დიმიტრი
არაყიშვილი

დიმიტრი არაყიშვილი

(1873 – 1953)

 

დიმიტრი არაყიშვილი – ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე–ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1929). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). სსრკ–ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).
დაბადების თარიღი –23 თებერვალი, 1873
დაბადების ადგილი – ვლადიკავკაზი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი – 13 აგვისტო, 1953
დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

ბიოგრაფიული მონაცემები

სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში – არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული არაყიშვილს გაუღვიძა ლ. აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად 1890 წელს მოუსმინა არმავირში.
1894 – 1918 – სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა სამი სპეციალობით – კომპოზიცია (ა. ილინსკის კლასი), თეორიული საგნები (ს. კრუგლიკოვის კლასი) და დირიჟორობა (ვ. კესის კლასი);
1901 – 1902 – 1904 – 1908 – მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული სამუსიკო–ეთნოგრაფიის კომისიის დავალებით. მოაწყო ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და მოაგროვა 500–ზე მეტი ხალხური სიმღერა, რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა;
1906 – მოსკოვში დაარსა „სახალხო კონსერვატორია“;
1908 – მოსკოვში ღარიბი ბავშვებისთვის დაარსა უფასო სასწავლო კურსები;
1918 – დაამთავრა მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტი;
1918 – საქართველოში დაბრუნება;
1921 – მისი ინიციტივით დაარსდა მეორე კონსერვატორია;
1921 – არაყიშვილის ინიციატივით თბილისის მეორე კონსერვატორიაში იხსნება საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტის განყოფილება და საოპერო სტუდია;
1923 – გაერთიანებული კონსერვატორიის პირველი რექტორი;

 

ჯილდოები და აღიარება

1929 – საქართველოს სახალხო არტისტი
1944 – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
1950 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
1950 – სსრკ–ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (მუსიკა ფილმისთვის „ჯურღაის ფარი“ – რეჟისორები ს. დოლიძე, დ. რონდელი)
მოსკოვის “მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოების” წევრი, (ხელმძღვანელი ა. სუმბათაშვილ–იუჟინი);

 

დიმიტრი არაყიშვილი

(1873 – 1953)

 

დიმიტრი არაყიშვილი  – ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1929). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისთვის

 

1904, 1914 – 1919  –„თქმულება შოთა რუსთაველზე“  – ოპერა 3 მოქმედებად – (ლიბრეტო – ა. ხახანაშვილი, ს. შანშიაშვილი, ი. მჭედლიშვილი)

1921 – 1926  – „დინარა“ –  (მეორე სახელწოდება – „სიცოცხლე სიხარულია“) – კომიკური ოპერა – (ლიბრეტო – ვ. გუნია)

1926  – ოპერა „ნესტანი“ – (დაუმთავრებელი)

 

საორკესტრო მუსიკა

1911 – „ჰიმნი ორმუზდს” – (მეორე სახელწოდება “საზანდრებს შორის”) სიმფონიური სურათი

1919 – „ახალი ლიტურგია“ – სიმფონიური სურათი

1933 – „ახალი აღმოსავლეთის ჰიმნი“ – სიმფონიური სურათი

1937 – „შოთა რუსთაველი. სცენები ოპერიდან „ნესტანი““  – საორკესტრო სუიტა

 

სამი სიმფონია:

1934 – სიმფონია N1 (a moll) – შექმნის თარიღის მიხედვით, პირველი ქართული სიმფონია (5 ნაწილად)

1942 – სიმფონია N2 (h moll) – დიდი სიმფონიური ორკესტრისა და გუნდისთვის (4 ნაწილად)

1951 – სიმფონია N3  – „სამშობლო და გამარჯვება“ – დიდი სიმფონიური ორკესტრისა და გუნდისთვის (4 ნაწილად)

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა

1941 – „საქართველოს გასაბჭოების 20 წლისთავისადმი“  – კანტატა

1945 – „პუშკინისადმი“  – კანტატა

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1901 – პრელუდია და ფუგა სიმებიანი კვარტეტისთვის

1948 – „Andante“ სიმებიანი კვარტეტისთვის

1904 – „ელეგია“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

1913 – „უსიტყვო სიმღერა“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

1901 – „ელეგია“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

1937 – საფორტეპიანო პიესები – „დავლური“, „სათამაშო“, 7 კავკასიური ცეკვა

 

რომანსები

„ივერიის მთებზე“, „ბახჩისარაის შადრევანი“, „ნუ მღერი, ლამაზო“, „წყარო და ყვავილები“, „საყურე“, „შეხვედრა“, ჩონგური“, „აღსდექ, შეინავარდე“, „ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი“, „ვარსკვლავიანსა ღამეს“, „მე შენ გელი“, „ღამეა ბნელი“, „შემოღამდება“, „ურმული“, „ჩემს ვარსკვლას“, „სული ობოლი“, „მინდოდა ცრემლი დამეპატიმრა“, „ჰიმნი პოეზია“ …

 

სიმღერები

ხალხური სიმღერები ხმისა და ფორტეპიანოსათვის – (გადამუშავებული დ. არაყიშვილის მიერ). მათ შორის: „ოროველა“, „მზე შინა, და მზე გარეთა“, „ნანა“, „ქალო ლამაზო“, „მეგრული არანანუ“…

 

მუსიკა კინოსთვის

1924 – „ქარიშხლის წინ“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი

1944 – „ჯურღაის ფარი“ – რეჟისორი სიმონ (სიკო) დოლიძე, დავით რონდელი

 

 ავტორი წიგნის „ქართული მუსიკა“ – 1925 წ.

დიმიტრი არაყიშვილი

(1873 – 1953)

 

დიმიტრი არაყიშვილი ახალი ქართული პროფესიული მუსიკის კლასიკოსია. მელიტონ ბალანჩივაძესთან, ზაქარია ფალიაშვილთან, ვიქტორ დოლიძესთან, ნიკო სულხანიშვილთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა პროფესიული მუსიკის რიგ  ჟანრებს, შექმნა ამ ჟანრთა ერთ-ერთი პირველი ნიმუშები.

არანაკლებ ფასეულია არაყიშვილის საზოგადო და სამეცნიერო მოღვაწეობა. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორმა ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს გარეთ გაატარა, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქართული ეროვნული მუსიკის სამსახური, რაც უწინარესად ქართული ფოლკლორული ნიმუშების მოპოვებაში, მათ გაშიფვრასა და შესწავლაში გამოიხატებოდა.  ამით მან საფუძველი დაუდო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორისტიკას. აღსანიშნავია, რომ  პირველად, სწორედ არაყიშვილმა წამოჭრა  ქართული ხალხური მუსიკის უნიკალურობის საკითხი.

დიმიტრი არაყიშვილის შემოქმედების ერთ-ერთი სათავე ქალაქური, ე.წ. „ტფილისური ფოლკლორია“. ეს ფენომენი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სხვადასხვა ეროვნების და მათი ხელოვნების დამკვიდრებამ წარმოქმნა. ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებლები გაიტაცა „ტფილისური ფოლკლორის“ იმ  განშტოებამ, რომელიც აღმოსავლურ კულტურასთან  ასიმილირებას უკავშირდება. მათი ყურადღება  განსაკუთრებით მიიპყრო იმ  დროისათვის პოპულარულმა აშუღურმა ხელოვნებამ. თბილისის ყოფაცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სპარსული, თურქული, სომხური  კულტურის პირმშომ – აშუღთა სასიმღერო შემოქმედებამ და ამ ჟანრის სახალხო მომღერალმა-შემსრულებლებმა – აშუღებმა. ფართოდ გავრცელდა აშუღური მუსიკისთვის  დამახასიათებელი ცალფა, სოლო სიმღერა აღმოსავლური საკრავების: საზისა და თარის თანხლებით, ასევე, ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრები – ბაიათი, მუხამბაზი. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომღერლებიც კი ხშირად  ქართულ სიმღერებს ასრულებდნენ აშუღურ მანერაზე და სწორედ ამ მოვლენამ ჩამოაყალიბა „ტფილისური ფოლკლორის“ ეს განშტოება. ეს   გავლენა აღიბეჭდა  დიმიტრი არაყიშვილის  მუსიკალურ ენაზეც,  რომელიც  „ტფილისური ფოლკლორისათვის“ დამახასიათებელ მელოდიურ, კილო-ჰარმონიულ, საკადანსო მიმოქცევაზეა აგებული.

არაყიშვილის მუსიკალური მემკვიდრეობა  ჟანრულად მრავალფეროვანია. იგი  ავტორია ერთ-ერთი პირველი ქართული ოპერის – „თქმულება შოთა რუსთაველზე“, პირველი ქართული სიმფონიური ნაწარმოებების  –  სიმფონიური სურათი „ჰიმნი ორმუზდს“, იგივე „საზანდრებს შორის“, სიმფონია  N 1 (სულ 3 სიმფონია), საორკესტრო სუიტის „ნესტანი“, ამავე სახელწოდების ოპერის საორკესტრო ვერსია. და მაინც, კომპოზიტორის   შემოქმედების ცენტრალურ სფეროს რომანსი წარმოადგენდა. ამ ჟანრს მიეკუთვნება მისი პირველი საკომპოზიტორო ცდები. რაც მთავარია, როგორც მუსიკოლოგი ლადო დონაძე აღნიშნავს, არაყიშვილი „რომანსულად მოაზროვნე კომპოზიტორია“. „რომანსული“ საწყისი მსჭვალავს მთელ მის შემოქმედებას, ყველა ჟანრს. დღევანდელი გადასახედიდან კი, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ არაყიშვილმა ქართულ მუსიკაში სათავე დაუდო „რომანსულ“ აზროვნებას,  რაც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმმართველი ფაქტორი გახდა ახალი ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების ხანგრძლივი პროცესის მანძილზე.

დიმიტრი არაყიშვილი 80-მდე რომანსის ავტორია. იგი ამ ჟანრის ნაწარმოებებს წერდა მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე. კომპოზიტორის ადრინდელ რომანსებშივე გამოვლინდა მისი სტილისტური ნიშნები: სისადავე, ბუნებრიობა, რელიეფურობა, მღერადობა, კანტილენურობა, გამჭვირვალე  ჰარმონიული ენა.

არაყიშვილი რომანსების ტექსტებისათვის მიმართავდა სხვადასხვა დროის, ეპოქის, ეროვნების ავტორებს. მას 30-ზე მეტი პოეტის ლექსის მიხედვით აქვს შექმნილი ამ ჟანრის ნაწარმოები.  მისი რომანსები შთაგონებულია ქართველი პოეტების: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, გიორგი, ქუჩიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, სანდრო შანშიაშვილის, სპარსი პოეტის – ჰაფიზის, რუსი პოეტების: ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, აფანასი ფეტის, ოსური ლიტერატურის კლასიკოსის კოსტა ხეთაგუროვის ლექსებით. რაც შეეხება კომპოზიტორის მიდგომას პოეტური სიტყვისადმი,  მისთვის ამოსავალია ლექსის იდეა, განწყობა, რომლის საფუძველზეც კომპოზიტორი მისეულ მუსიკალურ ჩანახატს ქმნის. ამგვარად,  პოეზიისადმი მისი დამოკიდებულება განზოგადების პრინციპს  ემყარება.

დიმიტრი არაყიშვილი პირველივე  რომანსებიდან   წარმოჩნდა, როგორც კომპოზიტორი-ლირიკოსი, რომლის სტიქიაც იყო სევდა, კაეშანი, ბუნების წიაღისადმი ლტოლვა, სასიყვარულო განცდები… ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისთვის ყველაზე მახლობელ და ტიპურ ჟანრად რომანსი-ელეგია იქცა.  წამყვანი როლი  მის რომანსებში   სატრფიალო მოტივმა დაიკავა, რაც თავის მხრივ ფართო  სპექტრით არის წარმოდგენილი: ფაქიზი, ჭვრეტითი საწყისი დომინირებს რომანსებში „აღზევდი, არხიე ფრთები“, მღელვარე, მგზნებარე განცდა, რომანსში „მე შენ გელი“ (მ. დავიდოვას ტექსტზე), პასტორალურ-პანთეისტური საწყისი რომანსებში  „ივერიის მთებზე“, „ვარსკვლავიანსა ღამეს“ (ა. ფეტის ტექსტზე),  სევდანარევი მოლოდინი რომანსში „ვარდ-ყვავილოვან სამეფოს მოდი“ (ჰაფიზის ტექსტზე).  სასიყვარულო განცდები და ღამეული ბუნების სურათები ერწყმის ერთმანეთს დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის ლექსით შთაგონებულ რომანსში „ივერიის მთებზე“.

ზემოთ აღნიშნული „ტფილისური ფოლკლორისათვის“ დამახასიათებელი აღმოსავლური, მუხამბაზური შეფერილობა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა არაყიშვილის იმ რომანსებში, რომელიც  მე-14 საუკუნის სპარსი პოეტის ჰაფიზის ლექსებზეა დაწერილი: „აღსდექ, შეინავარდე..“, „სიოვ, ნაზო“, „ვარდ-ყვავილოვან სამეფოს მოდი“. ამ რომანსებში დომინირებს აღმოსავლური ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ნიუანსები: უხვი  მელიზმატიკა,  ჰარმონიული მინორის ტონალობა,  ინტერვალი – გადიდებული სეკუნდა.

საზოგადოდ, არაყიშვილის რომანსებში „ტფილისური ფოლკლორისათვის“ დამახასიათებელი ორიენტალიზმი, ორგანულად  იჩენს თავს როგორც ჰარმონიულ ჟღერადობაში, ასევე  მელოდიურ, კილო-ჰარმონიულ, საკადანსო მიმოქცევაში.  ნაწარმოებების ფაქტურა ჰომოფონიურია. უმრავლესობა რომანსებისა  ორ და სამნაწილიან ფორმითაა დაწერილი, ნაკლებად  ახასიათებს ნაწილებს შორის კონტრასტულობა. ზოგჯერ, შუა ნაწილს კიდურა ნაწილებისგან მხოლოდ ტონალობა განასხვავებს.

აღსანიშნავია, რომ არაყიშვილის რომანსებში საფორტეპიანო პარტია მხოლოდ აკომპანემენტის ფუნქციით არ შემოიფარგლება. მაგალითად, რომანსში „სიოვ ნაზო“ ფორტეპიანო გადმოსცემს საერთო ატმოსფეროს, ბუნების სურათს, ქარის ქროლვას. რომანსში „ო, ტურფავ, შენ ჩემთან ნუ მღერ“ (ა. პუშკინის ტექსტზე) ინტროდუქციაში ფორტეპიანოს პარტიაში გატარებული მელოდია გამოხატავს გმირის ნაღვლიან განწყობას. შუა ნაწილში კვლავ ფორტეპიანო გადმოსცემს გრძნობათა აბობოქრებას.

არაყიშვილის მოქალაქეობრივი მრწამსი, მისი მუსიკალური მემკვიდრეობიდან, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაფიოდ რომანსებში გამოვლინდა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი პირველი რომანსი არის „ტყემ მოისხა ფოთოლი“, შექმნილი ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხულის“ მიხედვით, სადაც პატრიოტული სულისკვეთებაა გადმოცემული.

მოგვიანებით, უკვე საქართველოში მყოფმა კომპოზიტორმა მშობლიური ქვეყნის ხვედრით გამოწვეული ძლიერი განცდები კვლავ რომანსებში გამოხატა. მისი თანამოაზრე აღმოჩნდა კომპოზიტორის თანამედროვე პოეტი გიორგი ქუჩიშვილი.  ქუჩიშვილის ტექსტებზე შეიქმნა რომანსები: „ღამეა ბნელი“,  „შემოღამება“, „ურმული“. ამ ნაწარმოებებს თემატიკის გარდა აერთიანებს მღერადი რეჩიტატიულ-დეკლამაციური მელოდია, ასევე რიტმულ-ჰარმონიული წყობა.  აღნიშნული ქმნილებები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქართული რომანსებია, ისევე, როგორც „ვარსკვლავიანსა ღამეს“, „მე შენ გელი“, ივერიის მთებზე“, „ვარდ-ყვავილოვან სამეფოს მოდი“…

დიმიტრი არაყიშვილის რომანსებზე, ამ ჟანრის  კლასიკურ ნიმუშებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა, და დღემდე რჩება ვოკალურ საშემსრულებლო ხელოვნების სარეპერტუარო ქმნილებებად.

 

მუსიკოლოგი
თამარ წულუკიძე

 

შემოქმედება

ფასდაკლება!