ვაჟა
აზარაშვილი
ვაჟა აზარაშვილი
(1936)
ვაჟა აზარაშვილი – ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე.
დაბადების თარიღი – 13 ივლისი, 1936
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
ბიოგრაფიული მონაცემები
ვაჟა აზარაშვილი ხალხური მუსიკის მოყვარულთა ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფესორ ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ იონა ტუსკიას კომპოზიციის კლასი) მიიღო.
1964 – დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით;
ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა:
1961 წლიდან – II და III მუსიკალურ სასწავლებლებში (მუსიკალურ–თეორიული დისციპლინები) პედაგოგი;
1974 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ორკესტრობის დისციპლინა);
1988 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.
1998 – 2007 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარე;
ჯილდოები და აღიარება
1974 – საქართველოს სსრ–ის კომკავშირის პრემია
1979 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1982 – საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია
1988 – საქართველოს სახალხო არტისტი
1998 – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
1998 – ღირსების ორდენი
1999 – თბილისის საპატიო მოქალაქე
2003 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
2004 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
ვაჟა აზარაშვილი
(1936)
ვაჟა აზარაშვილი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე.
რჩეული ნაწარმოებები
მუსიკა თეატრისთვის
1980 – „ხევისბერი“ – ბალეტი 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – ბ. მონავარდისაშვილი)
1969 – „მეცხრე ტალღა“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. გოგიაშვილი)
1973 – „შვიდნი ძმანი გურჯანელნი“ – მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. თარხნიშვილი)
1975 – „ბიჭუნა“ – მუსიკალური კომედია 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. ფოცხიშვილი)
1980 – „ცეკვის მასწავლებელი“ – ოპერეტა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ლ. ჭუბაბრია)
1982 – „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – ოპერეტა 2 მოქმედებად – (ლიბრეტო – მ. თარხნიშვილი)
1982 – „მეჩექმე გაბო“ – მუსიკალური კომედია
საორკესტრო მუსიკა
1966 – სიმფონია
1967 – საზეიმო უვერტიურა
1986 – კამერული სიმფონია
1987 – სიმფონია N3
პიესები ორკესტრისათვის
1964 – 2 პიესა კამერული ორკესტრისათვის – „არია“, „იუმორესკა“
1987 – „ნოქტიურნი“ სიმფონიური ორკესტრისათვის
1987 – „ნოქტიურნი“ კამერული ორკესტრისათვის
1987 – „ნოქტიურნი“ სხვადასხვა ინსტრუმენტული შემადგენლობისათვის
1989 – „ელეგია“
1992 – „ნოსტალგია“
1996 – „ვალსი და კანკანი“
1963 – კონცერტინო ხის ჩასაბერი საკრავების კვარტეტის, დასარტყამი და სიმებიანი ორკესტრისათვის
1967 – 1972 – 2001 – კონცერტი N 1, N 2, N 3 ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1968 – კონცერტი ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის
1969 – კონცერტი ვიოლონჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის
1973 – კონცერტი ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1978 – კონცერტი საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1996 – „რეტრო“ – ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1996 – „მოგონება“ – მიძღვნა ს. რახმანინოვს – ვიოლინოსა და ორკესტრისათვის
2001 – „სენტიმენტალური ტანგო“ – ვიოლინოსა და ორკესტრისათვის
2005 – კონცერტი დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის
2003 – „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე“ – ვიოლონჩელოების ანსამბლისათვის
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა
1961 – „ცხოვრების ფურცლები“ – ვოკალურ-სიმფონიური პოემა
1970 – „ბალადა შინმოუსვლელ გმირზე“ – სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1995 – „პოეტის აღსარება“ – ვოკალური ციკლი – ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
1976 – ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის
1980 – „თეატრალური ნიღბები“ – ტენორისა და ფორტეპიანოსათვის
1995 – „პოეტის აღსარება“ – ვოკალური ციკლი – ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის
2001 – „აღმოსავლური სტროფები“ – ხმის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
2001 – ვოკალური ციკლი მაღალი ხმის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოს და ფორტეპიანოსათვის
2007 – „შენ რომ არ მყავდე“ – ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის
2014 – ვოკალური ციკლი ტენორის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა
1980 – „ძველი თბილისის სურათები“ – პიესები სიმებიანი კვარტეტისთვის
1996 – „რეტრო“ – ორი ფორტეპიანოსათვის
1999 – 2002 – სიმებიანი კვარტეტი N1 (ახალი რედაქცია), N2
1959 – საფორტეპიანო ტრიო
1978 – კვინტეტი სასულე საკრავებისათვის
2007 – საფორტეპიანო კვინტეტი
1961 – 2007 – 2012 – სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის N 1, N 2, N 3
1999 – 1976 – სონატები ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის N 1 (ახალი რედაქცია), N 2
1975 – სონატა ორი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
1976 – სონატა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის
1979 – სონატინა ფორტეპიანოსთვის
1979 – სონატა ორი ალტისთვის
1994 – დუეტი ორი ვიოლინოსათვის
1995 – სონატა სოლო ვიოლინოსათვის
2005 – სონატა სოლო ვიოლონჩელოსთვის
2006 – 5 პრელუდი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
2006 – 5 პრელუდი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
2007 – სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის
ასევე: პიესები სოლო ფორტეპიანოსა და საფორტეპიანო დუეტებისათვის, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის, ვოკალური ნაწარმოებები, გუნდები, რომანსები….
საესტრადო სიმღერები – 300 -ზე მეტი სიმღერის ავტორი, მათ შორის:
“მუსიკა”, “დღეები მიდიან”, “პატარა გოგო”, “მზე ჩემი მეგობარია”, “ისევ წვიმს”, “სიმღერაა მთელი ჩემი ქონება”, “დინამო, დინამო”…
კინოსა და თეატრის მუსიკა
40-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:
„ბერიკონი“, „ჩემი ეიფელის კოშკი“, „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, „დაკარგული დრო“, „ციხესიმაგრის საიდუმლო“, „ორი ბატონის მსახური“, „ცანგალა“, „სიყვარული სამი ფორთოხლისადმი“…
ფილმოფრაფია
1973 – „მზე შემოდგომისა“ – რეჟისორი თ. ფალავანდიშვილი
1985 – „ხანუმა“ – რეჟისორი ა. წუწუნავა – უხმო ფილმი (1926), აღდგენილი
1987 – „ტარიელ მკლავაძის საქმე“ – რეჟისორი ი. პერესტიანი – უხმო ფილმი (1935), აღდგენილი
1987 – გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს! – რეჟისორი ა. ჟღენტი
ვაჟა აზარაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.
ვაჟა აზარაშვილი
(1936)
ვაჟა აზარაშვილმა დიდი ხანია მოიპოვა „სახალხო კომპოზიტორის“ ტიტული, რაც უწინარესად მისმა სასიმღერო შემოქმედებამ განაპირობა. მისი ჟანრულად მრავალფეროვანი შემოქმედების მიმზიდველობაც მღე რადი, უშუალო ინტონაციური საწყისიდან არის ამოზრდილი.
ვაჟა აზარაშვილის საკომპოზიტორო სტილის ფორმირება დაემთხვა გასული საუკუნის 60-იან წლებს – იმ პერიოდს, როდესაც ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდებოდა. ქართველი კომპოზიტორების ნაწილმა მძლავრად აიტაცა მაშინ მათთვის „ახლად აღმოჩენილი“ მე-20 საუკუნის უახლესი ტენდენციებისა და მიმართულებების მონაპოვარი, მხატვრული იდეები, ტექნოლოგიური ხერხები. ვაჟა აზარაშვილმა გაითავისა როგორც უფროსი თაობის ტრადიციული საკომპოზიტორო პრინციპები, აგრეთვე „პროგრესული ფრთის“ მიღწევები. ასე ჩამოყალიბდა მისი შემოქმედებითი ხელწერა, დაფუძნებული ეროვნულ ნიადაგზე, აღჭურვილი თანამედროვე გამომსახველობითი საშუალებებით.
ვაჟა აზარაშვილმა ქართულ პროფესიულ მუსიკას არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოები შესძინა და ძირითადად, ინსტრუმენტულ, კამერულ-ინსტრუმენტულ, ვოკალურ სფეროებს მოიცავს. ვაჟა აზარაშვილის სახელს უკავშირდება ქართული ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრის აღმავლობა. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა საკრავებისთვის შექმნილი კონცერტები: ვიოლინოს (3), ვიოლონჩელოს, ალტის, ფორტეპიანოს და საყვირისათვის. ამ ნაწარმოებების მხატვრული ღირებულება თითოეული ინსტრუმენტის სპეციფიკის გათავისებამ, მათ თავისებურებებში წვდომამ, მათი ეროვნული შეფერილობით გამსჭვალვამ, თანამედროვე კონტექსტში გააზრებამ განსაზღვრა.
კომპოზიტორის პირველი საყოველთაო წარმატება უკავშირდება კონცერტს ჩელოსათვის (1969), რომელმაც ყურადღება მიიპყრო ტემბრული პალიტრის ფერადოვნებით, სახიერი კილო-ჰარმონიული ენით, საინტერესო დრამატურგიული ხედვით. ეს თვისებები მისი შემოქმედებითი გზის თანამდევი ხდება. ჩელოს კონცერტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ის დღესაც იზიდავს შემსრულებელსა და მსმენელს.
თანამედროვე საკომპოზიტორო პროცესებით იყო ინსპირირებული ალტის კონცერტი (1973), რომელიც ორიგინალური ჩანაფიქრითა და გამომსახველი საშუალებებით გამოირჩევა. ავტორი აფართოებს სტილისტურ ფარგლებს, ნაწარმოებში კლასიკური მუსიკისა და ჯაზის სინთეზირებას ახდენს. განსხვავებულია ორკესტრის შემადგენლობაც: სიმებიან ჯგუფთან ერთად წარმოდგენილია ფლეიტა, კლარნეტი, ჩემბალო, ვიბრაფონი, დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფი, მათ შორის, ჯაზური დანადგარი. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები წმინდა ჯაზურ ეპიზოდს მოიცავს, თავისი რიტმულ-ჰარმონიული ჟღერადობით. გარდა ამისა, კომპოზიტორი სწორედ ჯაზის სტილისტიკის შთაგონებით მიმართავს იმპროვიზაციულობის ხერხებს, რაც მის შემდგომ ნაწარმოებებშიც, მუსიკალური იდეების გამოსახვის საშუალება ხდება.
ვაჟა აზარაშვილს მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული კამერული მუსიკის წინაშე. მის პირველ საინტერესო განაცხადს წარმოადგენდა საფორტეპიანო ტრიო (1959), რომლის შესახებაც, თავის დროზე დიმიტრი შოსტაკოვიჩს უთქვამს: „ამ ახალგაზრდაში მე ვიგრძენი ნამდვილი მუსიკოსი… მისი ტრიო გემოვნებით, ტაქტით, თავისებური კოლორიტით დაწერილი ნაწარმოებია“. საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა სიმებიანმა კვარტეტმა, საკვარტეტო პიესებმა „ძველი თბილისის სურათები“.
კომპოზიტორმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ინსტრუმენტული სონატის ჟანრს, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის აქვს დაწერილი. ის ავტორია 3 სონატის ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 2 სონატის ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, საფორტეპიანო სონატის, სონატის ორი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის, ორი სოლო ალტისათვის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის და სხვ. სხვადასხვა დროს დაწერილ, შინაარსითა და გამომსახველი საშუალებებით განსხვავებულ ამ ნაწარმოებებს აერთიანებთ რამდენიმე თვისება – ეროვნული ნიადაგიდან ამოზრდილი მუსიკალური მასალა, გონებამახვილური ჩანაფიქრის ლოგიკურ ყალიბში მოქცევა და საკრავის შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა.
ვაჟა აზარაშვილი, გასული საუკუნის 70-90-იან წლებში აქტიურად იღვწოდა მუსიკალური თეატრის სფეროში. მის კალამს შვიდი ოპერეტა (მათ შორის, „მეცხრე ტალღა“, „‘შვიდნი ძმანი გურჯანელნი“, მიუზიკლი „მეჩექმე გაბო“) ეკუთვნის. იმ პერიოდში ვ. აბაშიძის სახ. თბილისის მუსკომედიის თეატრის განვითარება, პოპულარობა მის სახელსაც უკავშირდება. მაყურებელს იზიდავდა მისი ნაწარმოებების ცოცხალი, მრავლისმეტყველი, ხშირად იუმორით აღსავსე სახეები.
ვაჟა აზარაშვილი, ავტორია ბალეტისა „ხევისბერი გოჩა“ (ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით, ბაქარ მონავარდისაშვილის ლიბრეტო). გმირულ-რომანტიკული ჟანრის ნაწარმოები ქართული საბალეტო მუსიკის ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს. იგი აღსავსეა რიგი სიახლით, საინტერესო მიგნებებით. კომპოზიტორის ოსტატობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ეროვნულ საცეკვაო ელემენტებზე აღმოცენებული საბალეტო მუსიკალური ენა. აქაც სახიერი ეპიზოდებია შექმნილი ფერადოვანი ტემბრული პალიტრით, ეფექტურად არის ჩართული საგუნდო ხმოვანება.
ქართულ კამერულ-ვოკალურ მუსიკას ვაჟა აზარაშვილმა შთამბეჭდავი ციკლები შესძინა, სადაც ქართული პოეზიის ფაქიზი და ღრმა შეგრძნება მჟღავნდება. ფილოსოფიური ჭვრეტით ხასიათდება ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის შოთა ნიშნიანიძის ტექსტზე, ხოლო იოსებ გრიშაშვილის ლექსების მიხედვით დაწერილ ციკლში „თეატრალური ნიღბები“ ტენორისა და ფორტეპიანოსათვის, თბილისური ყოფის სახიერი, თეატრალური ასახვაა მიღწეული.
კომპოზიტორის შემოქმედების ახალ ფაზაში შესვლის მაუწყებელი გახლდათ სონატა ვიოლონჩელოსთვის (2005) და საფორტეპიანო კვინტეტი (2007), ამ ნაწარმოებებმა წარმოაჩინა კომპოზიტორის აზროვნების, ხელწერის გარდასახვა დროის შესაბამისად. თავი იჩინა ავტორის სულ უფრო მეტმა სწრაფვამ თვითჩაღრმავებისკენ, ფორმის ძიებამ, განახლებულმა ჰარმონიულმა ენამ და ფაქტურის გააზრებამ. ეს ორი ნაწარმოები ქართული პროფესიული მუსიკის მონაპოვრადაა მიჩნეული.
აზარაშვილისეული რომანსები და სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისათვის განსაკუთრებული ხიბლით არის აღსავსე. ასეთივე ხიბლი ახლავს საორკესტრო პიესებს: „ნოქტიურნი“, „ელეგია“, „ნოსტალგია“ და სხვ. მათი საკონცერტო სცენაზე ინტენსიური აჟღერება ზრდის არა მხოლოდ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის, არამედ ზოგადად ქართული პროფესიული მუსიკის პოპულარობას.
მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე