი, და დაც – მხატვარი – თამარ ბალანჩივაძე. მომავალ კომპოზიტორს მამისგან  ჩანერგილი ჰქონდა ქართული ხალხური მუსიკის სიყვარული, ამავე დროს სწორედ მამის ცხოვრებისეულმა გზამ დაუკავშირა მისი ბავშვობა პეტერბურგს, სადაც პატარა ანდრია ამ ქალაქის მჩქეფარე მუსიკალური ცხოვრების მონაწილე გახდა.

მუსიკოლოგ გივი ორჯონიკიძის სიტყვებით – “ანდრია ბალანჩივაძე ქართულ  მუსიკაში შემოვიდა როგორც პიროვნება, რომელსაც თავისი ესთეტიკური პოზიცია, ცხოვრების თავისებური გაგება გააჩნდა… ბალანჩივაძე მუსიკაში მოვიდა თავის თანამედროვეობასთან დიალოგის დიდი სურვილით.“

ანდრია ბალანჩივაძე ქართული  მუსიკის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საფორტეპიანო კონცერტის (1934), პირველი ბალეტის (1936), პირველი  ეროვნული კლასიკური სიმფონიის (1944)ავტორი.

ბალანჩივაძის I საფორტეპიანო კონცერტი იყო ეროვნული ინსტრუმენტული კონცერტის პირველი ნიმუში,  აგებული სიმფონიური აზროვნების პრინციპზე. საფორტეპიანო კონცერტის ჟანრს კომპოზიტორმა აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი ნიმუში შესძინა, როგორიც არის III „საყმაწვილო” კონცერტი, ნაწარმოები, რომელმაც გააფართოვა ეროვნული საბავშვო მუსიკალური ლიტერატურის ჰორიზონტები.

ანდრია ბალანჩივაძის საბალეტო ქმნილებით  იწყება ქართული ბალეტის ისტორია. მის ნაწარმოებს „მზეჭაბუკი“, საბოლოოდ „მთების გულის“ სახელწოდებით რომ დამკვიდრდა სცენაზე, უკავშირდება დიდი ქართველი მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ ეროვნული ბალეტის საფუძვლების შექმნა. ისევე როგორც ჭაბუკიანმა, ბალანჩივაძემაც აქ ეროვნული ფოლკლორისა და კლასიკური ელემენტების სინთეზი მოახდინა. ნაწარმოებს  დიდი რეზონანსი ჰქონდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. აქ კიდევ ერთი მომენტი არის საგულისხმო,  მუსიკოლოგ ნანული კილაძის სიტყვებით „ქრონოლოგიურად “მთების გულმა“ წინ გაუსწრო ქართულ  სიმფონიურ პოემას, სიმფონიას, ეს იყო მსხვილი ფორმის პირველი ეროვნული ნაწარმოები, სადაც ძირითადი იდეა, შინაარსი სიმფონიური მუსიკის ხერხებით იყო გახსნილი“. კომპოზიტორმა  ქართულ საბალეტო ხელოვნებას მოგვიანებით განსხვავებული სტილისტიკით და საკომპოზიტორო ხერხებით გამსჭვალული ნიმუში – ბალეტი „მწირი“ (1961) შემატა.

ანდრია ბალანჩივაძის 100 წლის იუბილეზე, ხანგრძლივი დროის შემდეგ, კვლავ აჟღერდა  კომპოზიტორის I სიმფონია და დროის გადასახედიდან  კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი მხატვრული ღირებულება და  სიცოცხლისუნარიანობა. თავის დროზე, ამ ნაწარმოების  პრემიერა დიდ მოვლენად იქცა მთელ საბჭოთა კავშირში. ის იმთავითვე აღიარეს, როგორც ეროვნულ საფუძველზე აგებული კლასიკური სიმფონიის სრულყოფილი ნიმუში, რომელიც ინტერესს იწვევდა მუსიკალური ენით, ფორმით, დრამატურგიული გადაწყვეტით. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, საბჭოთა იდეოლოგებმა  ანდრია ბალანჩივაძეს   სწორედ ამ ნაწარმოების  გამო დაატეხეს თავს ბრალდებები. პირველ სიმფონიას უწოდეს „კოსმოპოლიტური, ბურჟუაზიული ნაწარმოები“. საბოლოოდ, კომპოზიტორი კი გადაურჩა რეპრესიას, მაგრამ მორალურმა წნეხმა დაღი დაასვა მის სულიერ მდგომარეობას. გასაკვირი არ არის, რომ შემდეგი სიმფონია ბალანჩივაძემ 15 წლის შემდეგ შექმნა (1959). ავტორმა მხოლოდ წლების შემდეგ შესძლო აღიარება, რომ მისი პირველი სიმფონია საქართველოსთვის ავბედითი მოვლენით, 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიით იყო ინსპირირებული. II სიმფონია გარკვეული ასპექტით ენათესავება მის წინამორბედს, მაგრამ ყურადღებას იქცევს რიგი სიახლითაც.  თავად კომპოზიტორის აზრით, „თუ პირველ სიმფონიაში ყველაფერი ზედაპირზე დევს, მეორე სიმფონიის ანალიზი  მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს“.

შეიძლება ითქვას, რომ ბალანჩივაძის სიმფონიები კომპოზიტორის შემოქმედებით ეტაპებს წარმოადგენენ. მე-3 სიმფონიაში  (1979) უკვე განსხვავებული ხედვა ვლინდება, სამყაროს ნეგატიური სურათი მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა – შოსტაკოვიჩის, ონეგერის „უსულო მანქანის“ ასოციაციას იწვევს.  IV – „ტყის სიმფონია’“ კომპოზიტორის ერთ-ერთი მუდმივი გატაცების, სიცოცხლის პასტორალურ-პანთეისტური აღქმის გამოვლენაა, იმ ხაზის დაგვირგვინება, რომელსაც მიეკუთვნება სიმფონიური სურათები – „რიწის ტბა“ (1939), „ზღვა“ (1955), IV საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო პიესების ციკლი „ყვავილები“,  ცალკეული ფრაგმენტები I, II, III სიმფონიებიდან.   კომპოზიტორის უკანასკნელი V სიმფონია „სიჭაბუკე“ (1988) კი დღემდე ელის შემსრულებელს.

დღევანდელი გადასახედიდან ანდრია ბალანჩივაძის დასახასიათებლად უპრიანია კომპოზიტორ სულხან ნასიძის სიტყვები: „ანდრია ბალანჩივაძემ თავისი შემოქმედებით ქართულ მუსიკაში პროფესიული ოსტატობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მაღალი ერუდიციისა და კულტურის მუსიკოსმა აქტიური და გადამწყვეტი როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში“.

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე

შემოქმედება